in

#სტარტაპი MZE – ქართული წარმოების თხევადი საპონი

ხარისხიანი პროდუქტი – თანაც, დამზადებული საქართველოში – MZE ბაზარზე არცთუ ისე დიდი ხანია, რაც გამოჩნდა, თუმცა უკვე დაიკავა თავისი ნიშა. თხევად საპონს, რომელშიც საქართველოსთვის დამახასიათებელი ნატურალური არომატებია წარმოდგენილი, ადგილობრივ ბაზარზე ანალოგი არ ჰყავს. როგორია გზა ბიზნესიდეიდან შემდგარ ბრენდამდე – ამის შესახებ კომპანიის თანადამფუძნებელი – მაშკა ჯორჯაძე მოგვიყვება.

რა პროდუქტებს გვთავაზობს Mze?

ამ ეტაპზე, ბრენდ MZE-ს ქვეშ გვაქვს 4 სახეობის თხევადი საპონი, რომელთა შემადგენლობაში ვიყენებთ საქართველოსთვის ისეთ ავთენტურ, ნატურალურ არომატებს, როგორიცაა – საფერავი, ტარხუნა და ლიმონი.

რამდენიმე თვის წინ ასორტიმენტს დავამატეთ ახალი პროდუქტი – თხევადი საპონი ანტიბაქტერიული მოქმედების ნატურალური ინგრედიენტით.

აგრეთვე, გაყიდვაშია სადეზინფექციო გელი, რომლის რეცეპტურაზე რამდენიმე თვე ვმუშაობდით, რათა შემადგენლობაში გვქონოდა მაღალი ხარისხის სერტიფიცირებული ინგრედიენტები და სრულ შესაბამისობაში ვყოფილიყავით უსაფრთხოების სტანდარტებთან და საქართველოს კანონმდებლობასთან.

როგორ გაჩნდა სტარტაპის იდეა?

ჩვენი თავდაპირველი მიზანი 100%-ით ნატურალური და ორგანული ქართული კოსმეტიკის წარმოება იყო. თუმცა, ორგანული პროდუქტის წარმოებას დანადგარების მხრივ, მეტი ფინანსური რესურსი დასჭირდა. ამიტომ დავიწყეთ ისეთი პროდუქტით, რომლის ხარისხშიც დარწმუნებული ვიქნებოდით და თავის მოვლის სხვა საშუალებების წარმოება უახლოესი მომავლისთვის გადავდეთ.

რა პრინციპით შეარჩიეთ სახელი Mze?

თავად სიტყვის მნიშვნელობა ასოცირდება პოზიტიურ შეგრძნებებთან, მზეს აღწერ როგორც: თბილი, სასიამოვნო, ნათელი, მხიარული, ენერგიით აღსავსე და სხვა. ამასთან ერთად, ამ სიტყვას არ აქვს კავშირი რომელიმე კონკრეტულ ბრენდთან ან ნივთთან. ასევე, გამოირჩევა კარგი ჟღერადობით, როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე (Mze), რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია საექსპორტო ბაზრებისთვის.

მაშკა ჯორჯაძე – კომპანიის თანადამფუძნებელი

რამდენი ადამიანი მუშაობს ამ პროექტზე?

ამჟამად ჩვენს გუნდში არის 8 ადამიანი, რომლებსაც თავის თავზე აქვთ აღებული წარმოების ტექნოლოგიური მხარე, გაყიდვები, მარკეტინგი და დისტრიბუცია.

თქვენი გამოცდილებით, სტარტაპის წარმატებას რა განაპირობებს?

მე გამოვყოფდი 3 უმთავრეს ფაქტორს: იდეა – დღევანდელი სამომხმარებლო ბაზარი იმდენად არის გაჯერებული სხვადასხვანაირი პროდუქციით, რომ რთულია ახალი სიტყვა თქვა ინდუსტრიაში. მომხმარებელმა უნდა იგრძნოს შენი პროდუქტის/სერვისის ღირებულება და ინოვაციურობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაგიჭირდება წარმატების მიღწევა. მეორე – გუნდი, რომელიც უნდა იყოს დაკომპლექტებული განსხვავებული (და ერთმანეთის შემავსებელი), პიროვნული და პროფესიული უნარების მქონე ადამიანებისგან. ისინი აძლევენ კომპანიას მიმართულებას, ხედვას და კულტურას. და მესამე – ცოტა გამართლება.

სად შეუძლიათ მომხმარებლებს Mze-ს პროდუქციის შეძენა?

ჩვენი პროდუქცია ხელმისაწვდომია, ფაქტობრივად, ყველა სავაჭრო ქსელში: „კარფური“, „აგროჰაბი“, „ნიკორა“, „ორი ნაბიჯი“, „ევროპროდუქტი“, „უნივერსამი“.

ასევე ონლაინ: www.vendoo.ge

აპირებთ თუ არა ბიზნესის გაფართოებას?

ყოველდღიური საქმეების პარალელურად, სულ ვმუშაობთ ახალი პროდუქტების შემუშავებაზე. მიმდინარე თვეში, ანტიბაქტერიული მოქმედების საპნის ორი ახალი ვარიაციის ჩაშვება იგეგმება.

აგრეთვე, აქტიურად ვმუშაობთ ნატურალური ინგრედიენტებით და ეთერზეთებით გაჯერებული შამპუნისა და დუშგელის წარმოებაზე. ცოტა უფრო შორეულ გეგმებში განვიხილავთ ჩვენი საწყისი ბიზნესიდეის განხორციელებას – ორგანული კრემების და თავის მოვლის საშუალებების წარმოებას.

რა გჭირდებათ იმისთვის, რომ ბიზნესი გააფართოვოთ?

დიდ მასშტაბზე გადასასვლელად, რაც გულისხმობს ახალი პროდუქტების ხაზების დამატებას, არამხოლოდ თავის მოვლის, არამედ სხვა კატეგორიებშიც  (მაგ. საყოფაცხოვრებო ქიმიის), უმთავრესად გვჭირდება დამატებითი ფინანსური რესურსი.

რა რჩევას მისცემდით იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა იწყებენ თავიანთი იდეის სტარტაპად გადაქცევას?

ვურჩევდი, რომ ბიზნესის დაწყებისას და განვითარების ყველა ეტაპზე, ხარისხთან მიმართებით უკომპრომისოები იყვნენ.

მასალა მოამზადა ნატალია ჯალაღონიამ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

დიანა ტევანიანის Trash-პოეზია

Wizz Air მარტში ბრუნდება: გეგმაშია 40-მდე ქალაქისკენ ფრენების აღდგენა და ახალი მიმართულებების დამატება