შეიძლება ითქვას, რომ სამსახურის ძიების პროცესში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა ეფექტური სამოტივაციო წერილის შექმნაა. კომუნიკაციების ექსპერტის, ჯოდი გლიკმენის, თქმით, სამოტივაციო წერილი არის საუკეთესო საშუალება დამქირავებლის ყურადღების მისაქცევად და საკუთარი უპირატესობის წარმოსაჩენად. ინტერნეტსივრცეში არაერთ მაგალითს ნახავდით, როგორია სტანდარტული სამოტივაციო წერილის ფორმატი. თუმცა რთულია, მიხვდე, კონკრეტულად საიდან დაიწყო.
გთავაზობთ ბრიტანელი ექსპერტების მიერ შემოთავაზებულ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ კარგი სამოტივაციო წერილის შედგენაში:
ჩაატარე მცირე კვლევა შენთვის
სანამ წერას დაიწყებ, მოიძიე ინფორმაცია კონკრეტული კომპანიისა და შენი პოზიციის შესახებ. დეტალურად წაიკითხე ე.წ “job description”(სამსახურის აღწერილობა და მოთხოვნები), ყურადღებით დაათვალიერე კომპანიის ვებ-გვერდი, არსებობის შემთხვევაში Facebook, Twitter და LinkedIn გვერდები. ეს დაგეხმარება, გააანალიზო მათი ორგანიზაციული კულტურა და შეარჩიო წერის სწორი მანერა.
მოარგე ის სამომავლო გეგმებს
მაშინ როცა რეზიუმე შენს გამოცდილებას ეხება და წარსულის მოკლე მონახაზია, სამოტივაციო წერილი აუცილებლად მომავალზე უნდა იყოს ფოკუსირებული. იფიქრე, როგორ უნდა დააკავშირო წარსული და მომავალი; განმარტე, რა გინდა, გააკეთო მომავალში და რატომ. მნიშვნელოვანია კოვიდ-პანდემიის გავლენა სამუშაო ადგილებზე, ასე რომ მოყევი იმის შესახებ, თუ როგორ შეგიძლია, მოერგო განსხვავებულ სიტუაციებს; წარმოაჩინე საკუთარი თვისებები და უნარები, რომლებიც განსაკუთრებულს გხდიან მოცემული სამუშაო ადგილისთვის.
გამოაჩინე სიძლიერე
დაიწყე წერა ძლიერი და უშუალო ტონით – რატომ არის ეს სამსახური შენთვის მიმზიდველი და რა შეთავაზება გაქვს შენ მისთვის. ორი წინადადებით შეეხე საკუთარ გამოცდილებას და არავითარ შემთხვევაში არ მოყვე რეზიუმე. ეცადე, იუმორი საერთოდ არ გამოიყენო; იყავი პირდაპირი და ბანალურობისგან თავი შეიკავე. მაგალითად: „ნება მიბოძეთ, თქვენი ყურადღება მივაპყრო ორ მიზეზს, თუ რატომ ვიქნები ღირსეული თანამშრომელი თქვენი გუნდისთვის“. ყოველთვის ეცადეთ, გაარკვიოთ ადრესატის სახელი და კონკრეტულად მას მიმართოთ.
ყურადღება გაამახვილე საკუთარ ღირებულებებზე
დამქირავებელი დღეს ეძებს ისეთ თანამშრომელს, რომელიც დაეხმარება პრობლემების გადაჭრაში. შენი მცირე კვლევიდან გამომდინარე, წარმოაჩინე ის, რომ გაქვს ინფორმაცია კომპანიაზე და მის ზოგად გამოწვევებზე (მაგალითად პანდემია); შენ შეგიძლია, დაწერო, როგორ გადალახე მსგავსი პრობლემები წარსულში ან მოკლედ ისაუბრო შენეულ გამოცდილებაზე. ბრიტანელი ექსპერტის, ჯონ ლის, აზრით, არსებობს ორი ძირითადი უნარი, რომელიც რელევანტური და საჭიროა ნებისმიერი სამსახურისთვის – ადაპტაციისა და სწრაფად სწავლის უნარი. დამსაქმებლისთვის განსაკუთრებულ ყურადღებას მიიპყრობს ის ისტორიები, რომლებიც სწორედ ამ ორ თვისებას უკავშირდება.
გადმოეცი ენთუზიაზმი
დამქირავებლებს სამსახურში ყოველთვის ისეთი ადამიანი აჰყავთ, ვინც არწმუნებს, რომ ეს ნამდვილად მათი საოცნებო სამსახურია. მნიშვნელოვანია სწორედ ენთუზიაზმი, პოზიტიური განწყობა და მუხტი, რომელსაც წერილში კონკრეტული სამუშაო როლისთვის უნდა გამოხატავდეთ.
იყავი ლაკონიური და დაელოდე შეფასებებს
სამოტივაციო წერილი იმდენად მოკლე და კონკრეტული უნდა იყოს, რომ დამსაქმებელს შეეძლოს მისი ერთი თვალით გადახედვა და აღქმა. ეცადე მეგობარს, ხელმძღვანელს ან სხვა კომპეტენტურ პირს წააკითხო და თუ შესაძლებელია, ეპიზოდები კიდევ შეამოკლო. იკითხე: ნათლად არის თუ არა საუბრის ძირითადი სათქმელი გადმოცემული; არის თუ არა რაიმე შეცდომა ტექსტში? რეკომენდებულია, შენი საბოლოო შემოქმედება რამდენიმე ადამიანს წააკითხო და ყურადღებით მოისმინო შეფასებები.
მასალა მოამზადა მარიამ ტაბაღუამ
Loading…