in ,

„აჭარა ჯგუფის“ დირექტორები თანამდებობას ტოვებენ

ვალერი ჩეხერია („აჭარა ჯგუფის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე) და ლევან ბერულავა (მმართველი დირექტორი) თანამდებობებს ტოვებენ. ამის შესახებ ვალერი ჩეხერია Facebook-სტატუსში გვიყვება – მათ „აჭარა ჯგუფთან“ 10-წლიანი თანამშრომლობა აკავშირებდათ:

„სალამი, მეგობრებო.

დასრულდა ჩვენი და აჭარა ჯგუფის, ათწლიანი, საქმიანი და ძალიან წარმატებული ურთიერთობა. მე 10 წლის წინ თემურ უგულავას ბიზნესს შემოვუერთდი და ერთმანეთის მხარდამხარ, თავდაუზოგავი შრომით და უდიდესი შემართებით, შევქმენით ინოვაციური კომპანია, რომელმაც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში უდიდესი აღიარება მოიპოვა.

მინდა, მადლობა გადავუხადო გუნდს, რომელიც 2011 წლიდან ლევან ბერულავასთან ერთად ჩამოვაყალიბე და რომელმაც შექმნა საქართველოს ისტორიაში ყველაზე თანამედროვე, ხოლო რეგიონში უპირობოდ ლიდერი კომპანია.

ჩვენს გუნდთან ერთად მოვახერხეთ სრულად შეგვეცვალა საქმისადმი ახალგაზრდების დამოკიდებულება. დავამკვიდრეთ თანასწორობის პრინციპს, სოციალურ პასუხისმგებლობას, კორპორაციულ კულტურასა და ერთმანეთის შრომის პატივისცემაზე დაფუძნებული ახალი სტანდარტი.

ფუნდამენტურ ფასეულობებზე დაყრდნობით, შევქმენით იდეა, რომელმაც კომპანიის ყველა თანამშრომელს განვითარებისა და წინსვლისთვის თანაბარი შანსი მისცა, მიუხედავად შეხედულებისა, რასისა, მრწამსისა, სქესისა თუ კომპანიაში დაკავებული პოზიციისა. იდეა, რომელმაც შრომა გახადა საამაყო და თითოეული თანამშრომელი აქცია იმ უდიდესი წარმატების ნაწილად და შემოქმედად, რომელსაც ამ წლების განმავლობაში კომპანიამ მიაღწია.

განსხვავებული და თანამედროვე მართვის სტილი, რომელიც აჭარა ჯგუფში დავამკვიდრეთ, მალევე გახდა წარმატების მაგალითი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში.

ნდობა, რომელიც ბიზნეს პარტნიორების, საელჩოების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ბანკების და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან მოვიპოვეთ, არის ფუნდამენტური საფუძველი, რომელზეც კომპანიის წარმატება დავაშენეთ.

ეს არ არის მხოლოდ ერთი კომპანიის, სასტუმროს, ბიზნესის ან ჰოლდინგის ისტორია, ეს ჩვენს თანამოაზრეებთან, ქართველ თუ უცხოელ სტუმრებთან ერთად შექმნილი თანამედროვე ცხოვრების წესია, რომელმაც ჩვენი ქვეყანა სრულიად ახალი მხრიდან დაანახა მთელ მსოფლიოს.მადლობა თითოეულ სტუმარს, რომელიც ამ წლების განმავლობაში გვენდობოდა, გვგულშემატკივრობდა და ჩვენთან ერთად ქმნიდა არა მხოლოდ აჭარა ჯგუფის, არამედ საქართველოს უახლეს ისტორიას.

ჩვენ მივეცით ფერმერებს მოტივაცია, დაბრუნებოდნენ თავის საქმიანობას და ეწარმოებინათ უმაღლესი ხარისხის ქართული პროდუქტი, რომელსაც სასტუმროებსა და რესტორნებში მომხმარებელს ვთავაზობდით და ხელს ვუწყობდით სოფლის მეურნეობის გაძლიერებას.

უდიდესი შრომის, პირადი კონტაქტების და უცხოელი მეგობრების დახმარებით შევძელით და მოვიპოვეთ საერთაშორისო აღიარება, ჩავატარეთ სხვადასხვა ტიპის მასშტაბური ღონისძიებები, რომლითაც წავახალისეთ ტურიზმი საქართველოში. უამრავი ჯილდოთი და გამარჯვებით კი მოვხვდით მსოფლიოს საუკეთესო სასტუმროების ათეულში და მივიპყარით საერთაშორისო პრესის ყურადღება.

2019 წლის ბოლოს საქართველოში დავგეგმეთ და ჩავატარეთ მსოფლიოში წარმატებული სასტუმროების კონფერენცია, რომელმაც ქვეყნის ტურისტულ პოტენციალი თვისებრივად მაღალ საფეხურზე აიყვანა. აჭარა ჯგუფში მკაცრად დაცული გენდერული ბალანსის გამო, პირველად საქართველოში, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, ქალთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით, ლიდერ კომპანიად გვაღიარა.

ეს ყველაფერი, ცხადია, აჭარა ჯგუფის სახელით გაკეთდა, თუმცა ჩვენთვის ეს კომპანია მხოლოდ სამსახური არ ყოფილა. ეს იყო იდეა, რომლის განხორციელებასაც მთელი ჩვენი ცოდნა, გამოცდილება, ენერგია და ძალისხმევა მოვახმარეთ. 100 თანამშრომლით დაწყებული კომპანია, ჩვენი ხელმძღვანელობით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და მოთხოვნადი დამსაქმებელი გახდა.

ამ გზაზე უამრავი სირთულე და გამოწვევა გვქონდა, მაგრამ ჩვენი და გუნდის ძალისხმევით ბიზნესი გაასმაგდა და შეიქმნა ახალი სტანდარტი, რომლითაც არა მარტო ჩვენ, არამედ მთელი ქვეყანა ამაყობს. ახლა კი, წინ უამრავი საინტერესო და მასშტაბური პროექტი გველის, რომლის შესახებაც დეტალებით მალე დაგიბრუნდებით.

წავედით აჭარა ჯგუფიდან, მაგრამ ვრჩებით მის გულშემატკივრებად და წარმატებას ვუსურვებთ მთელ გუნდს. კიდევ ერთხელ, ამ 10 წლისთვის დიდი მადლობა ყველას! შევხვდებით მალე ❤❤“ – წერია სტატუსში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

პირველ არხზე დღეს „ვოისი“ იწყება

WETALKS. როგორ მივიღოთ დაფინანსება საზღვარგარეთ სწავლისთვის