Connect
To Top
https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Fvenue.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C%20vivus%2C%20online%2C%20sesxi%2C%20sesxebi%2C%20swrafi%2C%20express&utm_content=venue.ge%20banner%20march&utm_campaign=venue.ge%20banner%20march

Nancy Woland – “თუ ადამიანი ჩემში ძალიან დიდ ემოციას არ აღძრავს, მას უბრალოდ ვერ დავხატავ…“

 

24 წლის ქრისტი ბოტკოველი, იგივე Nancy Woland – გოგო, რომელიც ხატავს გალაქტიკას, კოსმოსს, წყლისქვეშა სამყაროს და ზოგადად სამყაროს,  საკუთარ სამყაროს… ნენსიზე უამრავი რამის თქმა შეიძლება.. თამამად ვიტყვი, რომ უკვე შემდგარი არტისტია და ყოველ დღე, ეტაპობრივად იხვეწება, ტრანსფორმირებს და სულ უფრო მეტ ადამიანს აცნობს საკუთარ შემოქმედებას. ძალიან ცოტა თუ მოახერხებს ამ ასაკში იპოვოს, შექმნას საკუთარი თავი და გააცნოს, შეაყვაროს იგი ადამიანებს. მისი ნამუშევრები ძალიან ინდივიდუალური და განსხვავებულია, მისტიური და ერთბაშად თბილი, მელანქოლიური და ცივიც. მოკლედ ისეთივე მდიდარი ემოციურად, როგორიც თავად ნენსია.. VENUE.GE გთავაზობთ ძალიან საინტერესო ინტერვიუს ნენსისთან და ბექა ზარიძესთან. ბექა  ნენსის ცხოვრების თანამგზავრია და მართლაც, მათ მოახერხეს ძალიან საინტერესოდ გადმოეტანათ თავიანთი გრძნობა ხელოვნებაში.

 

 

.ვინ არის ნენსი?

ნენსი არის ქრისტი, რომელიც დაიბადა 24 წლის წინ და დაიწყო ცხოვრება. ბავშვობიდან ვხატავ, ისევე როგორც ახლა, ყველგან, ყველაფერზე – სახლში კედლები გაფუჭებული მქონდა. ბაბუა მხატვარი მყავდა, როდესაც აღმოაჩინა ჩემი მიდრეკილება და ნიჭი ხატვის მიმართ, დაიწყო ჩემთან ერთად ხატვა. ბაბუაც და დედაც ყოველთვის ჩემთან ერთად ხატავდნენ და სულ მიბიძგებდნენ ხატვისკენ. უკვე სკოლის პერიოდში კი ჩათვალეს, რომ ხატვის წრეზე უნდა მევლო და, სწორედ, იქ მასწავლეს ხატვის ძირითადი ტექნიკა. სხვათშორის, დღემდე რაც ვიცი, ბაბუას და ხატვის მასწავლებლის დამსახურებაა. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე, ილიას უნივერსიტეტში. სახელის გამო ავირჩიე ფაკულტეტი, მეგონა ჩემთან უფრო ახლოს იქნებოდა, თუმცა ფაკულტეტიდან ფაკულტეტზე გადასვლის შემდეგ წამოვედი და მუშაობა დავიწყე. მობილობით გადავედი სამხატვრო აკადემიაში, კინო და ტელე მხატვრობის ფაკულტეტზე და მივხვდი, რომ არც იქ იყო ჩემი ადგილი. ჩემი სურვილი იყო ფერწერაზე მოხვედრა, თუმცა იქ ჩარჩოში მოქცეული ხელოვნება დამხვდა.

.როდის დაიწყე იმ არტის კეთება, რასაც შენს პირად გვერდზე ვხედავთ?

ამ ყველაფრის კეთება 2012 წელს მეგობრების დახმარებით დავიწყე. შევქმენი ფეიჯი და დავიწყე მაისურებზე ხატვა. პირველივე ფოტოს დადების შემდეგ შეკვეთა მივიღე. ორ წელში კი უამრავი შეკვეთა მქონდა, ფაქტობრივად, სხვას ვერაფერს ვასწრებდი. შემდეგ  უკვე დადგა პერიოდი, როდესაც მომინდა ჩემი ნახატი შემექმნა, შევიძინე ზეთები და ტილო…

.ვინ/რა ხდება ხოლმე შთაგონების წყარო ნამუშევრების შექმნისას?

ემოციები… პირველი ნახატის შექმნისას, მახსოვს, ფანჯარასთან ვიდექი, მთვარეს ვუყურებდი და უეცრად ვიგრძენი კავშირი მთვარესთან. სწორედ, ეს იქცა შთაგონებად. ნახატშიც ზუსტად ეს მომენტი მაქვს გამოსახული – კავშირი მთვარესა და “არსებას” შორის.

