in , ,

#მეშევძელი – პლატფორმა, რომელიც წარმატების ისტორიებს აერთიანებს

მოტივაციის პლატფორმა #მეშევძელი, რომელიც წარმატების ისტორიებს აერთიანებს

#მეშევძელი არის ონლაინპლატფორმა, რომელიც წარმატების ისტორიებს აერთიანებს. პროექტი ადამიანების მოტივირებასა და წარმატებისკენ მუდმივი სვლის წახალისებას ისახავს მიზნად.

Venue. პროექტის იდეის ავტორს, მარკეტერსა და ლექტორს, დავით ჩქოტუას, ესაუბრა.

მოგვიყევი შენი პროფესიული გამოცდილების შესახებ

ჩემი გამოცდილება კომუნიკაციების სფეროში რვა წელს მოიცავს: კერძო, არასამთავრობო და საჯარო სექტორში. თუმცა ჩემი ისტორია სულ სხვაგან დაიწყო – სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე.

როგორც ხდება ხოლმე, ბებიას სამედიცინო უნდა, დედას – სამართალი, მამას – ეკონომიკა, მე – მსახიობობა. საბოლოოდ, დედამ გაიმარჯვა!

პირველივე კურსიდან აქტიურ სტუდენტურ ცხოვრებას ვეწეოდი – ახალგაზრდული ორგანიზაციები, გაცვლითი პროგრამები, მოხალისეობრივი საქმიანობა, პროექტები, სადაც სხვადასხვა სფეროსთან მქონდა შეხება. ვიმუშავე იურისტად, ფოტოგრაფად, კამერამენად, მსახიობად, სოციალური მედიის მენეჯერად, ჟურნალისტად.

საბოლოო ჯამში, მივხვდი, რომ შესაძლებელი იყო ამ ყველაფრის ერთ პროფესიაში გაერთიანება და მიღებული გამოცდილების, როგორც უპირატესობის გამოყენება კონკურენტულ ბაზარზე. ერთია, იცოდე, რომ გჭირდება ფოტოგრაფი და მეორეა, იცოდე მასთან მუშაობა და მისი ენა. ამასთან, იურიდიული განათლებაც მეხმარება ხელშეკრულებებთან თუ სხვადასხვა დოკუმენტებთან მუშაობის დროს და ვთვლი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე უმაღლესი განათლების ორივე საფეხურზე. მადლობა ჩემებს!

საბოლოოდ, მივიღე საზოგადოებრივი ურთიერთობების მაგისტრის წოდება და დღეს კომუნიკაციების სფეროში კომფორტულად ვგრძნობ თავს. ამასთან, ვკითხულობ ლექციებს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში და ვეხმარები სტუდენტებს გაიარონ ის გზა, რომელიც მე გავიარე.

#მეშევძელის იდეა როგორ გაჩნდა? რა იყო მთავარი მოტივაცია?

ალბათ, უნდა ვაღიარო, რომ მეც მქონდა პრობლემები კარიერის საწყის ეტაპზე მოტივაციისა და თავდაჯერებულობის კუთხით. სამწუხაროდ, მსგავსი პრობლემა ხშირია ჩვენს ქვეყანაში – საზოგადოება ჩაკეტილია და კომუნიკაციის დეფიციტს განიცდის. პანდემიის პერიოდში აღმოვაჩინე ძალიან ბევრი კარგი ადამიანი წარმატებული ისტორიით, რომელიც, მიუხედავად მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისა, უმკლავდებოდა გამოწვევებს და მტკიცე ნაბიჯებით მიიწევდა საკუთარი მიზნისკენ. ამ პერიოდში, განსაკუთრებით ჩემს სფეროში, ბევრმა დაკარგა სამსახური, მოუწია პროფესიის შეცვლა, ახალი ცხოვრების დაწყება, თუმცა მათ უკან არ დაუხევიათ. ეს ისტორიები ჩემთვის მოტივაციის წყარო გახდა. ხშირად, მეც ვხდებოდი მოტივაციის წყარო სხვებისთვის – მე შევძელი და ძალიან რთული გადაწყვეტილება მივიღე ამ პერიოდში კარიერული განვითარების კუთხით, რითაც დღეს ბედნიერი ვარ.

სწორედ აქ გაჩნდა იდეა – მე შევძელი, გადავდგი ნაბიჯი და მივიღე შედეგი. ამაში სხვა ადამიანების გამოცდილებაც დამეხმარა. თუკი ეს სხვებსაც დაეხმარება, რატომაც არ უნდა იარსებოს პლატფორმამ, სადაც ადამიანები ისაუბრებენ თავიანთ წარმატებაზე?

როდის დაიწყე ეს პროექტი და როგორ ფიქრობ, სწორი დრო შეარჩიე ამისთვის?

პროექტი დავიწყე ზაფხულში, სასწავლო წლის ბოლოს. ჩემს სტუდენტებს შევთავაზე ამ პროექტის განხორციელებაში მონაწილეობის მიღება და მოვამზადე პირველი პოსტი. ვფიქრობ, შესაფერისი დრო იყო – სწორედ ამ დროს სჭირდებოდათ ადამიანებს მოტივაცია და პოზიტიური მუხტი, რომელსაც ეს პლატფორმა ქმნის. დღესაც, ბევრი მეუბნება, რომ მისი დილა ამ ჯგუფის პოსტების კითხვით იწყება. დამეთანხმებით, სასიამოვნო მომენტია.

პანდემიის პირობებში როგორ შეძელი ხალხის დაინტერესება და ამ იდეის გარშემო გაერთიანება?

