in

რა მოთხოვნებია საქართველოს პრემიერ-მინისტრის „ვაკანსიაზე“

მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გიორგი გახარია გადადგა და ამ პოზიციაზე ახალ კანდიდატად უკვე წარადგინეს ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალური ქსელები სხვადასხვა სახის დისკუსიამ მოიცვა.

საინტერესოა, რა პრინციპით არჩევენ პრემიერებს საქართველოში და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატი.

კრიტერიუმები

დავიწყოთ იქიდან, რომ განსაკუთრებული კრიტერიუმები არ არსებობს. რაც დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, არის ის, რომ საქართველოს პოლიტიკური წარსულით,  ეს თანამდებობა მდედრობითი სქესის წარმომადგენელს არასდროს არ დაუკავებია.

კანონის მიხედვით, არსებობს აუცილებელი წინაპირობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად სხვა სახელმწიფოს მოქალაქეა (სხვათა შორის, იგივე კანონი ვრცელდება პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობებზეც და, სწორედ ამიტომ, სალომე ზურაბიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარის თქმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის გამო მოუწია).

ასაკი

როგორც პრეზიდენტისა თუ პარლამენტის თავმჯდომარის შემთხვევაში, განსაკუთრებული ასაკობრივი შეზღუდვა არ გვაქვს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნისას. სხვათა შორის, ირაკლი ღარიბაშვილი 31 წლის ასაკში დაინიშნა პრემიერ-მინისტრად და, იმ დროისთვის, მთავრობის ყველაზე ახალგაზრდა არჩეული ხელმძღვანელი გახდა მსოფლიოში.

თუმცა, არსებული პრაქტიკის მიხედვით, ძირითადად, ამ თანამდებობებზე ბევრად უფრო „ასაკოვანი“ ხალხი ინიშნება.

ზოგადად, საქართველოს კანონში არ არის გაწერილი, თუ რა ასაკიდან შეუძლია პირს დაიკავოს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, არც განათლებისა თუ სხვა ტიპის კრიტერიუმებია წარმოდგენილი.

ვინ ირჩევს

საქართველოში პრემიერ-მინისტრი შემდეგნაირად ინიშნება – მის კანდიდატურას პრეზიდენტი წამოაყენებს, ხოლო პარლამენტი მას უცხადებს ნდობას (საჭიროა, სრული შემადგენლობის უმრავლესობის ანუ 76 დეპუტატის მხარდაჭერა).

ამის შემდგომი ეტაპი არის პრემიერ-მინისტრის მიერ ასევე 2 დღის ვადაში მთავრობის სხვა წევრების არჩევა. ანუ არჩევის კიდევ ერთი წინაპირობა არის ის, რომ კანდიდატმა უმრავლესობის ნდობა უნდა დაიმსახუროს.

ეს თანამდებობა საქართველოში პირველად 1918 წელს დაწესდა, თუმცა, მაშინ ამ პოზიციას მთავრობის თავმჯდომარე ეწოდებოდა. სხვათა შორის, 1995 წელის კონსტიტუცია პრემიერ-მინისტრის თანამდებობას საერთოდ არ ითვალისწინებდა და მხოლოდ 2004 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებების შემდგომ, საქართველოში გაჩნდა მთავრობის ინსტიტუტი, შესაბამისად, მისი თავმჯდომარის პოსტი, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ეწოდა.

ახლა გავეცნოთ საქართველოს ბოლო პრემიერ-მინისტრებს და, იქნებ, ასე მაინც გამოვიტანოთ დასკვნა, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატი.

ზურაბ ჟვანია

საქართველოს მე-4 პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2004-2005 წლებში იკავებდა. ეს პოზიცია 40 წლის ასაკში დაიკავა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მალევე, თანამოაზრეების ჯგუფთან ერთად, მეცნიერების მხარდაჭერით ჩამოაყალიბა ეკოლოგიური ასოციაცია, რომლის ბაზაზეც შეიქმნა მოძრაობა „საქართველოს მწვანეები“. ფაქტობრივად, საკმაოდ პატარა ასაკიდან ჩაერთო პოლიტიკურ საქმიანობაში.

ზურაბ ნოღაიდელი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2005 წლის თებერვლიდან 2007 წლის ნოემბრამდე იყო.1988 წელს დაამთავრა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი.  1988-89 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი.

ვანო მერაბიშვილი  

2012 წლის 4 ივლისიდან 25 ოქტომბრამდე იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი. რაც შეეხება განათლებას, 1992 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო ფაკულტეტი. 1992-1995 წლებში მუშაობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და აგრარულ უნივერსიტეტში ლაბორანტად, უფროს ლაბორანტად, ასისტენტად, უმცროს მეცნიერთანამშრომლად.

