Connect
To Top
https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Fvenue.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C%20vivus%2C%20online%2C%20sesxi%2C%20sesxebi%2C%20swrafi%2C%20express&utm_content=venue.ge%20banner%20march&utm_campaign=venue.ge%20banner%20march

“სახლში ნაპოლეონის 900 კაციანი არმია მყავდა” – ინტერვიუ დავით დარჩიაშვილთან

ბავშვობაში ძერწვა მიყვარდა და ჯარისკაცებს ვაკეთებდი ხოლმე. ამ საქმეს იმდენად ვყავდი გატაცებული, რომ ერთ დღეს აღმოვაჩინე –  სახლში ნაპოლეონის 900 კაციანი არმია მყავდა.


როგორი ბავშვობა გქონდათ, რა იყო თქვენი ჰობი და ძირითადი ინტერესის სფერო.
ლოგიკურია, რომ ცხოვრებაში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე, ბავშვობის პერიოდი საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს. როგორ იყო თქვენს შემთხვევაში.

როგორც ყველა ბავშვს, ეზოში თამაში მიყვარდა. მაგრამ, უნდა ვთქვა, რომ საკმაოდ მსუქანი ვიყავი. ტლანქი, მოუქნელი. მიტაცებდა წიგნების კითხვა და რასაც ვკითხულობდი ხოლმე, თავს იმ სამყაროში წარმოვიდგენდი. ასევე, მიყვარდა საძერწებით სხვადასხვა ფიგურების კეთება. ამ საქმეს დიდი მონდომებით ვეკიდებოდი და საკმაოდ დიდ დროს ვუთმობდი. ვძერწავდი ჯარისკაცებს, სასახლეებს და შემდეგ ერთმანეთში ვაბრძოლებდი ხოლმე. სკოლაში მხოლოდ ისტორიას ვსწავლობდი, რადგან ძალიან მაინტერესებდა და მიყვარდა. სიყვარული იმდენად დიდი იყო, რომ პროფესიადაც ისტორია ავირჩიე და უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე ჩავაბარე.



ცხოვრების გზაზე, პირველი საფეხურები საკმაოდ რთულია და არსებობს სხვადასხვა ბარიერი. თუ გქონიათ დაბრკოლებები და როგორ გამკლავებიხართ.

რა თქმა უნდა, მარტივი არაფერია. ერთერთი პირველი დაბრკოლება, რაც ახლა მახსენდება, იყო უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებისთვის. იმ დროს უნივერსიტეტში, თან სასურველ ფაკულტეტზე მოხვედრა ძალიან რთული იყო. ან მომზადებაში უნდა გადაგეხადა თანხა, ან სანაცნობო უნდა გყოლოდა. ჩემი ოჯახი საკმაოდ ხელმოკლედ ცხოვრობდა და შესაბამისი თანხები, რა თქმა უნდა, არ მქონდა. პირველად ვერ ჩავაბარე უნივერსიტეტში და ამ პერიოდს ჯარში გაწვევა დაემთხვა. ამის გამო, დავიწყე მუშაობა, რომ ჯარში წასვლის დრო გადაევადებინათ და ხელმეორედ ჩამებარებინა. მაშინ სხვადასხვა სამუშაოები იყო, მე მღებავად დავიწყე მუშაობა და აივნებს ვღებავდი, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მოუქნელი და მსუქანი ვიყავი. ერთხელ მახსოვს, ზედამხედველი  ჩვენს შესამოწმებლად მოვიდა და ჩემი ნამუშევარი რომ ნახა ირონიულად იკითხა:
ეს სულ შენ შეღებეო?
კი – მეთქი.
მაშინ ხვალ აღარ მოხვიდეო.
მოკლედ, მღებავობა და მიწის თხრა ჩემი საქმე არ გამოდგა. (წუხს)

ადამიანის ცხოვრებაში არსებობს ხოლმე ისეთი ამბავი, მოვლენა, რაზეც სწავლობს ან უბრალოდ სხვა თვალით იწყებს რაღაცების ყურებას. თქვენ თუ გქონიათ ცოხვრებაში ისეთი ეტაპი, როცა არ იცოდით როგორ მოქცეულიყავით, მაგრამ თავი გაართვით და მაგალითიც კი მოგეცათ გამოცდილებასთან ერთად.
ასევე, რამე სახალისო ისტორიას ხომ არ მოგვიყვებოდით, რაც დღემდე ღიმილით გახსენდებათ.

