Foodhub-ი საკვები პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების ნივთების პირველი ონლაინ აუთლეტ მაღაზიაა. სტარტაპი გარემოში გადაყრილი საკვები პროდუქტების შემცირებასა და მათ ხელმისაწვდომობას ისახავს მიზნად.
სტარტაპის შესახებ მეტს კომპანიის დამფუძნებლებისგან – ეკატერინე ხელაძისა და ნათია კაპანაძისგან გაიგებთ:
რა პროდუქტზე მუშაობს თქვენი სტარტაპი?
FoodHub-ი (ფუდჰაბი) არის საკვები და პირველადი მოხმარების პროდუქტების პირველი ონლაინ აუთლეტ მაღაზია, რომლის მიზანს წარმოადგენს გაამარტივოს და გაზარდოს მოკლევადიანი პროდუქციის რეალიზება საქართველოში.
ეს არის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბიზნესი, რომელიც ემსახურება ორ ძირითად იდეას:
- შემცირდეს გარემოზე ის მავნე ზეგავლენა, რომელსაც გადაყრილი და განადგურებული საკვები წარმოქმნის და
- გაიზარდოს ხელმისაწვდომობა საკვებ პროდუქციაზე.
მოკლედ რომ ვთქვათ, ფუდჰაბის მეშვეობით მარტივად შესაძლებელია, რომ თითოეული ჩვენგანი გახდეს ჩვენი ქვეყნის მწვანე გმირი!
დეტალურად რომ განვიხილოთ თვითონ სტარტაპის კონცეფცია, FoodHub (ფუდჰაბი) წარმოადგენს პლატფორმას/ვებ-გვერდს, რომლის საშუალებითაც ხდება მხოლოდ იმ პროდუქციის რეალიზაცია, რომელიც ან მოკლევადიანი, ან ფასდაკლებულია. რეალურად, პლატფორმას/ვებ-გვერდს ერთგვარი დამაკავშირებელი რგოლის ფუნქცია აქვს, რომელიც ეხმარება მომწოდებლებსა და მომხმარებლებს ურთიერთობაში. ვებ-გვერდზე განთავსებული ყველა სახის პროდუქტი ან მოკლევადიანია, ან ფასდაკლებული (სააქციო პროდუქტი). პლატფორმის მეშვეობით მარკეტის ორივე მხარე იღებს სარგებელს. ერთი მხრივ, სადისტრიბუციო კომპანიები ამცირებენ პროდუქციის ჩამოწერით მიღებულ ზარალს და, პირიქით, ზრდიან შემოსავალს. მეორე მხრივ, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, წვდომა ჰქონდეს მუდმივად განახლებულ შემოთავაზებებთან და შეუძლია მაღალი ხარისხის პროდუქტების საუკეთესო ფასად შეძენა. Foodhub-ის პლატფორმაზე აღნიშნული სახის პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ონლაინ, მიტანის სერვისის საშუალებით.
როგორ გაჩნდა სტარტაპის იდეა?
მე და ჩემს დიდი ხნის მეგობარს და აწ უკვე ბიზნეს პარტნიორს ძალიან გვიყვარს მოგზაურობა. მოგზაურობა არის შესაძლებლობა, განიტვირთო, შეიმეცნო და გაიზიარო ახალი გამოცდილებები. ჩვენი იდეაც ერთ-ერთი მოგზაურობის დროს დაიბადა.
თუ დააკვირდებით, დასავლური ქვეყნების უმრავლესობაში, სუპერმარკეტებში განთავსებულ პროდუქციაზე შენიშნავდით სხვადასხვა ფერის ეტიკეტებს. ძირითად შემთხვევაში, სუპერმარკეტები და ადგილობრივი კაფეები მომხარებელს სთავაზობენ ფასდაკლებას მოკლევადიან პროდუქციაზე. მაგალითად, დღის ბოლოს დახლებზე შეიძლება წააწყდეთ ძალიან კარგ შემოთავაზებებს, სტანდარტულზე ნაკლებ ფასად. გამომდინარე იქედან, რომ ჩვენს ქვეყანაში აქამდე არ არსებობდა დამკვიდრებული პრაქტიკა, რომ ფასი პროდუქტის ვადის პირდაპირპროპორციული ყოფილიყო, გადავწყვიტეთ, ჩვენს კულტურაშიც შემოგვეტანა მცირედი ინოვაცია.
საქართველოს მასშტაბით, სუპერმარკეტები და ის ბიზნეს სუბიექტები, რომლებიც კვების ინდუსტრიაში მოღვაწეობენ, ნაკლებად მუშაობენ ამ მიმართულებით. მით უმეტეს, როდესაც დაბალი შემოსავლის გამო, მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის შეზღუდულია საკვებ პროდუქციაზე წვდომა და უფრო მეტიც, კიდევ უფრო მაღალია ნუტრიციული შიმშილის მაჩვენებელიც.
ამ საკითხით დაინტერესების შემდეგ, ყველაფერთან ერთად აღმოვაჩინეთ ის ფაქტიც, რომ საქართველოში ყოველწლიურად დიდი რაოდენობის ვადაგასული საკვები პროდუქცია ნადგურდება. სწორედ ამიტომ, მე და ჩემმა პარტნიორმა გადავწყვიტეთ, გვემუშავა ისეთ მიმართულებაზე, რომელიც ეფექტურად უპასუხებდა ამ გამოწვევას და შეგვექმნა ისეთი შესაძლებლობა, რომელიც სარგებელს მოუტანდა როგორც ინდივიდებს, ასევე – კომპანიებს.
