in ,

Elven Technologies – ქართული სტარტაპი, რომელიც მეხანძრის ცეცხლგაუმტარ ფორმაზე მუშაობს

რამდენჯერ გიოცნებიათ „დედპულის“, „რკინის კაცის“, „კაპიტან ამერიკასა“ და მარველის სხვა სუპერგმირების მსგავს კოსტიუმებზე? სულ მცირე, ფილმების ყურებისას მაინც გაგიჩნდებოდათ მსგავსი სურვილი, მაგრამ იმას თუ წარმოიდგენდით, რომ საქართველოშიც შესაძლებელი იქნებოდა ამ სურვილების ასრულება? დიახ, არ მოგესმათ, ამაში ახალი ქართული სტარტაპი Elven Technologies ზრუნავს და ათწლიან პროექტზე მუშაობს, რომელიც მაღალტექნოლოგიური უნიფორმების შექმნას გულისხმობს.

ამ ეტაპზე, კომპანია მეხანძრეების ცეცხლგაუმტარ ფორმაზე მუშაობს. კომპანიამ Elven Technologies 2020 წლის ბოლოს 160 ათასი დოლარის ღირებულების დაფინანსება მოიპოვა. 

სტარტაპის შესახებ Venue-ს ვამეხ ხერხეულიძე ესაუბრა, რომელიც კომპანიის თანადამფუძნებელია.

რა პროდუქტზე მუშაობს თქვენი სტარტაპი?

ჩვენ ვართ მაღალტექნოლოგიური სტარტაპი, რომლის საბოლოო მიზანი არის სრულიად ახალი, კოსმოსური უნიფორმის აწყობა.  ერთ-ერთი პირველი, რომელზეც ახლა ვმუშაობთ, არის მეხანძრის ცეცხლგაუმტარი უნიფორმა, რომელიც მარსის უნიფორმის ტექნოლოგიით არის შესრულებული და დიდი უპირატესობა აქვს მეხანძრის არსებულ ფორმებთან შედარებით, კერძოდ, ის 10-ჯერ უფრო ხანგრძლივად იცავს მეხანძრეს ცეცხლსა და მაღალ ტემპერატურაზე და ორჯერ უფრო მსუბუქია. 

დღევანდელი უნიფორმები პირდაპირ ალს 8-10 წამის განმავლობაში უძლებს. ჩვენ გაგრილების გარეშე, არსებული პროდუქტით წუთნახევარზე ავედით და გაგრილების სისტემას რომ ვაყენებთ, სადღაც ნახევარსაათიან დაცვას ვაღწევთ.

როგორ გაჩნდა სტარტაპის იდეა?

სტარტაპის იდეა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მუშავდებოდა. ეს არ იყო სწრაფი გადაწყვეტილება. დაახლოებით, ორი წლის განმავლობაში ვფიქრობდით სხვადასხვა ტექნოლოგიაზე, თუ როგორ შეიძლება დღეს არსებული პრობლემები სამეცნიერო დონეზე გადაწყდეს. ორწლიანი გათვლის შემდეგ, მივხვდით, რომ შესრულებადია და 2019 წლიდან დავიწყეთ. 

რამდენი ადამიანი მუშაობთ პროექტზე? 

მთავარ და სადამფუძნებლო გუნდში ოთხი ადამიანი ვართ, მაგრამ პროექტზე მთლიანად 10-12 ადამიანი მუშაობს. 

რას ნიშნავს თქვენი სტარტაპის სახელწოდება? 

Elven არის კუთვნილებითი ნაცვალსახელი, რომელიც ნიშნავს, რომ ეს ტექნოლოგიები შექმნილი არის ელფების მიერ, ვინაიდან მითოლოგიაში ელფები მუდმივად ასოცირდებიან უცნაურ მაგიასთან, რომელიც იმ დროისთვის ტექნოლოგიურად ძალიან წინ წამოწეულია. შესაბამისად, იმდენად მაღალტექნოლოგიურ რამეს ვაწყობთ დღევანდელ სამეცნიერო ბაზაზე, რომ შეიძლება, განიხილებოდეს როგორც მაგიური ტექნოლოგია.

