Connect
To Top
https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Fvenue.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C%20vivus%2C%20online%2C%20sesxi%2C%20sesxebi%2C%20swrafi%2C%20express&utm_content=venue.ge%20banner%20march&utm_campaign=venue.ge%20banner%20march

Tbilisi Open Air 2017 – ფესტივალის პირველი დღე |VENUE

Tbilisi Open Air Alter/Vision უკვე მეცხრედ იქცა მელომანების თავშეყრის ადგილად. გასულ დღეს, 16 ივნისს მიუხედავად ცივი ამინდისა “ლისის საოცრებათა ქვეყანაზე” ფესტივალს უამრავი სტუმარი ესტუმრა. როგორც ყოველთვის, ფესტივალის ორგანიზატორებმა წელსაც იზრუნეს, მაქსიმალური კომფორტი შეექმნათ სტუმრებისთვის და ლოკაციაზე რამდენიმე გასართობი ზონა დაამატეს. აღსანიშნავია საკვები ობიექტების მრავალფეროვნება და სრულიად ადეკვატური ფასებიც. მოწესრიგებული კარვების ქალაქი და გარე პარკინგი, საპირფარეშოები და სანაგვე ურნები სწორედ ის დეტალებია, რაც ქაოსის თავიდან აცილებისთვის უპირველესია და ვიტყვით, რომ ამ მხრივ ფესტივალის ტერიტორიაზე ნამდვილად წესრიგია და გარემოც ჰიგიენურია. ხოლო წვიმისგან დასაცავად სტუმრებს უფასო საწვიმრებიც დაურიგეს “გაციებისგან დაზღვევის დეპარტამენტში”. მოკლედ, ყველანაირი კომფორტი დაგვხვდა დროის სასიამოვნოდ გასატარებლად. ღამით კი ლოკაცია ნამდვილ “საოცრებათა ქვეყანად” გადაიქცა.

ფესტივალის მთავარი სცენა ქართულმა ბენდმა, ახალგაზრდა მელომანების საყვარელმა კოლექტივმა – დაგდაგანმა გახსნა. უამინდობისგან მობუზული სტუმრები სცენასთან მოიკრიბა და როგორც სჩვევიათ, ნამდვილი ცეცხლი დაანთეს. მათ შემდეგ მთავარ სცენაზე ქართული მეტალ-ბენდი Psychonaut 4 ვიხილეთ, რომელმაც მსმენელის ამაღლებული განწყობა კიდევ მეტად გაზარდა. მესამე ქართული ბენდი backwarmer გახლდათ მაინ სთეიჯზე, რომლის შემდეგაც სცენაზე დღის პირველი ჰედლაინერი, იდუმალი და ერთობ მისტიური იმიჯის მქონე, ირანული წარმოშობს არტისტი – SEVDALIZA ვიხილეთ. აღსანიშნავია, რომ მუსიკოსის მოსასმენად ფესტივალზე ირანელი ტურისტების საკმაოდ დიდი რაოდენობა ვიხილეთ. ისინი ნაციონალური დროშითა და დიდი ოვაციებით შეეგებნენ თანამემამულეს. არტისტისთვის ამგვარი ჟესტი ემოციური აღმოჩნდა,  სცენიდან მადლობა გადაუხადა მსმენელს და მიმართა თანამემამულეებს: “თეირანში დავიბადე და ყოველდღე მენატრება ის. აქ რომ ვარ, თავს სახლში ვგრძნობ.” ემოციური და დასამახსოვრებელი გახდა ეს ლაივ პერფორმანსი მათთვისაც, ვინც ჯერ კიდევ არ იცნობდა არტისტს და პირველად მოისმინა მისი მუსიკა.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალის ოქროს სცენაზე ნინო ქათამაძისა და “ინსაითის” ლაივის მოსმენის საშუალებაც მიეცა მსმენელს, რომელმაც, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ჩვეული დრაივით ჩაიარა. ერთგულმა მსმენელმა საკმაოდ დიდხანს მოახერხა საყვარელი არტისტის სცენაზე დატოვება და ძალიან გაუჭირდა მასთან დამშვიდობება.

                             

მთავარი სცენის მეორე და  ბოლო ჰედლაინერი ფესტივალის პირველ დღეს გახლდათ ბრიტანული როკ-ჯგუფი Anathema, რომლის სოლისტმაც ჩვეული ოსტატობით მოახერხა პუბლიკის დაუფლება და ამღერება. ეს გახლდათ ფესტივალის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი ლაივ ფერფორმანსი და ქართველი მსმენელი მასზე კიდევ დიდხანს ისაუბრებს.

დღეს, ფესტივალის მეორე დღეს მთავარი სცენის ჰედლაინერი გახლავთ 90-იანების გამორჩეული ქართული ბენდი Soft Eject, რომელიც სრული შემადგენლობით 15 წლის შემდეგ პირველად წარსდგება მსმენელის წინაშე. მეორე ჰედლაინერი კი გახლავთ LENINGRAD – ეს გახლავთ პროვოკაციული იმიჯის მქონე რუსული როკ-ჯგუფი, რომლის სოლისტიც – სერგეი შნური საკმაოდ ექსცენტრიული იმიჯით გახლავთ ცნობილი. მათი კლიპები და სიმღერები რამდენჯერმე აიკრძალა კიდეც ფედერაციის მასშტაბით. მოკლედ,  რჩევაა: ეს არ უნდა გამოტოვოთ.

მოდი ფესტივალზე! მუსიკა ატავისუფლებს!

Photos: Jemo Gasviani

Author: Lita Gasviani

დატოვე კომენტარი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

More in Exclusive