in

#სტარტაპი „გადაიღე“ – ყველაფერი, რაც შენი ბიზნესის სწორ მარკეტინგს გამოადგება

თანამედროვე ეპოქა უკვე წარმოუდგენელია ციფრული სამყაროს გარეშე. სოციალური ქსელები ადამიანებისთვის ინფორმაციის მიღებისა და გაზიარების ერთ-ერთი მთავარი წყაროა. ამ ყველაფერმა კი გააჩინა ახალი პროფესია – სოციალური მედიის მენეჯერი. „გადაიღე“ ქართული სტარტაპია, რომელიც მომხმარებელს არამარტო ზემოაღნიშნუ მომსახურებას სთავაზობს, არამედ ფოტო-ვიდეო გადაღებასა და გრაფიკულ დიზაინშიც ეხმარება.

სტარტაპის დამფუძნებლები VENUE-ს საკუთარ ამბავს უყვებიან:

რა პროდუქტზე მუშაობს თქვენი სტარტაპი?

„გადაიღე“ გულისხმობს, როგორც ნებისმიერი სახის ფოტო/ვიდეო გადაღებას, ასევე გრაფიკული დიზაინისა და ციფრული მედიის მომსახურებას ნებისმიერი კუთხით. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს მთლიან მომახურებას, რაც სოციალური ქსელებისა და მარკეტინგის მართვასა და შექმნაში შეიძლება დაგჭირდეთ.

როგორ გაჩნდა სტარტაპის იდეა?

იდეა გაჩნდა ძალიან ჩქარა და მარტივად, როდესაც გავიაზრეთ, რომ როდესაც ბიზნესისთვის მარკეტინგული მომსაურება გჭირდება, სრულ მომსხურებას თითქმის არავინ გიწევს; გჭირდება, რომ სხვადასხვა ადამიანთან და კომპანიასთან გქონდეს შეხება და საქმიანი ურთიერთობა. მაგალითად გიწევს, რომ გრაფიკული დიზაინერი, ფოტოგრაფი, ვიდეოგრაფი, სოც მედიის მენეჯერი და ა.შ. ცალ-ცალკე იპოვო. ჩვენ კი გადავწყვიტეთ, ხალხისთვის ეს ყველაფერი უფრო გაგვემარტივებინა და ერთ კომპანიად შეგვეთავაზებინა, რომლითაც სრულ მარკეტინგულ მომსახურებს შევთავაზებდით.

რამდენი ადამიანი მუშაობთ პროექტზე?

პროექტი შევქმენით ორმა ადამიანმა, თუმცა გვყავს ფრილანსერების გუნდი, რომელიც ჩვენთან ერთად მუშაობს უშუალოდ შეკვეთებზე.

რას ნიშნავს თქვენი სტარტაპის სახელწოდება?

იქიდან გამომდინარე, რომ ბრენდს სხვადასხვა სახის მომსახურება აქვს, სახელის მოფიქრება რთული აღმოჩნდა. გვსურდა, ისეთი სახელი შეგვერჩია, რომელიც კომპანიის სრულ კონცეფციასა და შინაარსს ერთ სიტყვაში ჩაატევდა და ამასთან, მარტივი დასამახსოვრებელიც იქნებოდა, ამიტომ საბოლოოდ „გადაიღეზე“ შევჯერდით, რაც ნამდვილად გამოხატავს კომპანიის სრულ კონტენტსა და მრავალფეროვან მომსახურებას.

რა სირთულეები შეგხვდათ იდეის განხორციელებისას?

სირთულეები ნამდვილად იყო. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ფინანსები იყო, რაც დღემდე ხელს გვიშლის იდეის სრულყოფილ ვერსიამდე მისაყვანად. ასევე, ძალიან დიდი როლი ითამაშა პანდემიამ და დღევანდელმა ეპიდვითარებამ. ძალიან რთულია სერვისი შესთავაზო კომპანიას, რომელსაც თავისი თავის არსებობის ბიუჯეტიც კი აღარ აქვს. აქედან გამომდინარე, ვცდილობთ, დავეხმაროთ კომპანიებსაც და ჩვენს თავსაც არსებობაში – ამიტომ ჩვენს სერვისებს მათ მისაღებ ფასად ვთავაზობთ.

როგორ მოიზიდეთ ფინანსები?

ფინანსები, როგორც აღვნიშნეთ, დღემდე პრობლემაა. არ გვყავს არც დამფინანსებელი და არც გრანტი გვაქვს. გვიწევს ბიუჯეტი ჩვენით გამოვყოთ ამ სტარტაპის ბოლომდე ჩამოსაყალიბებლად და ბაზარზე სრულად წარსადგენად.

რას ურჩევდით დამწყებ სტარტაპერებს?

დამწყებ სტარტაპერებს ვურჩევთ, რომ არ დანებდნენ. ძალიან ბევრი სირთულე და პრობლემა შეგხვდებათ, ბევრი გაგაკრიტიკებთ, შეიძლება თავიდან მოგების მაგივრად პირიქით, მინიუსში წახვიდეთ, მაგრამ ეს არ გაძლევთ იმის საბაბს, რომ შეეშვათ იმ საქმე, რომელიც დაიწყეთ. მნიშვნელოვანია, რომ თავდაჯერებულები იყოთ და თავდაუზოგავად იშრომოთ იმ შედეგისთვის, რომელსაც აუცილებლად მიაღწევთ.

გყავთ თუ არა კონკურენტი ადგილობრივ ბაზარზე?

კონკურენტები, რა თქმა უნდა გვყავს, თუმცა ჩვენ ვცდილობთ, რომ ისინი არა კონკურენტებად, არამედ მასწავლებლად აღვიქვათ და შევძლოთ, მათ შეცდომებზე სწავლა, მათგან იმ ცოდნის მიღება, რაც გამოგვადგება ჩვენი სტარტაპის სრულყოფილად წარმართვისთვის.

რა არის საჭირო, რომ სტარტაპი წარმატებული იყოს?

წარმატებული სტარტაპისთვის საჭირო ძალიან ბევრი რამ არის. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი კი ისაა, რომ გესმოდეს და მოგწონდეს ის საქმე, რომელსაც აკეთებ. უნდა გჯეროდეს საკუთარი თავისა და იმ სტარტაპის წარმატების, რომელსაც ქმნი. არცერთ შემთხვევაში არ უნდა დანებდე და მყარად შეხვედე ყველა იმ პრობლემას, რაც სტარაპის შექმნისა და განვითარების დროს შეგხვდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

გარეთ კითხვა თვალებისთვის სასარგებლოა

თინეიჯერებმა მზის მსგავსი ვარსკვლავის გარშემო მოძრავი ოთხი პლანეტა აღმოაჩინეს