in , ,

„გაზრდილი კლასელების დანახვისას ცრემლები წამომივიდა“ – სკოლის პირველი დღის შეფასებები

თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს მასშტაბით სასკოლო-საგანმანათლებლო პროცესმა დისტანციურიდან საკლასო ოთახებში გადაინაცვლა. მოსწავლეების უმრავლესობა ჩვეული რიტმით გააგრძელებს განათლების მიღებას. მასწავლებლებს კი ორმაგი დატვირთვით მოუწევთ საგაკვეთილო მეცადინეობების წარმართვა – როგორც სკოლის შენობაში, ასევე მათთვის, ვინც დისტანციურ რეჟიმზე დარჩენა გადაწყვიტა.

მშობლებისა და მოსწავლეებისათვის სწავლების ფორმატის არჩევა ჯერჯერობით ნებაყოფლობითია – ამ შესაძლებლობით კი მოსწავლეთა თითქმის 35%-მა ისარგებლა. მათი ამ გადაწყვეტილების საფუძველი ქვეყანაში არსებული კოვიდპანდემიაა, რომელიც ჯერ კიდევ წარმოადგენს საფრთხეს მოსახლეობისათვის.

Venue მოსწავლეებთან, მშობლებთან და მასწავლებლებთან დღევანდელი დღის ემოციებზე საუბრობდა.

რუსუდან სულუაშვილი,
კერძო სკოლა „ალბიონის“ მე-10 კლასის მოსწავლე:

„სკოლის კიბეებზე რომ ავდიოდი, გული ამიჩქარა… ნელ-ნელა რომ შემოდიოდნენ შეცვლილი და გაზრდილი კლასელები, ცრემლები წამომივიდა. უცნაურად მეჩვენებოდა სკოლაში მისვლა, კლასში შესვლა… პირბადით მთელი დღე ყოფნა არ გამჭირვებია. ბავშვები ამბობდნენ, რომ ვერ გავძლებთო, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, ჩვეულებრივად ვიყავით. თავიდან ადაპტაცია გაგვიჭირდა, უცნაური მომენტი იყო ზარის ხმის გაგონებაც, მაგრამ გაკვეთილიდან გაკვეთილზე რომ გადავდიოდით, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ გუშინაც აქ ვიყავით და ონლაინ ცხოვრება საერთოდ არ გვქონია. თუმცა, ალბათ, ერთი კვირა მაინც დაგვჭირდება სრული ადაპტაციისათვის“.

ინგა ნაყოფია,
133-ე სკოლის მე-6 კლასის მოსწავლის მშობელი:

„ჩვენი კლასის 28 მოსწავლიდან დღეს 17 გამოცხადდა სკოლაში, დანარჩენი 11 ონლაინ-სწავლებაზე დავრეგისტრირდით. დღეს პირველად ჩაუტარდათ ონლაინ გაკვეთილები სახლში დარჩენილ ბავშვებს, მაგრამ ცუდი ის არის, რომ მთელი სკოლის მეექვსე კლასელებიდან არის შექმნილი ონლაინ ჯგუფები. სკოლის მასწავლებელთა რესურსიდან გამომდინარე, საგნის სხვა მასწავლებლებმა ჩაატარეს ჩვენი შვილების გაკვეთილები. ეს ნამდვილად არის ბავშვებისათვის გარკვეული დისკომფორტი. მეორე პრობლემას კი საგაკვეთილო დროები წარმოადგენს – შეიცვალა ცხრილი და თითოეული საგნის დრო, ზოგი გაკვეთილი შუადღით აქვთ, ზოგი – საღამოს. უმრავლესობა, ვინც დისტანციური სწავლების რეჟიმში დარჩა და, მათ შორის მეც, ვფიქრობთ, მინიმუმ ორი კვირა შევხედოთ ეპიდსიტუაციას და ისე გავუშვათ ბავშვები სკოლაში“.

მარი ბურჯანაძე,
ქართულ-გერმანული სკოლა „სხივის“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი:

„ძალიან გამიჭირდა, ზოგადად, ქალაქში გასვლა, სკოლას რომ თავი დავანებოთ. ისედაც მქონდა აგორაფობიის ნიშნები, ხალხმრავალი და ხმაურიანი ადგილები, როცა უცხო გარემოა, მთრგუნავს და ამდენხნიანი სახლში ჯდომის შემდეგ, ძალიან რთული იყო გასვლა. თუმცა სკოლაში მისვლა გამიხარდა, მართალია, დამღლელი იყო, თუმცა მაინც მისვლა მირჩევნია. ბავშვები კი წუწუნებდნენ, სახლიდან ერჩივნათ, მაგრამ „ასეც კარგია, მასწო“.
მეთერთმეტე კლასში, მაგალითად, 22-დან 7 მოსწავლე იყო დისტანციურზე, ჩემს განაყოფში 12-დან – 2, მეთორთმეტე ორად აქვთ გაყოფილი, რადგან დამამთავრებელია, ორი ბავშვიდან ერთი გვესწრებოდა დისტაციურად და ძალიან მარტივი იყო, სიმართლე გითხრათ. კერძო სკოლაა, ტექნიკით აღჭურვილია და ხმის ან გამოსახულებისა და ინტერნეტის პრობლემა არ გვქონია. უბრალოდ ვაღიარებ, ხანდახან მავიწყდებოდა, რომ იქაც იჯდა ბავშვი, კომპიუტერში… ალბათ, მივეჩვევით. თავიდან ვერც დისტანციურს ვეჩვეოდით, მაგრამ კი ავუღეთ ალღო“.

მარიკა ილურიძე,
კერძო სკოლა „ალბიონის“ დირექტორის მოადგილე:

„ჩვენს სკოლაში 572 ბავშვიდან არ გამოცხადდა 111, 32 სხვადასხვა მიზეზით, დანარჩენმა კი დისტანციური სწავლების გაკვეთილების გაგრძელება გადაწყვიტა. რაც შეეხება ემოციას, ერთი წელია, ბავშვებსა და მასწავლებლებს ერთმანეთი არ უნახავთ, ბავშვები ძალიან გაზრდილან, თვითონვე გაუკვირდათ, ისე გაზრდილან. ერთ-ერთმა მოსწავლემ აღნიშნა, „სკოლა სევდიანიაო“, მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად ვეცადეთ, შეგვექმნა გარემო, ასეთი ატმოსფერო არ დახვედროდათ ბავშვებს.
ვინც დისტანციურ რეჟიმზე დარჩა, მათთვის გარკვეული ცვლილეები, რასაკვირველია, იქნება – დღის პირველ ნახევარში პედაგოგები საკლასო მეცადინეობებით არიან დაკავებულები და მოსწავლეებისათვის დღის მეორე ნახევარში მოუწევთ ონლაინ გაკვეთილების ჩატარება. ეს ნამდვილად არ არის კომფორტი, მაგრამ სხვა გამოსავალი არ იყო. ვინც დისტანციური სწავლებაზე დარჩა, ისინი ამ ცხრილზეც თანახმანი არიან, თუმცა მშობელთა გარკვეულმა ნაწილმა ბავშვების სკოლაში გამოშვება მაინც გადაწყვიტა“.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

“ჩემი ცოლის დაქალები” ბრუნდება

საქართველოში დასაქმებულთა სამუშაო საათების ზუსტი აღრიცხვა სავალდებულო ხდება