„სხვა გზა არ არის“ – წარმატებული ადამიანები სხვადასხვა სფეროდან გვიყვებიან თავიანთი ცხოვრების ყველაზე რთული ეპიზოდის შესახებ, რომელიც წარმატებით გადალახეს და იმაზე უფრო ძლიერები და წარმატებულები გახდნენ, ვიდრე ამ რთულ ეპიზოდამდე იყვნენ. პროექტის მიზანია, მოტივაცია მივცეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა გადიან კარიერაში რთულ პერიოდს.
დღევანდელი მთხრობელი ქეთი მეფარიშვილია, საერთაშორისო ლატვიური ფინტეკ კომპანია TWINO-ს აზიის რეგიონული მენეჯერი. კომპანია ევროპის წამყვან P2P პლატფორმას წარმოადგენს. ქეთის გამოწვევებშია აღმოსავლეთ და ცენტრალურ აზიაში ფინტეკ ბაზრების ათვისება და მართვა.
ქეთი მუსიკალური კარიერიდან ამბიციური ნაბიჯით შეიჭრა მარკეტინგის სამყაროში, მაშინ ეს ეგზოტიკური ხილი იყო და გარშემომყოფები ეჭვის თვალით უყურებდნენ. ამ დამოკიდებულებამ უფრო მეტად გაუათმაგა სურვილი, დაემსხვრია მცდარი წარმოდგენა და ყველასთვის დაემტკიცებინა, რომ შეუძლებელი არაფერია. დროთა განმავლობაში, სხვებთან ძალების მტკიცებას შეეშვა და საკუთარ თავთან დაიწყო პატარა გამარჯვებების აღნიშვნა.
მუდმივი სწავლისა და საკუთარ თავთან მუშაობის პროცესში ვარ, მაგრამ ხუთი ძირითადი გაკვეთილი შემიძლია, უკვე თამამად გაგიზიაროთ:
- როცა განვითარებადი ქვეყნიდან ხარ, ორჯერ მეტი დრო და ენერგია უნდა დახარჯო საკუთარი თავის დასამკვიდრებლად, განსაკუთრებით უცხოეთში. თუმცა ერთხელ თუ ახვედი სათანადო სიმაღლეზე, მერე უკვე რთულია, ვინმემ უკან დაგაგოროს.
- სწორი მეგობრების არჩევა და მათი შენარჩუნება ცალკე პროფესიაა. უდიდესი გავლენა მოახდინა ჩემი პიროვნული და პროფესიული ჩამოყალიბების გზაზე.
- პატივი უნდა სცე, პირველ რიგში, საკუთარ თავს. მოუსმინო ორგანიზმს, ის არ არის შენი მსახური, მას გაფრთხილება და მოვლა სჭირდება.
- თუ გინდა, რომ ფინანსურად დამოუკიდებელი და სტაბილური გახდე, პირველ რიგში, სწორად უნდა ისწავლო ფულის ხარჯვა და შეძლო დანაზოგის გაკეთება. გაიყოს ბიუჯეტი აუცილებელ და არააუცილებელ ხარჯებად.
- არასოდეს დაიშურო ინვესტიცია განათლებაში. ყველაზე დიდი უკუგება აქვს დღეს მსოფლიოში ცოდნასა და მონაცემების მართვას.
ვეუფლები მოლოდინების გარეშე ცხოვრებას. ჯერ პროცესში ვარ და ძალიან შემსუბუქდა წარმოდგენები, როცა არავისგან არაფერს ელი და გასცემ მოლოდინების გარეშე.
იმედი, თუ დაგიკარგავთ…
იმედს ვკარგავ მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში, როდესაც თვითმფრინავში ტურბულენტობა იწყება. ეს ის ადგილია, სადაც გარშემო არაფერია ჩემზე დამოკიდებული. როცა კონტროლს ვკარგავ, შიშის გრძნობა მეუფლება.
ეს, ალბათ, იმით არის გამოწვეული, რომ საკუთარ თავს უფრო ვენდობი, ვიდრე სხვას და უფრო იმედიანად მხოლოდ მაშინ ვარ, როცა სიტუაციაზე ზემოქმედება შემიძლია.
