in

Long Term Info – ლელ შერაზადიშვილის სტარტაპი ჰოლივუდში

ლელ შერაზადიშვილი ერთი წელია, აშშ-ში, ლოს-ანჯელესში მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. Long Term Info კი მისი ვებგვერდია, სტარტაპი, რომელზე მუშაობაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასვლიდან რამდენიმე თვეში დაიწყო.

პროფესიით ჟურნალისტია და საქართველოში ყოფნის პერიოდში მუშაობდა სხვადასხვა მედიასაშუალებაში. იყო ერთ-ერთი რეიტინგული ვებპორტალის მთავარი რედაქტორი და ყოველთვის ოცნებობდა საკუთარ ონლაინ გამოცემაზე, რომელიც მხოლოდ პოზიტიურ ამბებზე იქნებოდა ორიენტირებული. ეს ოცნება კი ჰოლივუდში აისრულა.

Venue.-სთან ინტერვიუში გვესაუბრება, ამერიკულ ცხოვრებაზე, ვებგვერდის შექმნის პროცესზე – იდეის დაბადებიდან შესრულებამდე და ასევე თავის გეგმებზე.

ლელ, პირველ რიგში, გკითხავ, როგორ დაიწყო შენი ამერიკული ცხოვრება, როგორ მოხვდი ლოს-ანჯელესში?

გავთხოვდი. არასდროს მიფიქრია საქართველოს დატოვებაზე და მეგონა, ამას ვერასოდეს ვერაფერი მაიძულებდა, მაგრამ ეს ვერაფერი არ მოიცავდა ლევანი დვალიძეს, ბიჭს, რომელიც ბავშვობიდან მიყვარდა და რომელიც 10 წელზე მეტია, ლოს-ანჯელესშია გადმოსახლებული. ორი წლის წინ დავქორწინდით და წამომიყვანა ამ ზღაპრულ ქალაქში მეც.

თბილისი ისტერიული ცრემლებით დავტოვე, დამცინოდნენ, ისეთი სახით მიდიხარ გეგონება ჰოლივუდში კი არა, რომელიღაც მიყრუებულ სოფელში უნდა იცხოვროო, მაგრამ ახლა, აქაურობა ისე მომწონს, ლევანს ძალიან ხშირად ვუხდი მადლობას ჩემი აქ ჩამოყვანისთვის.

საიდან დაიბადა ვებგვერდის შექმნის იდეა?

2009 წლიდან მოყოლებული ძირითადად ონლაინმედიაში ვმუშაობდი და ამ სფეროს ისე კარგად ვიცნობდი, საქართველოშივე მინდოდა ჩემი საიტის გაკეთება, მაგრამ იმდენად დატვირთული გრაფიკი მქონდა ყოველთვის, არც დრო მრჩებოდა, არც – ენერგია. სამსახურების მიტოვებისა და საკუთარი საიტის ნულიდან დაწყების ფუფუნების უფლებას კი ვერ ვაძლევდი საკუთარ თავს.

ამერიკაში ჩამოსვლისთანავე, ლევანმა ყველანაირი პირობა შემიქმნა, რომ საიტი გამეკეთებინა. ფიზიკურად, მორალურად, ფინანსურად, ყველანაირად ჩაერთო და დაიბადა Long term Info.

ასევე, უნდა აღვნიშნო ერთი ძალიან მაგარი ადამიანი, პროგრამისტი გიორგი ჭანტურიძე. ისიც ლოს-ანჯელესში ცხოვრობს და ძალიან აქტიურად არის ჩართული Long term Info-ს საქმეებში.

სახელი რის მიხედვით შეარჩიე?

გრძელვადიანი ინფორმაცია ანუ სტატიები, რომლებიც აქტუალობას დიდი ხნის განმავლობაში არ დაკარგავს. Long term Info არ არის ვებგვერდი ისეთი ნიუსებისთვის, რომლებიც დღეს საინტერესოა და ხვალ უკვე ძველი იქნება. აქვს განყოფილება Short news, რომელიც მსგავსი სტატიებისთვის არის განკუთვნილი, მაგრამ ძირითადად გრძელვადიან ინფორმაციაზე ვართ გათვლილი.

ძირითადად, რა თემატიკაზე წერ და რა აუდიტორიაზეა გათვლილი?

ჩემი ოცნება იყო ისეთი საიტის არსებობა, რომელიც მხოლოდ პოზიტიურ ამბებს გააშუქებდა, რადგან ფეისბუქზე ყოველთვის მთრგუნავდა ნეგატიური ნიუსების სიმრავლე. და როცა ჩემი საიტი მაქვს, რა თქმა უნდა, მინდა, რომ ძალიან დავამგვანო იმ ჩემი ოცნების ვებგვერდს.