. ანუ შენი შემოქმედების, ნამუშევრების ცენტრალურ ფიგურად შეიძლება ჩავთალოთ მთვარე?

დიახ…

.რა დამოკიდებულება გაქვს მთვარესთან?

ამ საკითხს ფილოსოფიურად ვერ მივუდგები, ზოგადად, როდესაც ვხატავ ყველაფერს გაუაზრებლად ვაკეთებ – არ ვფიქრობ. მთვარე ჩემთვის განსაკუთრებული რამ არის, ის ასოცირდება სიცივესთან და ჩემთან უფრო ახლოა, ვიდრე მზე. ცივი, მისტიური სინათლე მოდის მისგან და ძალიან დიდ ემოციურ კავშირს ვგრძონ.

.გალაქტიკა, კოსმოსი – ის რაც შენს ნამუსევრებში ყველაზე დიდი დოზითაა… ამ ყველაფერთან რა ემოციური კავშირი იპოვე?

ეს ყველაფერი ჩემთვის არის ყველაზე მიუწვდომელი რამ – შეიძლება ანდერძი დავტოვო, რომ სიკვდილის შემდეგ კაფსულით გამიშვან იქ. რაც შეეხება კავშირს, ინტერესი სკოლის პერიოდში გამიჩნდა, ფიზიკის სახელმძღვანელოებში ვხვდებოდი ფოტოებს. შემდეგ უკვე ინტერნეტში ვიძიებდი საინტერესო მასალას. ვთვლი, რომ ის სამყარო, მითუმეტეს ამხელა სამყარო, ადამიანზე აუცილებლად მოქმედებს და თავისთავად კავშირიც დიდია.

.რასთან ასოცირდება შენთვის „კოსმოსური“, გალაქტიკის ლურჯი ფერი?

ლურჯი ფერი ჩემთვის ზოგადად სიმშვიდესთან ასოცირდება, იმ სიმშვიდესთან, რომელიც მაკლია და სწორედ იქ ვპოულობ ამას. როცა ვხატავ იქ უკვე “სხვანაირი” ვხდები.

.რამდენად გადაგაქვს შენი განწყობა შენსავე ნამუშევრებში?

ჩემში რაც დამალულია, ვთვლი, რომ ეგ არის სწორედ ის, რასაც ნახატებში ვდებ. ადრე ნამდვილად არ ვყოფილვარ ასეთი მშვიდი და გაწონასწორებული, ამდენი ჰარმონიაც არ მქონია ცხოვრებაში. დღევანდელ ნახატებში კი ჩანს ის, რაც ვარ მთლიანად.

.ფიქრობ რომ შენი შემოქმედებითი საქმიანობა დაგეხმარა საკუთარი თავის და სიმშვიდის მოპოვებაში?

რა თქმა უნდა, ეგეც დამეხმარა, მაგრამ უფრო მეტად ბექა დამეხმარა. ბექა, სწორედ, მაშინ გამოჩნდა ჩემ ცხოვრებაში, როდესაც საკუთარი თავის რეალიზაცია მოვახდინე და მივდიოდი სიმშვიდისკენ. რაღაც ეტაპზე უკვე ვიყავი, საბოლოოდ კი, მან მოაქცია ჩემი ცხოვრება “სიმშვიდეში”.

.თანამედროვე არტისტებზე მინდა გკითხო.. ვინ მოგწონს ან ვინ არის ემოციურად ყველაზე ახლოს შენთან?

ამ ბოლო დროს აღმოვაჩინე ნინო ჩაკვეტაძე. ხატავს საყვარელ, პატარა ადამიანებს და მასთან სულ ზამთარია. ძალიან დიდი სითბო მოდის მისი ნამუშევრებიდან და მართლა ძალიან მომწონს. მეორე არის ლალი დანილუკი – ჩემი მეგობარი, რომელმაც ხატვის უდიდესი სტიმული მომცა. ლალი არის ადამიანი, რომელმაც საღებავებით სავსე უზარმაზარი ჩანთა მაჩუქა იმ პირობით, რომ აუცილებლად დავხატავდი და არ დავანებებდი თავს მხატვრობას. მეც, რა თქმა უნდა, შევპირდი და მას შემდეგ მართლა ბევრი ნამუშევარი შევქმენი. სალვადორ დალი მიყვარს ძალიან. არა, როგორც უბრალოდ მხატვარი, მთლიანად თავისი „შეშლილობებიანად“.  როცა მეგობრები მეკითხებოდნენ, დაბადების დღეზე რა ეჩუქებინათ, ყველას დალის ავტობიოგრაფიულ წიგნს ვთხოვდი, რომელიც მაშინ ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა. და აი, სადღაც ექვსი წლის შემდეგ გამოჩნდა ბექა და მაჩუქა ეს წიგნი. ექვსი დაბადების დღე ველოდი მე ამ წიგნს და საბოლოოდ, სწორედ, ბექამ მაჩუქა.