სიმართლე გითხრათ, ჩემთვისაც მოულოდნელი იყო პირველივე დღეებში ამხელა გამოხმაურება. არანაირი ხელოვნური ინსტრუმენტები – დავწერე პირველი პოსტი, დავამატეთ რამდენიმე ადამიანი და ჯგუფმა თავისით დაიწყო ზრდა. მეორე დღეს უკვე წესების შემუშავება, გუნდის დაკომპლექტება და როლების გადანაწილება დაგვჭირდა. დღეს ეს ჯგუფი 20 000-მდე ადამიანს და ათასობით ისტორიას აერთიანებს და უწყვეტად განაგრძობს ზრდას. სეგმენტი და თემები მრავალფეროვანია – ნებისმიერი ადამიანის ისტორიას აქვს არსებობის უფლება, მითუმეტეს, თუ ის სხვებისთვის იქნება მოტივაციის წყარო.

ამ პლატფორმის მთავარი მიზანიც ეს არის – იყოს ხიდი წარმატებულ და წარმატების მაძიებელ ადამიანებს შორის.

როგორი გამოხმაურება მოჰყვა ამ წამოწყებას?

პირველივე დღეებში დაინტერესდა სხვადასხვა მედიასაშუალება – მიგვიწვიეს გადაცემებში, მომზადდა სიუჟეტები და სტატიები, გვაქვს შემოთავაზებები ბიზნეს სექტორიდან. მრავალმა ადამიანმა გამოთქვა სურვილი, თავისი კონტრიბუციით კიდევ უფრო გაეძლიერებინა ჯგუფი, რისთვისაც, მადლობელი ვარ.

ვფიქრობ, ეს პროექტი არ არის მხოლოდ ჩემი საკუთრება, ეს არის სახალხო პლატფორმა. მე და ჩემი გუნდი კი უბრალოდ ვაძლიერებთ მას. ამიტომაც დიდი სიფრთხილით ვეკიდებით თითოეულ ნაბიჯს და გააზრებულად ვმოქმედებთ, რადგან, პასუხისმგებლობაც დიდია და თითოეული წევრის ინტერესების გათვალისწინება მნიშვნელოვანია ჩვენთვის.

გეგმავ თუ არა სიახლეებს ამ პროექტის ფარგლებში?

აუცილებლად. ამ ჯგუფს ლოგიკური გაგრძელება უნდა მოჰყვეს. უკვე ვმუშაობთ სხვადასხვა მიმართულებით, გვაქვს მოლაპარაკებები დაინტერესებულ მხარეებთან. მინდა, რომ ფართო აუდიტორიისთვის გახდეს ხელმისაწვდომი ეს პლატფორმა და შევძლოთ, უფრო მეტ ადამიანს დავეხმაროთ კონკრეტული ინსტრუმენტების საშუალებით პრობლემების აღმოფხვრაში. ჯერჯერობით, საიდუმლოდ დავტოვებ, მაგრამ გეტყვით, რომ ძალიან მალე ბევრ სიახლეს შევთავაზებთ ჩვენს ერთგულ გულშემატკივრებს.

განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი ისტორია ხომ არ გახსენდება პროექტიდან #მეშევძელი?

არ მინდა, რომელიმე კონკრეტული ისტორია გამოვყო. იცით, ამ ჯგუფში ყველაზე მთავარი რა არის? ადამიანებმა დაიწყეს ნამდვილი ემოციებით და გულახდილად საუბარი თავიანთ წარსულზე, პრობლემებზე, მარცხზე და თუნდაც წარმატებებზე. თითოეული ისტორია ძვირფასია ჩემთვის. ამ ჯგუფის წყალობით, ჩემს გარშემო მყოფი ადამიანები კიდევ უფრო ახლოდან გავიცანი. მახსოვს, ბავშვობის მეგობარმა დაწერა თავისი ისტორია და განაწყენებულებმა შევჩივლეთ, ჯგუფიდან რატომ უნდა ვიგებდეთ ამ ამბავს-თქო.

ბოლოს, შენი მიღწევის ისტორია გაგვიზიარე.

ჩემი ისტორია პროცესია, პატარ-პატარა მიღწევებით, პატარ-პატარა „მე შევძელით“, რომლის მიღმაც დიდი შრომა დგას. მათ შორის, დიდი ნაწილი უკავია საკუთარ თავზე მუშაობას. დღეს, საკმაოდ აქტუალური გახდა თეორიებისა და მეთოდების გაზიარება ტრენინგებისა და ლექციების სახით.  თუ როგორ შეიძლება მივაღწიოთ წარმატებას და დავისახოთ სწორი მიზნები. ეს ცოდნა, ხშირად, გვიმარტივებს ცხოვრებას, თუმცა, ისევე როგორც პრობლემების აღქმა, მათი გადაჭრის გზებიც ინდივიდუალურია.

მე თავად ვუქმნი გამოწვევებს საკუთარ თავს და მათი დაძლევა მეხმარება მოტივაციის ამაღლებასა და თვითგანვითარებაში.

მაქვს საქმე, რომელიც მიყვარს და უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს ლექციების კითხვა. ყოველთვის მინდოდა, მეც შემეტანა წვლილი ახალგაზრდების განვითარებაში. უკუკავშირი, რომელსაც ვიღებ ყოველი სემესტრის ბოლოს შეუფასებელია.

მაქვს კონკრეტული გეგმები, მათ შორის, ამ პლატფორმის განვითარების კუთხით და ვფიქრობ, მათი განხორციელების მერე, უფრო მეტი სათქმელი მექნება ამ სამყაროსთვის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

წონაში კლების ახალი მეთოდი – კვლევის უნიკალური შედეგები

2020 წელს Uber-მა 6.8$ მილიარდი დაკარგა