გათვლილია იმ ადამიანებზე, რომლებიც პოლიტიკითა და ნეგატივით არ იკვებებიან. უყვართ საინტერესო ადამიანები, ფილმები და მოგზაურობა. აინტერესებთ მოდა, ინტერიერის დიზაინი, ჯანსაღი ცხოვრების წესი და ეძებენ ინსპირაციას.

რა პრინციპით შეარჩიე ვებგვერდის თემატიკა?

ჩემი გამოცდილების გათვალისწინებით, რაც ვიცოდი, რომ რეიტინგული იყო, ის თემები ავარჩიე. მიუხედავად იმისა, რომ რეიტინგულია, უარი ვთქვი ყვითელ პრესაზე. მიმუშავია სიყვითლეში და ზუსტად ვიცი, ყველაზე უფრო მოსაწყენი სფეროა, ახალს და საინტერესოს ვერაფერს სწავლობ, არადა წერის მთავარი ხიბლი, სწორედ ის არის, რომ შენს მკითხველთან ერთად, შენც იღრმავებ ცოდნას.

როგორც ვიცი, მთლიანად შენ მართავ და შენ წერ სტატიებს, როგორ ახერხებ დამოუკიდებლად ამ ყველაფრის კეთებას?

წინასწარვე ვიცოდი, რომ მარტივი არ იქნებოდა, მაგრამ იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. თუმცა ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე, ვიცი, კარგი რაღაცები მარტივად არ მოდის ცხოვრებაში. შრომა და ენერგია სჭირდება მიზნის მიღწევას, ამიტომ სირთულეები ჩემს განწყობაზე ნეგატიურად არ მოქმედებს. ვმუშაობ და მშვიდად ველოდები შედეგს, რომელიც ძალიან მინდა, მალე დავსვა.

შენ ქართველ აუდიტორიაზე მუშაობის გამოცდილება გაქვს, რადგან ჟურნალისტი ხარ პროფესიით და ერთ-ერთი ვებგვერდის რედაქტორიც იყავი, რაც ეხება ამერიკულ აუდიტორიას, რა შეგიძლია გვითხრა ამერიკელ მკითხველზე, ძირითადად, რა თემები აინტერესებთ?

ქართველებისგან განსხვავებით, ამათ უფრო უყვართ პოზიტიური ნიუსები და ეს მომწონს. ჯანსაღი კვება და ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების სტილი ყველაზე უფრო აქტუალური თემაა აქ.

სასიამოვნო განსხვავებაა ის, რომ ქართველმა მკითხველმა შექება არ იცის, ამერიკელებს კი თუ მოსწონთ სტატია, პოზიტიურ კომენტარებს გიწერენ, მადლობას გიხდიან და ეს ძალიან დიდი სტიმულია.

როგორ ფიქრობ, რთულია, ამერიკელი აუდიტორიის დაინტერესება იმ დონემდე, რომ ვებგვერდმა რეკლამებიც მოიზიდოს და შემოსავლის წყაროდ იქცეს?

საქართველოში ერთი „ბომბა“ სტატია საკმარისია, რომ გამოცემა პოპულარული გახდეს, მაგრამ აქ ეგრე არ ხდება. აქ უფრო საფუძვლიანად უნდა გაგიცნონ და მერე გახდებიან ერთგული მკითხველები.

ზოგადად, ამერიკაში რა სირთულეებს უკავშირდება მსგავსი საქმიანობის დაწყების დროს დაფინანსების მოპოვება და ხომ არ გიცდია ამ კუთხით რაღაც ნაბიჯების გადადგმა, სპონსორის მოძიება და ა.შ.

სპონსორი არ მინდა, რადგან ეს თავისუფლებას შემიზღუდავს, მისი შეხედულებების გათვალისწინება მომიწევს. რეკლამები მირჩევნია შემოსავლის წყაროდ.

მოგვიყევი, რა გეგმები გაქვს ვებგვერდთან დაკავშირებით, გეგმავ თუ არა უფრო გააქტიურებას?

Long Term Info-ს პოპულარიზაციაზე ვმუშაობ ამ ეტაპზე ძირითადად და პარალელურად, მზადდება მეორე ვებგვერდიც, რომელიც მხოლოდ მოდასა და სტილზე იქნება ორიენტირებული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

21 ივნისი მამის დღეა: „მამობა საუკეთესო პროფესიაა“

როგორ გავუგზავნოთ WhatsApp-ში მესიჯი ადრესატს, რომელმაც დაგვბლოკა