in

„მისმიე“ – მათრობელა კარტი იზოლაციის გასახალისებლად

თამაშები, რომელთა დავალებებსაც ასრულებ ან სვამ –  ასეთია ახალგაზრდა სტარტაპის – „მისმიეს“ კონცეფცია,  რომელიც უკვე საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. საიდან გაჩნდა იდეა, როგორ უმკლავდება პანდემიით გამოწვეულ კრიზისს ბიზნესწამოწყება და რა იქნება შემდეგ – „ვენიუს“ კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი – დავით ხურცილავა ესაუბრა.

საკმაოდ საინტერესო და ინოვაციური წარმოწყება გაქვთ – ზოგადად, „მისმიეს“ კონცეფციაზე რომ გვიამბოთ.

„მისმიეს“ შექმნის იდეა დაიბადა პანდემიის დროს, როდესაც პირველი დარტყმა ტურიზმის სექტორმა მიიღო და მომიწია ტურისტული კომპანიის დროებით დახურვა. დაბადების დღეზე მეგობარმა საჩუქრად მომიტანა უცხოური დასალევი თამაში და სწორედ მაშინ მომივიდა აზრად, რომ მსგავსი ქართული პროდუქტი არ არსებობდა ჩვენს ბაზარზე; ინგლისური ვერსია კი – არ იყო მორგებული ქართულ სოციუმზე. იმავე ღამეს მომაფიქრდა სახელი „მისმიე“ – ეს არის იშვიათი ოთხპირიანი ზმნა ქართულ ენაში (მისმიე- მე, შენ, მას, ის) და ამბობს, რომ კომპანიის პროდუქტი ორიენტირებულია დალევაზე. ჩვენი მიზანია, რომ დალევის პროცესი და თითოეული ყლუპი უფრო სასიამოვნო და სახალისო გახდეს ადამიანებისათვის, რადგან სადღეგრძელოები, ტრადიციული სუფრები და უბრალო შეკრებებიც კი უკვე, ცოტა არ იყოს, მომაბეზრებელი გახდა. „მისმიე“ აწარმოებს დასალევ სამაგიდო თამაშებს და ნელ-ნელა ვითვისებთ საზოგადოების ყველა ფენას.

როგორ გაჩნდა სტარტაპის იდეა და რა რესურსები დაგჭირდათ მის განსახორციელებლად?

სახელის მოფიქრებისთანავე დავიწყე პირველი პროდუქტის შექმნა და დავალებების მოფიქრება. გავაანალიზე ბაზარზე უკვე არსებული პროდუქცია, შევაფასე მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები და ვეცადე, რომ პროდუქტი მთლიანად ქართულ რეალობაზე მომერგო. საბედნიეროდ, მცდელობამ გაამართლა და მოსალოდნელზე დიდი დაინტერესება მოჰყვა საზოგადოების მხრიდან. პირველადი რესურსები მხოლოდ და მხოლოდ პირადი დანაზოგი იყო. ნელ-ნელა კი, დაინტერესდნენ სხვა ადამიანები და მცირე მეწარმეები, რომლებმაც გარკვეული ინვესტიცია უკვე ჩადეს „მისმიეს“ განვითარებაში. ამ ეტაპზე, დასაქმებული გვყავს 8 ადამიანი – როგორც გაყიდვებში, ისე მარკეტინგის სფეროში.

მოგვიყევით იმ კონკრეტულ პროდუქტებზე, რომლებსაც თქვენს სეგმენტს სთავაზობთ.

ამ ეტაპზე, გვაქვს სამი პროდუქტი: „დამისხი დამალევინე“, „კიდევ დამისხი დამალევინე“ და „69სექსთინაინ“.

„დამისხი დამალევინე“ და „კიდევ დამისხი დამალევინე“ გახლავთ სამეგობრო წრეში სათამაშო დასალევი სამაგიდო თამაშები. თითოეული მათგანი შედგება 100 დავალებისგან, რომლებსაც მოთამაშეები ასრულებენ, ან სვამენ. ასევე დასტაში არის 3 ცარიელი კარტი, რომლებზეც მომხმარებლებს თავად შეუძლიათ დაიტანონ საკუთარი დავალებები და დაალევინონ მეგობრებს. აგრეთვე, შეუძლიათ ისინი ჩვენ გამოგვიგზავნონ და სამომავლოდ შეიქმნება ახალი თამაში მხოლოდ კონკკრეტული მომხმარებლების ავტორობით.

