in

ბექა ქვარცხავა – „სხვა გზა არ არის“

ბექა ქვარცხავას სხვა გზა არ არის

სხვა გზა არ არის“ – წარმატებული ადამიანები სხვადასხვა სფეროდან გვიყვებიან თავიანთი ცხოვრების ყველაზე რთული ეპიზოდის შესახებ, რომელიც წარმატებით გადალახეს და იმაზე უფრო ძლიერები და წარმატებულები გახდნენ, ვიდრე ამ რთულ ეპიზოდამდე იყვნენ. პროექტის მიზანია, მოტივაცია მივცეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა გადიან კარიერაში რთულ პერიოდს.

დღევანდელი მთხრობელია ბექა ქვარცხავა Touch Platform-ის დამფუძნებელი. ბექა 14 წლიდან ციფრულ გარემოშია. მის ცხოვრებაში ბევრი გამოწვევა და სირთულე ყოფილა. მისი მთავარი მოტო

„მთავარია, შენი საქმის მიმართ გქონდეს რწმენა და სწორი დამოკიდებულება. როცა გჯერა, ვფიქრობ, გაფრინდები“

პირველი სირთულე

პირველი ფაქაფი რაც იყო, გავაკეთე ინსტრუმენტი, რომელიც ფოტოების ატვირთვისა და ამ ფოტოებზე ტექსტების დაწერის, ფონტის, ენისა და მდებარეობის შეცვლის საშუალებას იძლეოდა. პარტნიორობა შევთავაზე „კავკაზუს ონლაინს“, რომელიც ამაზე არ წამოვიდა. 

ამის შემდეგ, 17 წლის ვიყავი, როცა გავაკეთე ციფრული საქართველოს პროექტი, რომელიც გულისხმობდა რუკას, სადაც მონიშნული იქნებოდა სხვადასხვა ობიექტი – ეკლესია, ჩანჩქერი, მთა, მდინარე და ა.შ. ტურიზმის ადმინისტრაციას მივმართე, საიდანაც გამომიშვეს 30 ფოტოთი და ხუთი ცალი ბროშურით.

მერე ერთ წელიწადში კიდე მივედი. ვუთხარი, გავაკეთე და მოდი, ერთად შევიყვანოთ ინფორმაცია-მეთქი, ხოდა ეგეთი გვაქვსო. ცოტა გული დამწყდა, თუმცა პირიქით ამით უფრო მეტი მოტივაცია მომეცა, რომ ბევრ საინტერესო რაღაცაზე მეფიქრა.

დაახლოებით 5 წელიწადში მუშაობა დავიწყე მანდ და რაზეც 5 წლის წინ მიყვებოდნენ, რომ ჰქონდათ, ეს ყველაფერი შეუცვლელი დამხვდა. ამის შემდეგ დავიწყე იმ ყველაფრის რეალიზება, რაც თავში მქონდა.

დაახლოებით 4-5 წელი ვმუშაობდი მანდ და გავუშვი პირველი კამპანია Tripadvisor-ზე, დავამეგობრეგუგლთან და უფრო დეტალური და მონაცემებზე დაყრდნობილი კამპანიები გავუშვით.

პირველი სახელმწიფო უწყება იყო, რომელსაც ბიზნესბარათი ჰქონდა და თავად შეეძლო რეკლამირება ქვეყნისთვის საჭირო სხვადასხვა აქტივობების. გავაკეთე მათი ციფრული პროდუქტები.

იქაც იყო გამოწვევები, რაღაც კამპანიების ფარგლებში გვქონდა პრობლემები, სერვერებთან დაკავშირებით და ა.შ. ხშირად მქონია შემთხვევა, სუს-ის ტექნიკოსებისთვის მიკითხავს, რამდენად სწორი იყო, რასაც ვაკეთებდი.

იქიდან  რომ ვიღებდი პასუხს, ყველაფერს სწორად აკეთებთო, ეგ დიდ მოტივაციას მაძლევდა. პლუს ის ადამიანები, რომლებიც for free მეხმარებოდნენ, რომ ქვეყნისთვის სასარგებლო და საინტერესო რამეები გამეკეთებინა.

