Connect
To Top
https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Fvenue.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C%20vivus%2C%20online%2C%20sesxi%2C%20sesxebi%2C%20swrafi%2C%20express&utm_content=venue.ge%20banner%20march&utm_campaign=venue.ge%20banner%20march

„ბავშვობიდან რაღაცას ვწერდი, მაშინაც კი, როცა წერა არ ვიცოდი“ – გიორგი არაბული

  • როგორ დაიწყო შენი შემოქმედებითი ცხოვრება…

გავიზარდე ხევსურეთში, ყოველთვის ვამბობ, რომ იქაური გარემო, ზეპირსიტყვიერების დიდი საბადო, სადაც მე გავიზარდე, ყოველთვის მოქმედებდა ჩემზე. არ ვიცი, წერისკენ რამდენად მიბიძგებდა, მაგრამ პოეზია მან შემაყვარა. შემდეგ, მქონდა მცდელობა, დამეწერა ლექსი. ჯერ ერთი, მეორე და ყოველი ახალი ლექსი იყო მცდელობა, უკეთესის დაწერისა. როდის დაიწყო?! – არ მახსოვს… ლექსებისა და ჩანახატების წერას მოჰყვა კარგისა და ცუდის გარჩევა.

  • გაიხსენე შენი პირველი ლექსი…

პირველი ლექსი არ ვიცი, რომელი იყო. თარიღის მიხედვით რომ გავყვეთ, არსებობს ლექსი – „ბედშავი ჯიხვი“ – რომელიც არხოტში დავწერე. ეს ლექსი გამოირჩეოდა სხვა ლექსებისგან: ფორმით, რითმით, სათქმელით. ბავშვობიდან რაღაცას ვწერდი, მაშინაც კი, როცა წერა არ ვიცოდი. ჩემი გამოგონილი ენა მქონდა, რომელზეც ვჯღაბნიდი და მეგონა, ვწერდი. არც ერთი ლექსისთვის არ დამირქმევია პირველი, შეიძლება 4 წლის მერე დავწერო და ის იყოს პირველი, ეს იმაზეა დამოკიდებული, ვინ რას ეძახის ლექსს.

  • გაიხსენე პირველი შემოქმედებითი საღამო „წიგნის სახლში“, რა განცდა იყო ეს…

რატი ამაღლობელი წიგნის სახლში შეხვედრებს მართავდა. ჩათვალა, ერთ-ერთი შეხვედრა ჩემთან უნდა გამართულიყო. თავიდან ვიყოყმანე, ვფიქრობდი, რომ მზად არ ვიყავი მკითხველის წინაშე გამოსასვლელად. რატიმ მითხრა, რომ მე ვიქნებოდი მისი სტუმარი. პირველი საღამო იყო და, მეგონა, მხოლოდ მეგობრები იქნებოდნენ, იმდენ უცხო ადამიანს არ ველოდი. მივხვდი, რას ნიშნავს, როდსაც რამეს წერ და ეს შენთვის უცხო ადამიანებს მოსწონთ. ეს იყო პირველი შიშიც და იმედიც.

  • ყველაზე პოპულარული ლექსია „ზეცას შახენეო, აპარეკავ“ – მისი დაწერის მოტივი.

ეს დაიწერა ხევსურეთში და მასზეც შეიძლება ითქვას, რომ ჩემი პირველი ლექსია. არ ვიცი მოტივი… ლექსს გამიზნულად ვერ დაწერ. რაღაც განწყობა გაწერინებს. „აპარეკა“ რა განწყობამ დამაწერინა – ვერ გეტყვი, არასდროს ჩამითვლია, რომ ეს ლექსი იყო გამორჩეული. ამ ლექსს იმიტომ გაუმართლა, რომ ალუდამ იმღერა. თან, ეს ლექსი დაწერილია ხევსურულ დიალექტზე, თანამედროვე ლექსის ფორმით.

  • რას გვეტყვი შენს სადებიუტო კრებულზე – „გზაზე გასვლა“, სახელიც სიმბოლურია, ალბათ, და ზოგადად – რა არის „გზაზე გასვლა“ – ანუ შენი კრებული.

„გზაზე გასვლა“ არის ერთ-ერთი ლექსის სახელიც და ის, თუ როგორ ვემშვიდობები ჩემებს სახლში, როგორ ვდგები ჩემს გზაზე. კრებულის სათაური გულისხმობს, არამარტო პოეზიის, არამედ ცხოვრების გზაზე გასვლასაც. მე უბრალოდ გზაზე გავედი, სად წავალ?! – ჯერ არ ვიცი…

  • რა არის პოეტი და რა არის პოეზია გიორგი არაბულისთვის…

პოეტი არის ადამიანი, რომელიც წერს. ვინც ლექსს წერს, ჩემთვის ყველა პოეტია. მაგრამ ვინ როგორ წერს, ეს სულ სხვაა… სუბიექტურად გეტყვი, ან წერს კარგად, ან წერს ცუდად. ამბობენ ხოლმე, რომ – მე პოეტი არ ვარ და … (იცინის) – ეს უფრო გაპრანჭვას ჰგავს. თუ შენს პოეზიას ხალხს აცნობ, ე.ი. ამბიცია გაქვს, იყო პოეტი. ვინ ვის ეძახის პოეტს, ეს უკვე ცალკე საქმეა. პოეზია არის ის, რაც თავისით ხდება. სადაც ადამიანები, განწყობები, შეხედულებები, მოვლენები ერთად იყრის თავს. ზოგჯერ სისულელეც არის პოეზია.

