in

ორიგინალური ხელის თხოვნა და საჩუქრად ბაიკი – ბაიკერი წყვილის ამბავი

თითოეულ ჩვენგანს ცხოვრების განმავლობაში ხელის თხოვნის 5 ვიდეო მაინც გვექნება ნანახი – ორიგინალურად დაგეგმილი ვახშამი სანთლების ფონზე, სასიყვარულო მიმართვა სცენიდან, სპეციალურად „მისთვის“ მოკაზმული ულამაზესი ადგილი ბუნებაში, ხელის თხოვნა სტადიონზე მატჩის მსვლელობისას ან საყვარელი მომღერლის შუა კონცერტზე და ა.შ. მაგრამ სასიყვარულო ისტორია, რომელზეც უნდა გესაუბროთ, არც მეტი, არც ნაკლები –  ბაიკერებისა და შვეულმფრენების თანხლებით დაგვირგვინდა.

თაკო გულიაშვილი ბაიკერი პატარძალია, რომელიც თავად გაგვიზიარებს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღის ემოციას.

თაკო, პირველ რიგში, გილოცავ VENUE.GE-ს სახელით! ერთ წვიმიან და თითქოს უღიმღამო დღეს შენს ცხოვრებაში ოცნების ბაიკი „Kawasaki ninja 400“ შემოიჭრა…

– წვიმიანი – ეს ძალიან რბილად ნათქვამია, ჩვენს ზურგს უკან საშინელება ხდებოდა, მე ვთქვი „კი“ და სეტყვამ ასაფრენი ბილიკი გაათეთრა, მეგობრის გადაღებულ ვიდეოში ჩანს მეხის გავარდნის კადრიც და ყველა ერთხმად ვხუმრობდით, რომ სასწრაფოდ უნდა შემეცვალა გადაწყვეტილება. რაც შეეხება ჩემი ოცნების მოტოციკლს, ვიმედოვნებ, ამ სიზმრიდან არავინ გამომაღვიძებს, ეს სწორედ ისაა, რისთვისაც დავიბადე.

საერთო ინტერესები ყველაფერს ნათელს ხდის, მაგრამ მაინც ძალიან საინტერესო იქნება თქვენი გაცნობის ისტორია.

– მინდა აღვნიშნო, რომ საერთო ინტერესები ურთიერთობასთან ერთად ჩამოყალიბდა. გაცნობას რაც შეეხება, მე ბევრად საინტერესო მისი გაგრძელება მგონია, უცნაურია, მაგრამ პირველი შეხვედრისას ერთმანეთი სხვადასხვა გალაქტიკის მკვიდრად წარმოვიდგინეთ, შემდეგ ეს ამბავი სრულიად განსხვავებული სიუჟეტით გაგრძელდა და ემოციების აფეთქებით დაგვირგვინდა. სიამაყით ვაღიარებ, რომ ჩვენ დღემდე ვაგრძელებთ ერთმანეთის გაცნობას.

სტერეოტიპულია შეხედულება, რომ მოტოციკლი ძალიან სახიფათო ტრანსპორტია – როგორი დამოკიდებულება აქვთ ოჯახის წევრებს შენი ინტერესების მიმართ?

– ცხადია, ყველაზე კარგად ოჯახის წევრები მიცნობენ და ისიც კარგად მოეხსენებათ, რომ მოტოციკლი ჩემთვის ტრანსპორტსა და მექანიზმზე მეტია. მოტოსპორტით ბევრი ადამიანია გატაცებული, თუმცა მე, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, „შეპყრობილი“ ვარ. ჩემი გულწრფელი აზრით, სტერეოტიპები იმისთვისაა, რომ დაამსხვრიო, ამიტომ ახლა ჩემი ოჯახიც ჩემთან ერთად ზეიმობს ამ უდიდესი ოცნების რეალობად ქცევას.

როგორი წარმოგიდგენია თქვენი ცხოვრება 15 წლის შემდეგ?

– 15 წელი? ამ ინტერვიუდან 15 წუთის შემდეგაც კი არ ვიცი, რა უნდა წარმოვიდგინო. მხოლოდ იმაში ვარ დარწმუნებული, რომ ალექსი სულ გვერდით მეყოლება და ჩემს ყველა ოცნებას ჯერ მიზნად აქცევს, შემდეგ – რეალობად.

ბაიკერი წყვილი სამომავლოდ აუცილებლად იქცევა ბაიკერების ოჯახად. სახელი არა, მაგრამ მოპედის მოდელი უკვე შერჩეული გვაქვს ჩვენი შვილისთვის. დიახ, ეს რეალობაა, ჩემი რეალობა, რომელზეც ღრმა ბავშვობიდან გუშინდელ დღემდე ვოცნებობდი!


ავტორი: სალომე უსტარაშვილი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

ვინ ქმნის საქართველოს პირველი არხის გრაფიკულ სტილს – ინტერვიუ დიზაინერ რუსკა რობიტაშვილთან

10 უფასო რესურსი TOEFL-ის გამოცდის ჩასაბარებლად