მანდვე დავიწყე Touch-ის კეთება, რადგან მიჭირდა, ამ ადამიანებისთვის ამეხსნა, რამდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ფოტოს და რა მნიშვნელოვანი ატრიბუტია მაშინ, როცა შენ რაღაცას ყიდი. მაშინ როცა ყიდი შენს გამოცდილებას, მოგზაურობას, იმ საინტერესო მოვლენებს, რისთვისაც ამ ხალხს ეძახი. ამისთვის საჭირო იყო კონკრეტული კონტენტითა და შესაბამისი მასალებით გეწარმოებინა კომუნიკაცია.

ციფრული მიმართულებებით პირველი კვლევა გავაკეთებინე გუგლს და ეს გამიკეთეს უფასოდ და იმისთვის, რომ ზუსტად გაგვეგო, რომელ ბაზარზე რა ასოციაცია აქვთ ჩვენზე, როგორ გვიცნობენ, რა იციან, თუმცა დღემდე არავინ იყენებს მაგ კვლევას.

მაინდსეტის პრობლემა გვაქვს და ზოგს დღემდე არ ესმის, როგორ აწარმოო სწორად კამპანიები ციფრული პროდუქტების საშუალებით, იყო ფინანსურად ეფექტური და უფრო მეტ აუდიტორიაზე გახვიდე.

Touch Platform

ბევრი პრობლემა იყო Touch-ის მიმართულებითაც, მაგალითად, ერთ-ერთ ივენთზე, ერთი კვირით ადრე გავიგე, რომ ვენიუს აღარ მიფინანსებდნენ და ზუსტად ორ დღეში ფაბრიკასთან დავალაგე ისე, რომ მათ მომცეს სივრცე, იყო ასევე ხიდი.

მინიმალური რესურსებით გვიწევდა იმის კეთება, რაც დღეს გავაკეთეთ და ხუთი წლის თავზე, Touch-ი იმაზე ცოტა დაჯდა, ვიდრე 10 სტარტაპის დაფინანსება და ჩამოვიყვანეთ ისეთი კომპანიები, როგორებიცაა გუგლი, ფილიფსი, ამაზონი, ეარბიენბი, იუთუბი, ფეისბუქი, ნაიკი, ნასა. 

ნასა-ს ასტრონავტი გვყავდა ერთხელ სპიკერად, ასევე – ვაისი, ტესლას ინჟინერი და ა.შ. რასაც ცოტა საზოგადოება ხვდება, თუ რა მნიშვნელობის ადამიანებთან აქვს შეხება. 

გჯეროდეს და გაფრინდები

პრობლემები სულ აქვს ადამიანს, თუ ის განვითარებისთვის იბრძვის და წინ მიდის იმ მიმართულებით, რომ საკუთარ მიზანს მიაღწიოს, რადგან თუნდაც მარტივი მოცემულობა რომ წარმოვიდგინოთ, როცა სადმე გვეჩქარება, მაინცდამაინც მაშინ არ გამოჩნდება ტაქსი, ავტობუსი და დააგვიანებს მარშუტკა. 

ყოველთვის არსებობს ჩვენს ცხოვრებაში ყოველდღიური მოვლენები, რომლებიც ხელს გვიშლის თუნდაც ა პუნქტიდან ბ-ში მივიდეთ. მთავარი მოტო ის არის, რომ გჯეროდეს და გაფრინდები. 

არ ვიცი, რაში ვპოულობდი ძალას. ალბათ, შინაგანი ვაიბი იყო, ან რაღაც მიზნებს ადამიანებთან და მოვლენებთან ვაკავშირებდი და ჩემს წარსულში არსებულ ადამიანებთან ვაიგივებდი იმ მიზნებსა და შედეგებს, რაც მათ გააკეთეს. 

ბებიაჩემის ბაბუა იყო ერთ-ერთი ბოლო ინსპირაცია, რომელიც წავიდა რეჟიმის წინააღმდეგ, ანაფორა არ გაიხადა და დახვრიტეს. ამას მაშინ მივხვდი, როცა პირველ კურსზე ოკუპაციის მუზეუმში წამოვედი უნივერსიტეტიდან და მაშინ აღმოვაჩინე, რომ ეს ადამიანი ეწერა იმ ადამიანების სიაში, რომლებიც რეჟიმის წინააღმდეგ წავიდნენ და საკუთარი ღირსება სიცოცხლის ფასად დადეს. 

ეს იყო ერთ-ერთი ფაქტორი. ესეც ჩემს საკუთრ მიზანს მივაბი, რომ თუ ეს ადამიანი საკუთარ სიცოცხლეზე ამბობს უარს იმიტომ, რომ აქვს რაღაც პრინციპი, რა ან ვინ შეიძლება იყოს შენთვის ისეთი წინააღმდეგობის გამწევი, რომ ვერ მოერიო. 