  • „ჩემი ლექსები“ – აქ გიწერია მსგავსი რამ, „ჩემს ლექსში ტირის ყოველი სიტყვა“ – საინტერესო იქნებოდა ამ სიტყვების ავტორისეული ახსნა…

ესეც ერთ-ერთი პირველი ლექსია. (იღიმის) იმ პერიოდის ლექსია, როდესაც ძალიან მიყვარდა ტერენტი გრანელი. არის ასაკი, 15-დან – 18 წლამდე… ამ დროს, განსაკუთრებით მოსწონთ ტერენტი გრანელი. რატომ უყვარდება მკითხველს ამ ასაკში გრანელი?! – ამ დროსვე დაიწერა კიდევ ერთი ლექსი, რომელშიც ეწერა: „ბედნიერებავ, როგორ ავცდით გზაში მე და შენ“ – ალბათ, ამ დროს თავს ვიტყუებთ და, გვგონია, რომ ვართ სევდიანები, ბევრი პრობლემით და ა.შ… ესეც, ალბათ, ამიტომ დავწერე და ტერენტის გავლენაც იყო, თუმცა, ამ ლექსის მთავარი სათქმელი გახლდათ: „ჩემი ლექსები არასდროს მომწონს, ჩემი ლექსები უბრალოდ მიყვარს“.

  • შეყვარებულია თუ არა გიორგი არაბული?

შეყვარებული არ ვარ… (იცინის) – მოიცა, დავფიქრდე… შეყვარებული ყოველთვის ვარ. მხოლოდ ერთ გოგოს შეუძლია თქვას, რომ მე, – მისი შეყვარებული ვიყავი. ამას ვუფრთხილდები.

  • როგორია შეყვარებული გიორგი არაბული?

არაფრით მეტი იმაზე, ვინც ვარ და არაფრით ნაკლები იმაზე, ვინც ვარ –  ჩვეულებრივი.

  • როგორ შეაფასებ თანამედროვე ლიტერატურას – ბევრი პოეტი გამოჩნდა ასპარეზზე.

ბევრი ახალგაზრდა პოეტი ჩემი მეგობარია. ერთ-ერთი პოეტის ლექსი მერხზე მქონდა დაწერილი და რამდენიმე წელში, მე და მას ერთად გვქონდა პოეზიის საღამო. მიმაჩნია, რომ ქალები უფრო მაგრად წერენ, ვიდრე კაცები. როგორც ჯაზი, შავკანიანები ჩუმად იყვნენ და ბოლოს ამოხეთქა ამ მუსიკამ, რომელიც ძალიან მაგარია. ქალები არ წერდნენ, რატომღაც, თუმცა დაგროვდა მათში ეს ემოცია და კარგია, რომ ახლა ბევრი წერს. დრო გაცხრილავს და დატოვებს გარკვეულ ნაწილს, ასე იყო და იქნება მუდამივად. ეს ერთგვარი „კონკურენციაა“ – (იცინის). ამიტომ ვთქვი, რომ პოეზია ზოგჯერ სისულელეა-მეთქი.

  • რას ურჩევდი დამწყებ პოეტებს, უკვე გამოცდილი პოეტი.

რჩევით, არ ვიცი. მეც დამწყები ვარ… უბრალოდ გამიმართლა, რომ ხევსურეთიდან ჩამოვედი და ვიღაცებმა შემამჩნიეს. პოეზიაში მთავარი გულწრფელობაა. წამიკითხავს ბევრი ნაცნობი პოეტის ლექსი, ვიცნობ მათ შეხედულებებს და რადიკალურად განსხვავებულს წერენ, – იტყუებიან. ხშირად მედავებიან მეგობრები, რომ ლიტერატურას პიროვნებით განვსაზღვრავ… თუ არ ხარ გულწრფელი, არ გამოგივა ნამდვილი ის, რასაც წერ. ცხოვრებაშიც და პოეზიაშიც უნდა გულწრფელი იყო. ნებისმიერ პოეტს, უნდა შეხედო ისე, როგორც ჩვეულებრივ ადამიანს, როგორც იმას, ვინც არ წერს… სხვა გააკეთოს და სხვა გითხრას, არ დაიჯერებ – მაინც გულწრფელობამდე მივედით, სწორედ ამას ვურჩევდი ნებისმიერ მათგანს.

მოამზადა დათა გვასალიამ

დატოვე კომენტარი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

More in ვიდეოები