Connect
To Top
https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Fvenue.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C%20vivus%2C%20online%2C%20sesxi%2C%20sesxebi%2C%20swrafi%2C%20express&utm_content=venue.ge%20banner%20march&utm_campaign=venue.ge%20banner%20march

კობა ბიწაძე: “ებრძოდე ჰომოფობიას – ეს უკვე სირთულეა”

ჩვენ წამოვიწყეთ კამპანია, რომლის მიზანიც ლგბტ ადამიანებსის მხარდაჭერა და საზოგადოებისთვის მათ შესახებ სწორი ინფორმაციის მიწოდებაა. კამპანიის ფარგლებში, გვინდა ჩვენს მკითხველს გავაცნოთ ის ადამიანები, რომლებმაც შიშს გადააბიჯეს და საზოგადოებას ღიად განუცხადეს თავიანთი სექსუალური ორიენტაციის შესახებ.

დღეს, გაგაცნობთ ქართველ ღიად გეი მამაკაცს, კობა ბიწაძეს, რომელიც ყოველდღიურად მუშაობს ლგბტ ადამიანების უფლებების დასაცავად.
სექსუალური ორიენტაციის გამო, თავადაც ბევრჯერ გამხდარა დაცინვის და ძალადობის ობიექტი, თუმცა დანებებას არ აპირებს და განაგრძობს ჰომოფობიასთან ბრძოლას.


რას საქმიანობ?

ვარ გეი აქტივისტი. ვმუშაობ ორგანიზაცია „თემიდაში“. ასევე „თანადგომში“ სოციალურ მუშაკად. ამას გარდა, ვსწავლობ უნივერსიტეტში სოციალური ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე.

როგორც ვიცით, ხარ ღიად გეი, რომელიც თავის სექსუალურ ორიენტაციას არ მალავს. რა სირთულეებს აწყდები ყოველდღიურ ცხოვრებაში?

ებრძოდე ჰომოფობიას – ეს უკვე სირთულეა. როცა ჰეტეროსექსუალ ადამიანებს არ უწევთ ჰეტეროფობიასთან ბრძოლა, მე მუდმივად ამ ბრძოლაში ვარ…

მქონია შემთხვევები, როცა ქუჩაში მოუყენებიათ შეურაცხყოფა, მიმიღია სიძულვილის შემცველი შეტყობინებები, რასაც თითქოს შევეჩვიე, მაგრამ ნამდვილად არ არის სასიამოვნო ამის ატანა.

პრობლემაა თუნდაც ის, რომ წამართვეს ის უფლებები და პრივილეგიები, რაც ჰეტეროსექსუალ ადამიანებს აქვთ. მე არ შემიძლია ვიქორწინო ჩემს საყვარელ ადამიანთან, რაც მართმევს იმის შესაძლებლობას, რომ მაგალითად ვისარგებლო საოჯახო დაზღვევის პაკეტით, რაც ჩემზე და ჩემს მეუღლეზე გავრცელდებოდა. არ შემიძლია თანასაკუთრების უფლებით ვისარგებლო და უამრავი სხვა.

დამღლელია მუდმივად უმტკიცო, რომ შენც ადამიანი ხარ. დამღლელია უსმინო ჰომოფობ პოლიტიკოსებს…

თუმცა ეს სირთულეები მაიძულებს, რომ არ გავჩერდე და ვიბრძოლო იმისთვის, რომ რაღაცები შევცვალო იმ გარემოში, სადაც ვცხოვრობ.

რას ნიშნავს  გეი აქტივიზმი და რამდენად განვითარებულია ის საქართველოში?

გეი აქტივიზმი ჩემთვის ნიშნავს იმას, რომ იყო მუდმვად გაბრაზებული და გქონდეს პროტესტის გრძნობა იმ წესრიგის მიმართ, რომელიც შენს არსებობას ეწინააღმდეგება. ვერ დახუჭავ თვალებს იმაზე, როცა შენს მეგობარს ქუჩაში ურტყამენ და შეურაცხყოფას აყენებენ. ვერ დახუჭავ თვალებს იმაზე, როცა შენს ნაცნობს უნივერსიტეტში აბულინგებენ მხოლოდ იმიტომ, რომ ის ლესბოსელია. ამაზე ხმა ამღლო, დაჩაგრულს დაეხმარო და იბრძოლო იმისთვის, რომ ასეთი ჰომოფობიური გარემო თუნდაც მცირედით შეცვალო, ესაა გეი აქტივიზმი. აქტივიზმია, როცა სხვა გეებს აძლიერებ, აძლევ სტიმულს და ისინი ხვდებიან, რომ მარტონი არ არიან. აქტივიზმია, როცა გაქვს გამბედაობა და მზაობა იმისა, რომ დაუპირისპირდე ჰომოფობიას.

