თითქმის 30 წლიანი პაუზის შემდეგ, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ კონკურსში ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმის მსოფლიო პრემიერა გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
ფილმი საქართველო-გერმანიის კოპროდუქციაა და მისი სახელწოდებაა „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?”. რეჟისორი – ალექსანდრე კობერიძე.
„მას შემდეგ, რაც 1993 წელს თემურ ბაბლუანის ფილმს „უძინართა მზე“ ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე „ვერცხლის დათვი“ გადაეცა, ფესტივალის მთავარ კონკურსში ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმი არ შერჩეულა“, – აღნიშნულია კინოცენტრის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, პანდემიის გამო, ბერლინის 71-ე საერთაშორისო კინოფესტივალი ჩვეული ფორმატით არ გაიმართება. 1-5 მარტს მოეწყობა ევროპული კინოს ვირტუალური ბაზრობა Industry Event, ხოლო 9-20 ივნისს ზაფხულის გამოშვების (Summer Special) ფარგლებში ნაჩვენები იქნება ფესტივალის მიერ შერჩეული ფილმები.
Loading…