თუმცა რისიც ყველაზე მეტად გვეშინია, სწორედ იმაში გავდივართ წვრთნას, ჰოდა ცხოვრებამ კიდევ უფრო ინტენსიური გახადა უკონტროლობის შეგრძნების ზღვარი და ადრე თუ სამსახურებრივად 3-4 საათიანი რეისები მქონდა, ახლა 11 საათიან ფრენებზე მიწევს იმედის შეგრძნებებზე ტრენინგის გავლა.
როგორ შეძელით დაბრკოლებების გადალახვა?
16 წლის წინ, ჩემს კარიერულ გზაზე, ყველაზე დიდი დაბრკოლება დოგმატური წარმოდგენების დამსხვრევა იყო და გარშემო პირების დამოკიდებულების შეცვლა. ზოგადად, გავრცელებული ხედვაა, რომ თუ ბიზნესში მოღვაწეობ, მაშინ აუცილებლად ბიზნესის ადმინისტრირება უნდა გქონდეს დამთავრებული ან თუ თვითნასწავლი მხატვარი ხარ, გაოცებული შემოგხედავენ.
როდესაც მუსიკალური კარიერიდან ამბიციური ნაბიჯით შევიჭერი მარკეტინგის სამყაროში, მაშინ ეს ეგზოტიკური ხილი იყო და გარშემომყოფები ეჭვის თვალით მიყურებდნენ. „რა უნდა პიანისტს ბიზნესში?“ მას ხომ მხოლოდ თითების კაკუნი შეუძლია კლავიშებზე? „უმჯობესია შენს საქმეში იყო პროფესიონალი, ვიდრე მოეჭიდო სხვა რამეს“. ამ შეძახილების ფონზე, კიდევ უფრო მიათმაგდებოდა სურვილი, რომ გამეხლიჩა მცდარი წარმოდგენა და მეჩვენებინა მათთვის გარდასახვა.
ამ სურვილით შეპყრობილმა, დროთა განმავლობაში, სხვებთან ძალების მტკიცებას შევეშვი და საკუთარ თავთან დავიწყე პატარა გამარჯვებების აღნიშვნა, აზარტშიც კი შევედი, იმდენად მომეწონა ყველაზე დიდი შემფასებლის, საკუთარი თავის მიღება.
რას ეტყვით ადამიანებს, რომლებიც არჩევანის/დაბრკოლების წინაშე არიან?
მოგვიანებით მივხვდი, რომ დაბრკოლება უბრალოდ ჩემს თავშია და ჩემივე დამოკიდებულებიდან მომდინარეობდა. ყველაზე დიდი ბარიერი ისევ ჩვენივე წაყენებული სტანდარტები და ჩარჩოებია.
ვერასოდეს იქნები ყველასთვის საკმარისად კარგი, ვერასოდეს გექნება საკმარისი დიპლომები, განათლება და გამოცდილება, მთავარია, დატკბე საკუთარ თავში ახალი შესაძლებლობების აღმოჩენისას და შემდგომ ეს სხვებს გაუზიარო. ზუსტად მაშინ ხდები თავისუფალი, როცა საკუთარ თავზე გიჭირავს ძალაუფლება.
უფრო ძლიერდები, როცა აღმოაჩენ ახალ ნიჭსა და მიმართულებებს. ვფიქრობ, ჩვენი ცხოვრებისეული მოგზაურობის დანიშნულებაც ეს არის… გავიცნოთ საკუთარი მე, მოვუაროთ მას და განვავრცოთ შეხედულებების არეალი.
რა არის მთავარი, წარმატების მისაღწევად?
ადამიანი ძალიან საინტერესო ქმნილებაა, ყველას თავისეული ხედვა აქვს წარმატებაზე და შესაბამისად, ყოველთვის ერთ სიბრტყეზე არ იკვეთება ეს წერტილები. ცხოვრებისეული განვითარების სხვადასხვა ეტაპზე განსხვავებული შეხედულებები და წარმატების წერტილები ჩნდება.
რაც უფრო წინ მიიწევ, ეს წერტილებიც კიდევ უფრო ფართოვდება და იზრდება, უფრო მეტგან გიჩნდება შეხების სურვილი. ალბათ, ამ წერტილების საკუთარ თავში აღმოჩენა, დანახვა და შეხება ყველაზე დიდი გამარჯვებაა.
Loading…