რამდენი ადამიანი მუშაობთ პროექტზე?
სტარტაპის განვითარებაზე მუშაობს ხუთი ადამიანი, აქედან ორი დამფუძნებელები: ეკატერინე ხელაძე და ნათია კაპანაძე.
რას ნიშნავს თქვენი სტარტაპის სახელწოდება?
სტარტაპის სახელწოდებაც სწორედ იდეიდან გამომდინარეობს. ეს არის მოკლევადიანი და/ან ფასდაკლებული პროდუქციის გამაერთიანებელი პლატფორმა, სადაც მომხმარებელს შეუძლია, შეიძინოს მისთვის საყვარელი ბრენდები ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად.
რა სირთულეები შეგხვდათ იდეის განხორციელებისას?
მნიშვნელოვანია, მომხმარებელს სწორად აუხსნა, თუ რას სთავაზობ და რატომ იყიდება ამა თუ იმ ბრენდის პროდუქცია გამორჩეულად დაბალ ფასად. მნიშვნელოვანია, მომხმარებლამდე სწორად მიიტანო იდეა, კონცეფცია და სტარტაპის მიზანი, რათა ისინი გააზრებულად გახდნენ პლატფორმის მომხმარებელები და მხარი დაუჭირონ აღნიშნული იდეის განვითარებას, რაც კიდევ უფრო ბევრს ნიშავს, ვიდრე უბრალოდ მომხმარებლის რიგებში ყოფნა. ძალიან რთული, თუმცა შესაძლებელია მომხარებლის ერთი ღირებულების გარშემო გაერთიანება.
როგორ მოიზიდეთ ფინანსები?
ფუდჰაბი, როგორც ბრენდი მიზანდასახულობით გამოირჩევა. ჩვენი, როგორც ფუდჰაბის დამფუძნებლების მიზანი იყო სწორი პარტნიორების შერჩევა და შესაბამისად, მათი მხარდაჭერის მოპოვება იდეის განხორციელების პროცესში. სწორედ ამიტომ, საქართველოს უნივერსიტეტის და Future Laboratory-ის ერთობლივ სააქსელერაციო პროგრამაში მივიღეთ მონაწილეობა. მნიშვნელოვან და საინტერესო გამოცდილებასთან ერთად, საქართველოს უნივერსიტეტის და Future Laboratory-ის ერთობრლივი მხარდაჭერაც მოვიპოვეთ საწყისი კაპიტალის სახით. რა თქმა უნდა, ეს ფინანსები საკმარისი არ არის და წინ დიდი გეგმები გვაქვს, თუმცა ფუდჰაბის პოზიციონირების საწყის ეტაპზე მნიშვნელოვან და დროულ მხარდამჭერად მოგვევლინა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მათ! ბუნებრივია, წინ ბევრი გამოწვევაა გადასალახი და კიდევ ბევრი შრომაა საჭირო იმისათვის, რომ მომხმარებელს მაქსიმალურად მათზე მორგებული, დახვეწილი და მრავალფეროვანი პლატფორმა შევთავაზოთ, შედეგად კი დიდი იმედი, გვაქვს, რომ მომხმარებლები გაითავისებენ და შეიყვარებენ იდეასა და ბრენდს.
რას ურჩევდით დამწყებ სტარტაპერებს?
არცერთ ეტაპზე არ შეუშინდნენ იდეის დახვეწას, ცვლილებასა და ადაპტირებას, რადგან ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სტარტაპის განვითარებისთვის!
გყავთ თუ არა კონკურენტი ადგილობრივ ბაზარზე?
ამ ეტაპზე ამ მიმართულებით არავინ მუშაობს საქართველოში. ფუდჰაბის კონცეფცია საკმაოდ გამართლებული და პოპულარულია დასავლურ ქვეყნებში. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია ძალიან სწორად და დელიკატურად მოხდეს ფუდჰაბის იდეის პოპულარიზაცია, რომ ქართველი მომხმარებლის კმაყოფილების ხარისხიც ისევე მაღალი იყოს ამ ცვლილებასთან მიმართებით, როგორიც ევროპელი თუ ამერიკელი მომხმარებლის. ვფიქრობთ, რომ დასავლური საზოგადოების მსგავსად, ქართველებსაც არანაკლებ გვაწუხებს ისეთი უმთავრესი გამოწვევები, როგორიც არის ნაკლები ზიანის მიყენება გარემოზე, საკვებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და, ზოგადად, არსებული ადამიანური, მატერიალური თუ ბუნებრივი რესურსების გონივრულად გამოყენება.
რა არის საჭირო რომ სტარტაპი წარმატებული იყოს?
სტარტაპის წარმატებისთვის საჭიროა მინიმალური რესურსებით მაქსიმალურად მოკლე დროში სტარტაპის ჩაშვება და მუდმივ რეჟიმში მუშაობა მის დახვეწასა და განვითარებაზე.
გაიცანით სხვა სტარტაპერები
Loading…