საქართველოში მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი გეი აქტივისტები მახსენდება. გეების უმეტესობას ეშინია იმის, რომ საკუთარი სექსუალური ორიენტაციის შესახებ არათუ ღიად, არამედ სხვა გეებთან ისაუბრონ. მეტიც, არაერთ გეის ვიცნობ, რომლებიც საჯაროდ, მედიის საშუალებით ჰომოფობიურ სიძულვილს აფრქვევენ. ამას იმიტომ აკეთებენ, რომ თავდაცვის ინსტიქტი ერთვებათ და ეშინიათ, რომ მასზე არ იფიქრონ რომ გეია. ამიტომ სიძულვილის ტირაჟირებით ცდილობენ დაფარონ თავიანთი ჰომოსექსუალობა.

გაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად ხშირია სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები?

ასეთი ინფორმაცია სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს. სახელმწიფო უნდა მუშაობდეს კიდეც ჰომოფობიის დასაძლევად, მაგრამ ის საკუთარ ვალდებულებას არ ასრულებს. ამიტომ, მონაცემები ძირითადად ლგბტ სათემო ორგანიზაციებში გროვდება. ისიც იმ შემთხვევაში, როცა ჩაგრული ლგბტ ადამაინები მიმართავენ ორგანიზაციებს და ძალადობის შემთხვევებს ახმაურებენ. ზოგიერთი ფაქტის შესახებ კი ინფორმაცია უბრალოდ არ მოდის ჩემამდე, რადგან ადამიანებს ეშინიათ ძალადობის შესახებ ფაქტი გაახმაურონ. ხშირ შემთხვევაში პოლიციასაც კი არ მიმართავენ, რადგან არ ენდობიან და ეშინიათ, რომ მათი ორიენტაციის შესახებ ინფორმაცია საჯარო გახდება.

ზოგადად ჩემი დაკვირვებით, ყოველი 17 მაისის მოახლოებასთან ერთად იწყება ჰომოფობიური სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებების ტალღა და 17 მაისის შემდეგაც 2 თვე გრძელდება. ეს პროცესი 2013 წლის 17 მაისის შემდეგ დაიწყო და წლებია გრძელდება.

როგორ უნდა მოიქცეს ან ვის უნდა მიმართოს ლგბტ ადამიანმა, რომელსაც თავს დაესხნენ ან უბრალოდ მისი  უფლებები დაირღვა? 

მე ყველა ვარიანტში ვურჩევდი, რომ აუცილებლად მიმართონ პოლიციას. ვერ ვიტყვი, რომ ადეკვატური შედეგი დადგება, მაგრამ თუ ჩვენ ყველა შევაწუხებთ პოლიციას, მიხვდებიან, რომ პრობლემა არსებობს და ამას სისტემური ხასიათი აქვს. ამას გარდა ვურჩევდი მათ, რომ დაუკავშირდნენ ლგბტ სათემო ორგანიზაციებს, რადგან მათ ჰყავთ გამოცდილი იურისტები, რომელთაც შეუძლიათ დაეხმარონ დაზარალებულებს საქმის წარმოებაში და გაუწიონ კონსულტაცია.

მსხვერპლები ამას არ აკეთებენ, რადგან ეშინიათ, რომ ყველა გაიგებს მათი ორიენტაციის შესახებ. სინამდვილეში კი პირიქით, იურისტები მოტივირებულნი არიან, რომ დაგეხმარონ და ისინი იცავენ კონფიდენციალურობასაც.

როდის და როგორ შევძლებთ ჰომოფობიის დაძლევას?

როცა პოლიტიკური ნება იარსებებს. თუ ჩვენ გვეყოლება ისეთი ხელისუფლება, რომელიც თამამად დააფიქსიებს, რომ მოტივირებულია დაიცვას ლგბტ ადამინები, ყველაფერი იმაზე უფრო მარტივად შეიცვლება, ვიდრე ეს გეებს ჰგონიათ.

____________________________________________________________

თუ სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე მოგაყენეს ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფა, თუ თვლი რომ შენი უფლებები დაირღვა, გაქვს უფლება მიმართო პოლიციას, რომელიც ვალდებულია დაგიცვას.

არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელსაც შეგიძლია მიმართო:
ლგბტ საქართველო / იდენტობა / თემიდა / ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი

 

დატოვე კომენტარი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

More in lifestyle