„69სექსთინაინი“ – სულ ერთი თვეა რაც გამოვუშვით და უკვე მოყვა ნამდვილი ბუმი. გარდა მიმზიდველი სახელისა და ვიზუალისა, თვითონ თამაში შინაარსობრივად მორგებულია არამხოლოდ შემდგარ წყვილებზე, არამედ ყოფილ და მომავალ წყვილებზეც. ასევე პროდუქტი იდეალურია მათთვის, ვისაც სურს, რომ უფრო მეტად გაიხსნან საყვარელ ადამიანებთან, გამოასწორონ პარტნიორებთან არსებული ურთიერთობა და, ერთი სიტყვით, ახალი სუნთქვა შეიტანონ ურთიერთობებში. დასტაში სულ 69 კარტია და თამაში დაყოფილია სამ დონედ: 1.„ჰარდთოქი“, 2.„პრელუდია“, 3 „სექსთინაინ“.

ახალი წლიდან მომხმარებლები ჩვენგან კიდევ ორ ახალ პროდუქტს მიიღებენ.

რა ეტაპზე ხართ ახლა და როგორია ოპერირება მაშინ, როდესაც კოვიდსიტუაციამ ბევრი ბიზნესი „ჩაძირა“?

3-თვიანი გაყიდვების პირობებში, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ „მისმიე“ მომხმარებლების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის. მას შემდეგ, რაც ლოკდაუნი გამოცხადდა და გასართობი სივრცეები დაიხურა, კიდევ უფრო გაიზარდა მოთხოვნა ჩვენს პროდუქციაზე. ჩვენ ვოპერირებთ მთლიანად ონლაინ, თუმცა ჩვენი პროდუქცია ასევე განლაგებულია მრავალ მაღაზიასა და ონლაინპლატფორმაზე მთელი საქართველოს მასშტაბით.
ასევე გვაქვს ხოლმე პრესეილები, როდესაც პროდუქტის მხოლოდ დიზაინია შექმნილი, მას ვუშვებთ გაყიდვაში და, საბედნიეროდ, მომხმარებელი ძალიან გვენდობა.

გაგვაცანით გუნდი, რომელიც „მისმიეს“ ქმნის.

„მისმიე“, ჯერჯერობით, მცირე კომპანიაა, რომელიც, ძირითადად, ფრილანსერებს ასაქმებს და რესურსებს ეძებს აუთსორსზე. ამ ეტაპზე, ძირითად საქმიანობას, რაშიც შედის კარტების შექმნა, დიზაინზე ზრუნვა, მათი შეფუთვა, დასაწყობება და გაყიდვები, ვეწევით მე და ჩემი შეყვარებული და, ჯერჯერობით, კარგად ვუმკლავდებით ამ ყველაფერს. გვყავს დიზაინერი, რომელიც ქმნის კარტების ვიზუალებს, ასევე სოციალური მედიის ჯგუფი. გვყავს რამდენიმე დამოუკიდებელი კურიერიც ფორსმაჟორული სიტუაციებისათვის.

როგორია „მისმიეს“ მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმები?

მოკლევადიან გეგმაში გვაქვს რაც შეიძლება შემჭიდროვებულ ვადებში, რაც შეიძლება მეტი ხარისხიანი და ახალი პროდუქტი შევთავაზოთ მომხმარებლებს. გვსურს, რომ „მისმიეს“ ახლო მომავალში ჰქონდეს საკუთარი პლატფორმა და მაღაზია, რომელიც დალევის და გართობის მოყვარულთა მთავარი მარკეტი გახდება საქართველოში.

სამომავლო გეგმებში, ამ ეტაპზე, შედის საზღვარგარეთ ჩვენი პროდუქციის გატანა. ამისათვის უკვე მზად გვაქვს რამდენიმე პროდუქტი, რომელიც ბაზარზე გამოჩნდება საზღვრების გახსნასთან ერთად და გარდა იმისა, რომ ეს პროდუქტები მოემსახურება მომხმარებლების გართობაზე ზრუნვას, ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც ქვეყნის პოპულარიზებას.

თუმცა, ჯერ მხოლოდ 3-თვიანი ისტორია გვაქვს და ყველაფერი წინაა. საზოგადოებაში ბრენდის პოპულარობა და მომხმარებლების მზარდი რაოდენობა გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ კომპანიას აქვს ყველანაირი პოტენციალი და რესურსი, რომ გაცილებით ფართო მასშტაბებზე გავიდეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

Wizz Air მარტში ბრუნდება: გეგმაშია 40-მდე ქალაქისკენ ფრენების აღდგენა და ახალი მიმართულებების დამატება

„ყოველთვის კოკა-კოლა“ – ყველაზე დასამახსოვრებელი სატელევიზიო რეკლამები