დიახ, მქონია და ეს პერიოდი, მაგალითი ან თუ გინდათ გამოცდილება დაარქვით, იყო ჯარი.
უცებ, სრულიად მოულოდნელად, 2500 კილომეტრის იქით აღმოვჩნდი. უცნაურ სახლში, უცნაური ადამიანებით. ქართველები ძალიან ცოტა იყვნენ. იყო დაპირისპირებები, სტრესი, დაბრკოლებები. მეგონა, რომ ვერასოდეს გავართმევდი თავს, მაგრამ გადავლახე და ცხოვრებას სულ სხვაგვარი თვალით შევხედე. ადამიანს უწევს ბრძოლა, საკუთარ თავზე მუშაობა და ცხოვრებაში უნდა გააჩნდეს მიზანი, რისთვისაც სიცოცხლის გაგრძელების მოტივაცია ექნება. სახალისო ისტორიას რაც შეეხება, ცხოვრებაში ისეთი მომენტიც მქონია, რომ საქორწინო მოგზაურობიდან მარტო დავბრუნებულვარ. უკან დაბრუნების დროს საჭმელი მოგვშივდა, მე ზესტაფონში ღვეზელების საყიდლად გადავედი და მატარებელმა, რომელშიც მეუღლე და მეგობრები ისხდნენ  გამასწრო.  ისინი წავიდნენ, მე კი რამდენიმე ხანში ჩემი ღვეზელებიანად ჩავედი, რისთვისაც თოვლიან რიკოთზე ტაქსისთვის მიწოლა დამჭირდა.

პოლიტიკაში როდის და როგორ აღმოჩნდით. საიდან დაიწყო ყველაფერი და თქვენს პირდაპირ სპეცილობასა და პოლიტიკას რამდენად წარმატებით უთავსებთ ერთმანეთს.

პირველი ნაბიჯები საბჭოთა პერიოდში იყო, თუ შეიძლება მას პოლიტიკა ეწოდოს. კომკავშირის საქმიანობაში ჩავერთე ოჯახის დაჯინებული თხოვნით, რადგან ეს იყო კათედრაზე დარჩენის ფასი. მაგრამ მალევე წამოვედი, იმიტომ რომ, სიმართლე გითხრათ, თავს წარმატებით ვერ ვართმევდი იმ საქმეს, რისიც არ მჯეროდა. ამის შემდეგ დაიწყო ეროვნული მოძრაობის გაშლა და არაფორმალური ჯგუფების ჩამოყალიბება. მეც დავინტერესდი, გავიჩინე ბევრი ნაცნობი, ზოგს მანამდეც ვიცნობდი უნივერსიტეტში. ეროვნული მოძრაობის იდეამ, როგორც ახალგაზრდა ისტორიკოსი, ძალიან გამიტაცა და ასე აღმოვჩნდი უკვე 1991 წელს „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის“ ერთერთი დამფუძვნებელი. 1991 წლიდან შეიძლება პირველი ნაბიჯების ათვლა დავიწყო, მაგრამ პარალელურად აკადემიურ სფეროს არ ვეშვებოდი.

პოლიტიკაში გქონდათ პაუზა და შემდეგ ისევ დაბრუნდით. რამდენად რთულია გადაწყვიტო რა გინდა, რა დაიწყო და რა დაასრულო? რა ფაქტორები ახდენს გავლენას კარიერაში მიმდინარე  ცვლილებებზე.