ბიძინა ივანიშვილი

საქართველოს მე-10 პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2012-2013 წლების განმავლობაში იკავებდა. იგი ამ პოზიციაზე 56 წლის ასაკში დაინიშნა. ბაკალავრის ხარისხი მიიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკურ ფაკულტეტზე, 1986 დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია მოსკოვის შრომისა და სოციალური პრობლემების ინსტიტუტში.

ირაკლი ღარიბაშვილი

მან ეს თანამდებობა 2013-2015 წლებში ჩაიბარა. განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე მიიღო. შემდგომ სწავლა სორბონის უნივერსიტეტში – Paris I – პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე განაგრძო, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით. 2005 წელს, ირაკლი ღარიბაშვილმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხი მიიღო.

გიორგი კვირიკაშვილი

2015 წლის 30 დეკემბრიდან 2018 წლის 13 ივნისამდე ეს თანამდებობა გიორგი კვირიკაშვილმა 48 წლის ასაკში დაიკავა.   სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე, შემდგომ კი –  ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მიენიჭა პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი. 2003-2004 წლებში სწავლობდა ამავე უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის უმაღლეს ბიზნესსკოლაში, სადაც მიენიჭა ბიზნესის მართვის მაგისტრის ხარისხი.

მამუკა ბახტაძე

ის 36 წლის ასაკში გახდა პრემიერ-მინისტრი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მენეჯმენტისა და მიკროეკონომიკის განხრით. მაგისტრის ხარისხი მიიღო ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2010 წელს, INSEAD-ის ბიზნეს სკოლაში მიენიჭა MBA-ის კვალიფიკაცია. მამუკა ბახტაძე არის ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი.

გიორგი გახარია

იქამდე, სანამ მის განათლებას შევეხებოდეთ, გეტყვით, რომ იგი 2016 წლამდე რუსეთის მოქალაქეც იყო. იგი 2019 წლის 8 სექტემბრიდან დღემდე იკავებდა ამ თანამდებობას. თანამდებობაზე 44 წლის ასაკში დაინიშნა. რაც შეეხება განათლებას – 1992–1994 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე. 

შემდგომ სწავლობდა მიხეილ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მიენიჭა პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი. 2003-2004 წლებში სწავლობდა ამავე უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის უმაღლეს ბიზნესსკოლაში, სადაც მიენიჭა ბიზნესის მართვის მაგისტრის ხარისხი.

ისე, თუ დააკვირდებით, თსუ და ლომონოსოვის უნივერსიტეტი ზემოთ ჩამოთვლილი ყოფილი პრემიერების ბიოგრაფიაში საკმაოდ აქტიურად ფიგურირებს.

საინტერესო ტენდენციაა ასევე ის, რომ, რატომღაც, საქართველოში ამ თანამდებობაზე მხოლოდ მამრობითი სქესის წარმომადგენლები ინიშნებიან.

რა ხდება ამ დროს მსოფლიოში?

ბოლო პერიოდის ტენდენციას წარმოადგენს მეტი ქალი პოლიტიკაში, თანაც – ხშირად ახალგაზრდა. მაგალითად, სულ ახლახან, ესტონეთი მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა გახდა, სადაც პრემიერი და პრეზიდენტიც – ორივე ქალია. 34 წლის კიდევ ერთი ლიდერი ქალი – სანა მარინი ფინეთის პრემიერ-მინისტრი გახდა. იგი ამჟამად მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მოქმედი პრემიერ-მინისტრია.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნის სხვადასხვანაირი პრაქტიკა არსებობს. თუმცა, როგორც წესი, ამას წინ უძღვის საკმაოდ დიდი გზა, ცოდნა და გამოცდილება.

უმეტესწილად, ქვეყნების უმეტესობაში  საჭიროა პარლამენტის უმრავლესობის მხარდაჭერა. როგორც წესი, ნაკლებად მკაცრად არის განსაზღვრული სპეციფიკური განათლება, თუმცა, პრაქტიკიდან გამომდინარე, ამ თანამდებობას უმაღლესი განათლების მქონე ადამიანები იკავებენ – პოლიტიკის მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობებისა და მომიჯნავე სპეციალობებით.

ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც არის ის, რომ ქალების წარმომადგენლობა პოლიტიკურ სივრცეში დღითი დღე იზრდება, თუმცა თანამედროვე საქართველო ამ ტენდენციებს ნაკლებად ითვალისწინებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

როგორ შევამოწმოთ ონკანის წყლის ხარისხი?! – მარტივი ტესტი

Wizzair აპრილიდან დაიწყებს ფრენებს, Ryanair – ჯერ არ ვიცით