როგორ შეიქმნა ძალიან ცუდი კომპანია. სოციალურ ქსელში უცნაურ პოსტს წავაწყდით: ჩვენ არ გვიყვარხართ. პოსტის ავტორი „ძალიან ცუდი კომპანია“ იყო.
მაშინვე დავინტერესდით და სხვა პოსტებმაც არ დააყოვნა.
„თქვენი ფული ჩვენი ღიმილის მიზეზია“; „ჩვენთან გარანტია არ არსებობს“, „იყიდეთ ერთი და მეორეს უფასოდ მოგყიდით“ – ეს კომპანიის სოციალური მედიის პოსტების ნაწილია.
როგორ შეიქმნა ძალიან ცუდი კომპანია
როგორც ახალგაზრდა კომპანიის დამაარსებელი, თენგო ხუნაშვილი, Venue.-სთან ინტერვიუში ამბობს, მას უბრალოდ მარკეტინგი უყვარს და სურდა, აუდიტორიასთან კომუნიკაცია განსხვავებული გზით დაემყარებინა.
ბევრი ძიების შემდეგ, მიხვდა რომ რაიმე პროდუქტი უნდა შეექმნა და კამპანიაც სწორედ მასზე აეგო. სწორედ ასე გაჩნდა სლენგების გაყიდვის იდეაც. სლენგები მაისურზე აღმოჩნდა და ბრენდიც შეიფუთა.
„ვფიქრობ, იდეა არ არის კრეატიული, ჩვენ უბრალოდ არსებული მაგალითები გამოვიყენეთ და შედეგმაც არ დააყოვნა. ინსპირაცია რამდენიმე წლის წინ ნანახი სერიალი აღმოჩნდა, სადაც მსგავსი ტიპის, ძალიან ცუდი და კარგი კომპანია არსებობდა. პირველ პოსტს ძალიან დიდი გამოხმაურება ჰქონდა, ამან მიგვახვედრა რომ კამპანია მთლად ურიგო არ იყო. ძალიან ბევრმა ადამიანმა მოგვწერა და ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა“
თენგო ხუნაშვილი.
რეალურად პროდუქტი სლენგები და კომუნიკაციის ფორმაა, არა – თავად მაისური. თავად იდეის ავტორი კი, 24 წლის თენგო ხუნაშვილია, რომელსაც მარკეტინგთან პროფესიული კავშირი არ აქვს. ის საავიაციო სფეროშია, თუმცა ამბობს რომ მარკეტინგი ძალიან უყვარს. აღნიშნული კამპანიით კი, მარკეტინგის სფეროში სწავლისა და დაკვირვების საშუალება მიეცა.
Loading…