Targmany – სწრაფად მზარდი მთარგმნელობითი მომსახურების სააგენტოა, რომელიც 2020 წელს შეიქმნა და დაკომპლექტებულია გამოცდილი თარჯიმნებით. ჩვენი მაღალკვალიფიციური პროფესიონალთა გუნდი მომხმარებლებს ნებისმიერი სირთულის ტექსტებისა და აუდიო-ვიდეო მასალის თარგმნას სთავაზობს.
სტარტაპის შექმნის იდეასა და სამომავლო გეგმებზე Venue. კომპანიის დამფუძნებლებს ესაუბრა.
რა მექანიზმით მუშაობს თქვენი სტარტაპი, დეტალურად რომ აღგვიწეროთ
თარგმანში მომსახურების მიღება სრულად დისტანციურად არის შესაძლებელი. მომხმარებელი გვიგზავნის დოკუმენტს, რომლის თარგმნაც სჭირდება, ფასისა და ვადების შეთანხმების შემდეგ კი ჩვენი თარჯიმნები იწყებენ თარგმნას. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია თარგმნის ხარისხი და ვადები, სწორედ ამიტომ შევარჩიეთ გამოცდილების მქონე პროფესიონალ თარჯიმანთა გუნდი, რის შედეგადაც მომხმარებელს მაღალხარისხიან მომსახურებას ვთავაზობთ.
როგორ მიხვედით ამ სტარტაპის იდეამდე?
ბოლო თვეებმა, როდესაც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა საერთო პრობლემის, კოვიდ 19-ის, წინააღმდეგ ბრძოლაში გაერთიანდა, ნათლად დაგვანახა, რა დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ადამიანებს ერთმანეთის გვესმოდეს მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველანი ჩვენ-ჩვენს მშობლიურ ენაზე ვსაუბრობთ. სწორედ ამიტომ შევქმენით მთარგმნელობითი მომსახურების სააგენტო – Targmany, რომელიც დაგეხმარებათ ნებისმიერ ენაზე დაწერილი ტექსტის გაგებაში.
რა პრინციპით შეარჩიეთ სახელი?
სახელის შერჩევაზე ბევრი არ გვიფიქრია, გვინდოდა მარტივად გასაგები და დასამახსოვრებელი ყოფილიყო, სწორედ ამიტომ შევარჩიეთ „თარგმანი“.
რამდენი ადამიანი მუშაობს ამ პროექტზე?
პროექტზე ორნი ვმუშაობთ (რა თქმა უნდა, თუ არ ჩავთვლით სხვადასხვა ენის თარჯიმნებს) და სრულად ვართ ჩართული ყველა პროცესში.
რა სირთულეები შეგხვდათ სტარტაპზე მუშაობის პერიოდში?
იქიდან გამომდინარე, რომ ყველაფერი თვითონ გავაკეთეთ, შეგვექმნა ბევრი ტექნიკური სირთულე, მაგალითად ვებგვერდის აწყობასთან დაკავშირებული სირთულეები და ა.შ. თუმცა, ვფიქრობთ, ამან უფრო გაგვზარდა და ბევრი რამე გვასწავლა, რაც შემდგომი ნაბიჯების განხორციელებაში დაგვეხმარა.
რით არის თქვენი სტარტაპი გამორჩეული? რა არის ის ნიშა, რაც პროექტის ინდივიდუალურობას უსვამს ხაზს?
Targmany არ არის ერთი მოსაწყენი მთარგმნელობითი სააგენტო. ჩვენი მიზანია, საზოგადოებას დავანახოთ ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კრეატივი. აგრეთვე ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია მომხმარებლის კმაყოფილება და ნდობა, რასაც დიდ ყურადღებას ვაქცევთ.
როგორ ფიქრობთ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი სტარტაპის დაწყების დროს: იდეა, ადამიანური რესურსი თუ დაფინანსება?
ალბათ, გააჩნია სტარტაპს. თავიდან იდეა, შემდეგ ადამიანური რესურსი და მერე, ზოგ შემთხვევაში, დაფინანსება. თუმცა საკმაოდ მნიშვნელოვანია მიზნებიც და ამ მიზნების მისაღწევად ამოცანების დასახვა.
დაფინანსება მოიპოვეთ თუ საკუთარი ხარჯებით დაიწყეთ საქმიანობა? აპირებთ თუ არა ბიზნესის გაფართოებას? რა გჭირდებათ იმისთვის, რომ ბიზნესი გააფართოვოთ?
საქმიანობა საკუთარი ხარჯებით დავიწყეთ და ამ ეტაპამდე არანაირი დაფინანსება არ მიგვიღია. მიუხედავად ამისა, გვაქვს გარკვეული გეგმები, რომელთა განსახორციელებლადაც, დიდი ალბათობით, მომავალში დაფინანსება დაგვჭირდება, ვმუშაობთ ამ კუთხითაც.
თქვენი გეგმა რა არის მოკლევადიან და გრძელვადიან პერიოდში?
როგორც აღვნიშნეთ, ჩვენი სტარტაპი ჯერ ძალიან ახალია, ამიტომ, ჯერჯერობით ჩვენი მთავარი მიზანია, მომხმარებელს მივაწოდოთ ხარისხიანი მომსახურება. მათი კმაყოფილება კი ჩვენს სტარტაპს წარმატებას მოუტანს.
რა რჩევას მისცემდით იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა იწყებენ თავიანთი იდეის სტარტაპად გადაქცევას?
აუცილებლად გამონახონ დრო იმისთვის, რომ თავიანთი იდეები რეალობად აქციონ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სტარტაპი სწორედ მაშინ შეიქმნა, როდესაც ყველაზე მეტი თავისუფალი დრო გამოგვიჩნდა, გასაგებია, რომ პანდემია მხოლოდ რამდენიმე ათწლეულში ერთხელ ჩნდება, ამიტომ ასეთი მოვლენების ლოდინი არ ღირს. არ შეუშინდნენ სირთულეებს, რადგან სწორედ სირთულეების დაძლევისა და ბევრი შრომის შედეგად მიიღწევა წარმატება.
Loading…