რა სირთულეები შეგხვდათ იდეის განხორციელებისას?

იდეის განხორციელებისას სირთულეები ყოველდღიურად გვხვდება. ამ სტარტაპის კეთებისას ერთი დიდი სირთულე კი არ გადავლახეთ, არამედ ყოველდღიური პატარ-პატარა სირთულეების გადალახვით მივდივართ იქამდე, რომ სრულიად ახალი ტიპის რაღაცაზე ვმუშაობთ, რაზეც აქამდე არავის უფიქრია. 

ყველაზე დიდი სირთულე იყო პანდემიის პერიოდში ეკონომიკური რეცესია მთელ მსოფლიოში, კერძო ინვესტიციების მოზიდვა, მაგრამ რაც გვინდოდა, იმაზე ცოტა მეტიც კი მოვიპოვეთ. 160 ათასი დოლარის ინვესტიციის რაუნდი დავხურეთ დეკემბრის ბოლოს.

როგორ მოიზიდეთ ფინანსები?

საქართველოში 45 ათასი მოვიზიდეთ რვა ინვესტორისგან, 50 ათასით Technovate შემოვიდა და დანარჩენი 65 ათასი GITA-ს გრანტი. 

რას ურჩევდით დამწყებ სტარტაპერებს? 

პირველ რიგში, დაწყებისას ორ მთავარ რამეს ვურჩევდი, რომ დაიწყონ ისეთი რამე, რისიც სჯერათ და, რომელიც არა მხოლოდ ბიზნესია, არამედ კარგი საქმეა, ზოგადად, კაცობრიობისთვის. მეორე აუცილებლად გასათვალისწინებელი ნიუანსი ის არის, რომ პროდუქტზე მუშაობას სანამ დაიწყებენ, საკუთარ პოტენციურ მომხმარებლებს ჰკითხონ, უნდათ თუ არა ეს პროდუქტი და ზუსტად როგორი უნდათ. 

გყავთ თუ არა კონკურენტი ადგილობრივ ბაზარზე?

გააჩნია კონკურენტებს როგორ დავახარისხებთ. ჩვენი მსგავსი პროდუქტის აწყობის თვალსაზრისით ლოკალურ ბაზარზე კი არა მსოფლიოში არ გვყავს კონკურენტი. რეალურად, ამ უნიფორმის ანალოგი არსად არ არსებობს. ზოგად კონკურენციას რაც შეეხება, ის თავისთავად არსებობს, მეხანძრეებს უნიფორმები აქამდეც ეცვათ, თუმცა ძირითადად უნიფორმების შექმნის გავრცელებული ტექნოლოგია არის ერთი და იგივე. ნებისმიერი კონკურენტი შეგიძლია განიხილო როგორც კონკურენტი, მაგრამ ამავდროულად, ნებისმიერი კონკურენტი არის პოტენციური პარტნიორი. 

რა არის საჭირო რომ სტარტაპი წარმატებული იყოს? 

ჩემი აზრით, საჭირო არის, რომ იყოს კარგი იდეა და შემდეგ ძალიან ბევრი შრომა. იდეა, ინოვაცია და გლობალური მიზნები მთელი საქმის დაახლოებით 3-5%-ს უდრის, 95% კი დაუღალავი, ყოველდღიური, რუტინული შრომაა. 

მასალაზე იმუშავა ლიკა ერისთავმა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

ორწუთიანი დილის პრაქტიკა, რომელიც თქვენს დღეს უკეთესს გახდის

როგორ შევინარჩუნოთ მოტივაცია, როცა ჯერ კიდევ სახლში ვართ და ცხოვრება გვძულს