.ნენსი, გამოფენები, პროექტები თუ გქონია?

პირველი გამოფენა მქონდა გასულ წელს, 28 თებერვალს – ზამთრის ბოლო დღეს. მახსოვს, ძალიან ბევრი არ მიწვალია და ყველაფერი მარტივად მოხდა. პირველ დღეს, მახსოვს უამრავი ადამიანი მოვიდა და მეგონა, რომ არ ვიყავი საკუთარ გამოფენაზე, სხვისი მეგონა ეს ყველაფერი. მართლა ვერ წარმოვიდგენდი ამდენ ადამიანს თუ გაუჩნდებოდა სურვილი მოსვლის, მითუმეტეს ისეთი ადამიანებიც იყვნენ, ვისაც მართლა ესმის ხელოვნება. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ამ ყველაფერში ის იყო, რომ მეგობრები და ბექა გვერდში მედგნენ და მამხნევებდნენ. მახსოვს დედა რომ მოვიდა და ცრემლი დავინახე.. მივხვდი, რომ უკვე რაღაცას მივაღწიე. შემდეგ უკვე ამ ყველაფერს მოყვა უამრავი “ლაიქი” ჩემ პირად გვერდზე.

.ამ ყველაფრის შემდეგ კი შენ და ბექა იწყებთ საერთო პროექტს 24 Fallen Leaves..

ეს მოხდა მაშინ, როცა ბექამ აღმოაჩინა, რომ ხატავს. იგი ბავშვობიდან ხატავს , უბრალოდ მე ამის შესახებ ჯერ არ ვიცოდი. ბექა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც მომხდარა ჩემ ცხოვრებაში, რამაც რადიკალურად შემცვალა და შემიცვალა უამრავ რამეზე წარმოდგენა. მაგალითად, იმაზე რომ სიყვარული ნამდვილად არსებობს. ისე მოხდა, რომ ერთმანეთიც ჩემი ნახატის საშუალებით გავიცანით. ეს პროექტი ჩაფიქრებული არ გვქონია და სრულიად შემთხვევით მოხდა, ესეც ჩვენმა სიყვარულმა გამოიწვია. მახსოვს, დავინახეთ უბრალოდ ფოთოლი, რომელიც მოგვეწონა და ერთად გაგვიჩნდა იდეა მოგვეხატა. პირველი ფოთოლი მე მოვხატე და ვაჩუქე ბექას. მანამდე ფოტო გადავუღე და ფეისბუქზე დავდე, აღფრთოვანება და დიდი გამოხმაურება რომ დავინახე, მივხვდი, რომ რაღაც უნდა მოგვეფიქრებინა. პირველი ორი ფოთოლი, რომელიც ჩარჩოში ჩავდეთ, ორივე ჩვენმა მეგობარმა იყიდა და ეს იყო ყველაზე დიდი სტიმული. პირველი მოხატული ფოთოლის ფოტოს დადების შემდეგ, გამომეხმაურა ერთი პოეტი, რომელმაც ლიტერატურული საღამოსთვის შეგვიკვეთა საკმაოდ დიდი რაოდენობის „მოხატული ფოთოლი“, რომლებიც საღამოს სტუმრებს უსახსოვრეს. მოკლედ, საბოლოოდ მივხვდით, რომ ამ ყველაფერს ცალკე სივრცეში მოქცევა სჭირდებოდა და შევქმენით ეს გვერდი. ეს სახელი – “24 დაცვენილი ფოთოლი” ჩვენი გაცნობის ისტორიასაც უკავშირდება – ერთმანეთი გავიცანით 24 რიცხვში და რაღაც ტრადიციადაც გვექცა, ყოველი თვის 24 რიცხვს აღვნიშნავთ.

.მოდი ბექასთანაც გადავალ შეკითხვით და მინდა ვკითხო პროფესიის შესახებ, როგორ დაიწყო ხატვა?

პროფესიით ღვინის ტექნოლოგი ვარ, შემდეგ გადავწყვიტე ისტორიულზე მესწავლა, თუმცა უკვე არარ დავამთავრე. ერთხელაც, როცა ნენსის გავყევი სახატავი ტილოების საყიდლად, გადავწყვიტე ჩემთვისაც მეყიდა ერთი. ბავშვობაში, დაახლოებით 15 წლამდე, გრაფიკაში მეც ვხატავდი, მერე მოხდა ისე, რომ უბრალოდ მივანებე. ნენსიმ, უკვე, ახლიდან მოახდინა ჩემში ეს გადახრა ხატვისკენ. პირველ ნახატში, მახსოვს, მთვარის დახატვა ნენსიმ მასწავლა. ნენსი: უბრალოდ მიყურებდა, როცა ვხატავდი და თავადაც დახატა, მე მიზანმართულად არაფერი მისწავლებია მისთვის. ასეთი რამ ალბათ, თუ შენში არ არის და ნიჭი არ გაქვს, არ გამოგივა. ბექა: ჩემი პირველი ნახატი იყო მინიმალისტური – მთვარე და ხე. ჩემი აზრით, როცა ადამიანს აქვს ნიჭი, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიაძინოს იგი, იმიტომ რომ, მხოლოდ იმაში მიაღწევს წარმატებას, რისი ნიჭიც აქვს და ბედნიერიც, სწორედ, ამით იქნება.