„ადამიანებს შეუძლიათ იმის გაკეთება, რასაც დაიჯერებენ, და დარწმუნებული ვარ, ყველას აქვს ფრთები, რითაც შეუძლიათ, იფრინონ“

ბევრი იყო ეგეთი მომენტი, არამარტო ამ კონკრეტულ ადამიანთან დაკავშირებით, არამედ რაღაც მომენტებთან დაკავშირებით. არასდროს არ შევუშინებივარ იმ ადამიანების წნეხს. ერთხელ მითხრეს Touch-ზე, არ გეზარება რომ აკეთებო? წლების მერე ეს ადამიანები მთხოვდნენ „თაჩზე“ დასასწრებ ბილეთებსა და მოსაწვევებს. 

არ მინდა, ძალიან ეგოისტურად გამომივიდეს, მაგრამ მგონია, რომ თუ მეჩეთში მოლა გულწრფელად ლოცულობს, იმასაც საუკუნო განსასვენებელი შეიძლება ჰქონდეს. და ზოგადად, თუ გალაკტიონს უნდოდა გაფრენა, დარწმუნებული ვარ, მას სჯეროდა, როცა აივნიდან ხტებოდა, რომ ზღვაში შედიოდა.

მჯერა და მგონია და მაქვს სურვილი, რომ ადამიანებს შეუძლიათ იმის გაკეთება, რასაც დაიჯერებენ, და დარწმუნებული ვარ, ყველას აქვს ფრთები, რითაც შეუძლიათ, იფრინონ, უბრალოდ ამ ფრთებს გამომუშავება სჭირდება. და ამ უნარს ბევრი დამარცხება და გამოცდილების მიღება.

რჩევა ადამიანებს, რომლებიც ახლა არიან მძიმე დაბრკოლებების წინაშე

ჩემი რჩევა იქნება, რაც შეიძლება ბევრი რაღაც სცადონ, რაც შეიძლება მეტჯერ დამარცხდნენ, რაც შეიძლება მალე გაიკვლიონ გზა და მიიღონ გამოცდილება. ბევრი ივარჯიშონ, თავიანთი თავი სხვადასხვა მოცემულობაში მოახვედრონ და ეცადონ, რომ ადამიანებს დაუჯერონ.

მაგრამ ყველას ყველაფერში შეიძლება, არ დაუჯერონ. ერთი ასეთი ფრაზა მახსენდება, რომ თუ შენ გინდა, იყო კარგი შეგირდი, ოსტატს ყველაფერი უნდა დაუჯერო, მაგრამ შენ ვერ გახდები კარგი ოსტატი, თუ ოსტატს ყველაფერს დაუჯერებ. 

ჩემს ცხოვრებაში იყვნენ ადამიანები, რომლებმაც ჩემზე საინტერესო გავლენა მოახდინეს იმ კუთხით, რომ სწორად მიმითითებდნენ იმაზე, რაც უკეთ შემეძლო, მეკეთებინა. სწორად მამარცხებდნენ და სწორად ვპულობდი ჩემს თავში გამარჯვებას. 

ყოფილან ადამიანები, რომლებსაც დღემდე არ ესმით ამ გამარჯვებისა და დამარცხების. მათთვის დრო, ალბათ, არ უნდა დახარჯო. ვისაც არ ესმის, შეგიძლია, რამდენჯერმე აუხსნა, მაგრამ თუ ვიღაცებს არ აინტერესებთ, ღორებს მარგალიტი არ უნდა დაუყარო. 

ვურჩევდი, რომ აიღონ დიდი მიზანი, ზეამოცანა, ბიგ იდეა. პროფესიით მსახიობი ვარ, ეგეც აღმოჩენაა, რადგან დიჯითალ რაღაცებით მიცნობენ. აიღონ პატარა ამოცანები, შექმნან გამჭოლი მოქმედება და კულმინაციური მოვლენებით იცხოვრონ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

სად აღვნიშნოთ გაზაფხულის პირველი დღეები – შეზღუდვები იხსნება

შფოთვა და სხვა ფსიქოლოგიური პრობლემები – თემები, რომლებსაც TikTok-ზე 23 წლის ბიჭი განიხილავს