პირველ რიგში, საქმის სათანადო სიყვარულის არსებობა, ან არ არსებობა. თუ საქმე გიყვარს, ხარ ერთგული. შესაბამისად, უნდა იყო პროფესიონალი და მუდმივად გაგაჩნდეს თვითგანვითარების სურვილი. 26 წელიწადია ვასწავლი. ჯერ დავიწყე 55-ე სკოლიდან, შემდეგ ვასწავლიდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დღეს კი ვარ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და მოწვეული ლექტორი ვარ ხოლმე თავისუფალ უნივერსიტეტსიც. შესაბამისად, ეს არის სფერო და საქმე, რაც ძალიან მიყვარს. პოლიტიკაში ზვიად გამსახურდიას დროიდან მქონდა დაახლოებით ათწლიანი პაუზა, მაგრამ დავბრუნდი „გვიანი“ შევარდნაძის პერიოდში, რადგან საკმაოდ რთული სიტუაცია იყო და თავი ვალდებულად ჩავთვალე, გარკვეული პასუხისმგებლობა ამეღო. პოლიტიკის გარეშე, სახელმწიფო არ არსებობს, შესაბამისად ქვეყნის წინაშე, ვალდებულება ყველას გააჩნია. შევარდნაძის შემდეგ იყო მიხეილ სააკაშვილის პერიოდი, ივანიშვილის პერიოდი, დეპუტატობა…
რა თქმა უნდა, პოლიტიკური შეხედულებები დღესაც გამაჩნია და საკმაოდ მონდომებული ვარ იმისთვის, რომ ქვეყანაში ვითარება მაქსიმალურად უკეთესობისკენ შეიცვალოს. ამიტომ დღეს ჩემი არჩევანი „ევროპული საქართველოა“.

რა რჩევას მისცემთ ახალგაზრდებს, ვინც ახლა იწყებს. ვინც საკუთარი თავის დამკვიდრების პრიცესშია, რადგან მოგეხსენებათ, რომ ჯერ იპოვო თავი, სასურველი პროფესია და იყო წარმატებული უმნიშვნელოვანესი და ყველაზე მეტად საპასუხისმგებლო საქმეა.

საჭიროა ფიქრი, შრომა, პასუხისმგებლობის გრძნობა და სწორად არჩეული საქმის სიყვარული. მიზნის ერთგულები უნდა ვიყოთ და გაცნობიერებული გვქონდეს, რა გვინდა ცხოვრებაში. ასევე, ბედის გაღიმებაც საჭიროა, მაგრამ თუ არ დაეხმარე, გაღიმებულ ბედს, როგორც მოვიდა, ისევ ისე ჩაივლის. სწავლა, მონდომება, ენთუზიაზმი და პროფესიონალიზმი. მე პროფესიონალიზმში მხოლოდ ცოდნას არ ვგულისხმობ. ესაა ეთიკა, ნორმები და სიყვარული. თვითგანვითარების მუდმივი სურვილი. ესაა ფორმულა, რაც ყველა სფეროსა თუ პროფესიას ერგება. აზრი კი ერთია – შენი საქმე უნდა გიყვარდეს.

უნდა აღვნიშნო, რომ დღეს საქართველოში, მარტივი პოლიტიკური სიტუაცია არაა, მაგრამ მჯერა რომ ყველაფერი უკეთესობისაკენ შეიცვლება. ვყოფილვარ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც. მაქვს ორი პროფესია და ორივე ქუდის შედეგიანად ტარებას ვცდილობ.
მიყვარს ჩემი ქვეყანა, ჩემი ხალხი და გულწრფელად ვამბობ – ვნახე ორი რევოლუცია და მესამე აღარ მინდა!

მოამზადა: სოფო ზურაბიანმა


დატოვე კომენტარი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

More in ინტერვიუ