in

სოფო ფირანიშვილი – „სხვა გზა არ არის“

„სხვა გზა არ არის“ – წარმატებული ადამიანები სხვადასხვა სფეროდან გვიყვებიან თავიანთი ცხოვრების ყველაზე რთული ეპიზოდის შესახებ, რომელიც წარმატებით გადალახეს და იმაზე უფრო ძლიერები და წარმატებულები გახდნენ, ვიდრე ამ რთულ ეპიზოდამდე იყვნენ. პროექტის მიზანია, მოტივაცია მივცეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა გადიან კარიერაში რთულ პერიოდს.

დღევანდელი მთხრობელია სოფო ფირანიშვილი. თავის თავს ყველაზე ემოციურ ადამიანად მიიჩნევს. კი, ემოციური ნამდვილად არის, მაგრამ ეს მისი ხასიათის ყველაზე საინტერესო და ძლიერი შტრიხია. 21 წლის ასაკში დაიწყო ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა და, ამ ბრძოლის პროცესში, ბევრ სხვა ადამიანსაც დაეხმარა. დღეს უკვე „ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელია, წერს წიგნს და ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლის ბოლო ეტაპისთვის ემზადება.

ამბავი

21 წლის რომ გავხდი… არა, აი, რომ მითხრეს, კიბო გაქვსო, იქიდან დაიწყო ჩემი ამბავი. საერთოდ არ მახსოვს, იმ დღემდე როგორი ვიყავი, ან რანაირად ვცხოვრობდი, იმ დღის მერე, კიდევ დიდი ხანი ვერ ვიაზრებდი, როგორ მომიწევდა მერე ცხოვრება.

რომ დავაკვირდი, „მერე“  ძალიან კარგი სიტყვაა, უკვე თავისებურ იმედს ნიშნავს

რამდენიმე წელი დამჭირდა, იმ მოცემულობის გასააზრებლად, რაც ცხოვრებამ ცხვირწინ დამიდო, მერე მივხვდი, რომ, რაც არ უნდა იყოს, საკუთარი თავის მოსმენასა და შეგრძნებების აღქმას როცა ვიწყებთ, უბრალოდ, იმის გააზრებას – რა ხდება ჩვენს თავს, რაღაცები თავის ადგილს იკავებს. უფრო სხვანაირად რომ ვთქვათ, ლაგდება.

როცა პირველად წავედი ტელევიზიაში და პირველად გავაკეთე ბლოგი, თავისებურად მიკანკალებდა ხმა და ყველა შინაგანი გრძნობა, მაშინ ჯერ კიდევ მეშინოდა საკუთარი დიაგნოზის, მაგრამ ჩემ გარშემო ისედაც ყველას ეშინოდა და მეც ხომ არ შემეშინდებოდა. არ მომწონდა დამოკიდებულებები, ყველაზე მეტად ის, რომ თითქმის აცრემლებული თვალებით მიყურებდნენ ადამიანები. ვგრძნობდი, რომ ცოტა საცოდავი ვიყავი, ხანდახან საერთოდ არ ვიცი, რას ვგრძნობდი.

ნამდვილი ცვლილებები ხომ საკუთარი თავით იწყება

მივხვდი, რომ თუ მე თვითონ შემეშინდებოდა, ვეღარავის დავაჯერებდი ჩემ გარშემო, რომ საერთოდაც არ ვიყავი განსხვავებული, იმის გამო, რომ მძიმე დიაგნოზი მქონდა.

ასე დავიწყე კიბოსთან მეგობრობა და საკუთარი თავის მიღება, იმ მოცემულობით, რომელიც ღმერთმა გამომიგზავნა ციდან.

მერე დახურული ონკოკლუბი გავაკეთე –  „სოფოსთან“დავარქვი, ისევ შემეშინდა, ამდენი ონკოლოგიური პაციენტი ერთ სივრცეში, განწყობა არ დაგვივარდეს ან არ მოვიწყინოთ-მეთქი. მაგრამ პირიქით მოხდა.

და მეც ნელ-ნელა დავაკვირდი, რომ ხმა აღარ მიკანკალებდა, რომ ჩემს არცერთ გრძნობას აღარ ეშინოდა, რომ უკვე თამამად შემეძლო მეთქვა წინადადება „დიახ, მე მქონდა ან შეიძლება ისევ მაქვს კიბო!“

როცა შენ თვითონ გჯერა, მაშინვე აჯერებ სხვასაც.

დღეს უკვე საკუთარი ორგანიზაცია – „ონკოლაინ ჯორჯია” მაქვს, რომელიც პირველ ნაბიჯებს ახლა დგამს. და მჯერა, რომ საკუთარ სიტყვას იტყვის.

 იმედი თუ დამიკარგავს…

სულ ვკარგავ და სულ ვპოულობ მერე, ძალიან სასიამოვნო პროცესია.

მით უმეტეს, წამოდგომა დაცემის მერე.

სულ სხვანაირი სიმშვიდე მოაქვს ჩემთვის.

როგორ შევძელი დაბრკოლებების გადალახვა…

სიარულით, რომ ყოველთვის მივდიოდი და არასდროს ვჩერდებოდი. მტკიოდა თუ მიხაროდა, ყოველთვის დავდიოდი – ხან უკან, ხან წინ. მე თუ მკითხავთ, მთავარია, არ გავჩერდეთ.

რჩევები მათ, რომლებიც მძიმე დაბრკოლებების წინაშე დგანან

საკუთარი თავისა და შესაძლებლობების სწამდეთ. საკუთარ თავთან მეგობრობას ყველაზე დიდი დრო დაუთმონ.

ზუსტად ის ვართ, რისიც გვწამს

სამომავლო გეგმები

მალე ჩემი წიგნი გამოვა, ახლა რედაქტირების პროცესში ვარ და გამომცემლობას ვარჩევ. წერა ერთადერთია, რაც მამშვიდებს.

ჩემი ოცნებაა, რომ ონკოპაციენტებისთვის სამოტივაციო პროგრამა შევქმნა. წიგნში ვწერ ჩემს გზასა და იმ მომენტებზე, რომელიც გავიარე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

Instagram-მა ქალთა დღეებთან დაკავშირებით ახალი სტიკერები გამოუშვა

8 რჩევა, როგორ გავხდეთ ეფექტური მენეჯერი