„სხვა გზა არ არის“ – წარმატებული მარკეტერები, დიზაინერები, სტარტაპერები და კრეატიული სფეროს წარმომადგენლები გვიყვებიან თავიანთი ცხოვრების ყველაზე რთული ეპიზოდის შესახებ, რომელიც წარმატებით გადალახეს და იმაზე უფრო ძლიერები და წარმატებულები გახდნენ, ვიდრე ამ რთულ ეპიზოდამდე იყვნენ. პროექტის მიზანია, მოტივაცია მივცეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა გადიან კარიერაში რთულ პერიოდს.
რუბრიკის დღევანდელი სტუმარია ავეჯის მაღაზიათა ქსელ „კომფორტერის“ მარკეტინგის მენეჯერი მარიამ დვალიშვილი.
სამსახური პირველად 19 წლის ასაკში დავიწყე. მაშინ კავკასიის უნივერსიტეტის მედიასკოლის პირველ კურსზე ვსწავლობდი. უნივერსიტეტში მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გადმოტანის გამოცდილება ჯერ არ მქონდა, ამიტომ პირველი სამსახური ჩემთვის ამ მხრივაც საინტერესო გამოწვევა იყო. მომიწია ახალ გარემოსთან ადაპტაცია, ბევრ საინტერესო ბიზნეს პროექტში მონაწილეობა, რომელშიც სიამოვნებით ვერთვებოდი და ვცდილობდი, ყველაფერი ამეთვისებინა და პასუხისმგებლობით შემესრულებინა ჩემზე დაკისრებული მოვალეობები. ჩემმა გუნდმა, კოლეგებმა მომცეს ძალიან დიდი სტიმული, რამაც ჩემს პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას ხელი შეუწყო.
იმედი თუ დამიკარგავს…
როდესაც კარიერაში პირველ ნაბიჯებს ვდგამდი, რა თქმა უნდა, იყო მომენტები, როდესაც საკუთარი თავის იმედი დამიკარგავს და შემშინებია, თუმცა ვფიქრობ, ამ ყველაფერს გავუმკლავდი, საკუთარი თავის რწმენითა და დიდი შრომის შედეგად. ზოგადად, რთულ სიტუაციებში აუცილებელია, გქონდეს საკუთარი თავის რწმენა და პრიორიტეტების სწორად დალაგების უნარი.
რას ეტყვით/ურჩევთ იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა არიან მძიმე დაბრკოლებების წინაშე?
ადამიანებს, რომელიც დაბრკოლების წინაშე დგანან, ვეტყოდი, რომ მთვარია, ამ დაბრკოლებებთან გამკლავების ძლიერი სურვილი და შრომა. არასდროს იფიქრონ, რომ თუ რაიმე არ გამოვა, ეს მათი უცოდინრობის გამო ხდება და ამის გამოსწორება შეუძლებელია. პირიქით, თუ რაიმე არ იციან, უნდა ისწავლონ, თუ რაიმე არ გამოდის, ბევრჯერ უნდა სცადონ. რთულ სიტუაციებში თქვენი თვითშეფასება არ უნდა დაეცეს, რადგან ამან შესაძლოა, წარმატებაზეც იქონიოს გავლენა. წარმატებისკენ მიმავალი გზა რთულია, თუმცა არა მისაღწევად შეუძლებელი.
ჩემი გამოცდილებით, შემიძლია, გირჩიოთ, რომ ძალიან მეხმარება ჩანაწერების გაკეთება, რომელი გეგმა რის შემდეგ უნდა შევასრულო. დეტალურად ვწერ ხოლმე, რა ნაბიჯები უნდა გადავდგა კონკრეტული დაბრკოლების გადასალახად. ეს მიდგომა ყველაფერს თავის ადგილზე ალაგებს და თითქოს დაულაგებელი პროცესი ძალიან მარტივდება. ეს მეთოდი შეგვიძლია, არამხოლოდ გამოწვევებთან გასამკლავებლად, არამედ ყოველდღიურ სამუშაო დღეებშიც გამოვიყენოთ, რომ პრიორიტეტები სწორად გადავანაწილოთ, სამუშაო პროცესი მაქსიმალურად გამარტივდეს და დავზოგოთ დრო, რომელსაც დღეს ძალიან დიდი ფასი აქვს.
Loading…