.ბექა, მინდა დაახასიათო ნენსი, როგორც არტისტი, მხატვარი – როგორია ის?

ნენსი… ნენსი ძლიერი პიროვნებაა. როცა რამეზე ვკამათობთ, მიჭირს ხოლმე… მე, ზოგადად, არ მიყვარს სხვისთვის ჩემი აზრის მოხვევა და უფრო კამათში ვპოულობთ ჩვენს ჭეშმარიტებას. სწორად გამიგეთ, როდესაც ორი ადამიანი გონიერია, მათ შორის ყოველთვის იბადება თემები, რომლებიც განსხვავებულია და იწყება ინტელექტუალური “კამათი”, დისკუსია. მოკლედ, ძალიან მიჭირს ხოლმე ნენსის აზრის გადაწონვა, ჩემამდე გადმოყვანა და იგივე ხდება ნენსისთანაც. ნენსი: თავიდან რაც ვიყავით, ვიყავით მე და ის, ახლა უკვე გავხდით “ჩვენ” – ჩვენ ერთმანეთს ვძერწავთ.. ბექა: მე და ნენსი უკვე რაღაც ერთი მთლიანობა გავხდით და ამას ნენსისაც ყოველთვის ვეუბნები.. როგორც მხატვარი, ალბათ არავინ შემედავება, რომ ნენსი მართლა ძალიან მაგარია უკვე – მან ძალიან ინდივიდუალური რამ შექმნა. მთლიანი სამყარო აქვს ჩადებული ნამუშევრებში, საკუთარი სამყარო. ყოველთვის გვეკითხებიან ხოლმე, ინსპირაციას რისგან ვიღებთ, ინსპირაცია ჩემთვის სხვა რამ ხდება, ნენსისთვის სხვა. აი, წინა დღეს ბარში ვიყავი და დავინახე ბარზე ჭიქები ელაგა და მივხვდი, რომ ამ ჭიქების დახატვა მომინდა. ზოგჯერ, ძალიან მიშლის ხელს ეს სიღრმეებში ჩასვლა, მეკითხებიან ხოლმე, რა ადვილია და რატომ უყურებ ასე რთულადო. ჩემ გონებაში ჯერ სურათი ჩნდება და მერე გადამაქვს ნახატის სახით. ნენსი: მე ვთვლი, რომ ბექას ისეთი ნახატები აქვს, რომლებსაც ფიქრი სჭირდებათ.

.თქვენმა ერთობლივმა მუშაობამ უკვე გამოიღო ნაყოფი და რაღაც გეგმებიც გაქვთ, მალე საკუთარი სტუდია-მაღაზია გექნებათ.

ნენსი: მაღაზია, ჯერჯერობით, საწყის ეტაპზე დიდი და გრანდიოზული ნამდვილად არ იქნება. ეს იქნება უფრო ჩვენთვის. ჩვენ იქვე დავჯდებით, დავხატავთ. სახელოსნო ასასდროს, არცერთს არ გვქონია, ვხატავთ ხოლმე ძალიან პატარა სივრცეში და მიჩვეულები ვართ ყოველთვის სუფთად ხატვას, რომ გარშემომყოფები არ შევაწუხოთ. შეკვეთებსაც  მივიღებთ, მაგრამ ისევ ჩვენი თემატიკიდან გამომდინარე. მე არ მიყვარს პორტრეტების და ზოგადად, აკადემიურად ხატვა. ბექა: ერთადერთი პორტრეტი შექმნა, ჩემი… ნენსი: ჰო, ბექა ერთადერთია.. გულწრფელად ვიტყვი და შეიძლება ვერც დავხატო რომ შემიკვეთონ, რადგან ამისთვის საკმარისი ემოცია არ მექნება, თუ ადამიანი ჩემში ძალიან დიდ ემოციას არ აღძრავს, მას უბრალოდ ვერ დავხატავ…

DSC_1638

8936q

DSC_1694

DSC_1722

DSC_1699

DSC_1709

 

ავტორი: ლიტა გასვიანი

ფოტოგრაფი: მიშა მხითარიანი

დატოვე კომენტარი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

More in Art