in , ,

„ჯოვანი მორას” პროექტი ქართველური ენების პოპულარიზაციას ეწევა

ტანისამოსისა და აქსესუარების ქართული ბრენდი „ჯოვანი მორა“, ენობრივი მრავალფეროვნების პროექტის ფარგლებში, სვანურ, მეგრულსა და ლაზურ სიტყვებს სვიტრებსა და ჰუდებზე აცოცხლებს.

ბრენდს საკუთარი პროდუქტები სხვადასხვა მნიშვნელოვანი  სათქმელის საილუსტრაციოდ თუ გზავნილის გასავრცელებლად აქამდეც გამოუყენებია.  ერთ-ერთი ასეთი ანტისაოკუპაციო საპასპორტოებია, რომლებიც საქართველოს 20%-ის ოკუპირების ამბავს ყვება.

ამჟამად, „ჯოვანი მორა“ მომხმარებლებს ქართველური ენების მრავალფეროვნებას ახსენებს და სხვადასხვა მივიწყებული სიტყვის გაცოცხლებას ისახავს მიზნად.

გთავაზობთ ინტერვიუს ბრენდის თანადამფუძნებელ თინათინ ლომაიასთან.

როდის გაჩნდა პროექტის იდეა და ვის ეკუთვნის ის?

„ჯოვანი მორას“ ბრენდისთვის ქართული თემატიკა ძალიან მნიშვნელოვანი და ახლობელია. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი არის „ოკუპირებული პასპორტის“ კამპანია, რომელიც ძალიან მასშტაბური იყო, გასცდა ერთი ბრენდის საზღვრებს და ძალიან ბევრმა კომპანიამ ისაუბრა ოკუპაციის თემაზე.

ასეთი კამპანიის შემდეგ, „ჯოვანი მორას“ ერთგული მომხმარებლები ბრენდისგან ითხოვდნენ არანაკლებ მნიშვნელოვან თემას, შესაბამისად, ბევრი ვიფიქრეთ, რას უნდა შევხებოდით ჩვენს მომდევნო კამპანიაში და როდესაც ენობრივი მრავალფეროვნების კამპანიის იდეა გაჩნდა, მივხვდით, რომ ამაზე ძვირფას საგანძურზე, რომელიც გარკვეულწილად მივიწყებულია და გამოღვიძება სჭირდება, ვერაფერზე ვილაპარაკებდით. იდეა ეკუთვნის ჯოვანი მორას ერთ-ერთ დამფუძნებელს, ნათია სვანიძეს.

რა კრიტერიუმებით არჩევთ ტანისამოსზე დასატან სიტყვებს?

სიტყვა რამდენიმე კრიტერიუმით ირჩევა. ყველაზე მნიშვნელოვანი მისი შინაარსია, შემდეგ ჟღერადობა. ასევე, რამდენად უცხოა და დამახასიათებელი მხოლოდ კონკრეტული ენისთვის. მაგალითად, სიტყვა „ვაშინერს“, რომელიც მეგრული სიტყვაა და ქართულ ენაზე ზუსტი შესატყვისი არ აქვს. ენათმეცნიერების დახმარებით, „ვაშინერს“ ვთარგმნეთ, როგორც „არ ეგების“, ჟარგონულ ენაზე „არ მოსულა“.

ამ გზით გვინდა, რომ საინტერესო და გამორჩეული სიტყვები გავხადოთ ცნობადი და იქნებ ეს აღმოჩნდეს ბიძგი ადამიანებისთვის, რომ სხვადასხვა ქართველური ენის შესწავლით დაინტერესდნენ.

რა გახდა პროექტზე მუშაობის შთაგონების წყარო?

როგორც აღვნიშნე, ქართული თემატიკა იყო ჩვენთვის ინსპირაცია. გვინდოდა, რომ შემდეგი კამპანია, რომელსაც გავაკეთებდით ისევ ქართულ თემატიკას შეხებოდა. ყველაფერი კი დაიწყო სიტყვა „ვაშინერსით“, რომელიც ნათიამ ერთ-ერთ შეხვედრაზე გააჟღერა. ყველა მოვინუსხეთ ამ სიტყვის შინაარსითა და უნიკალურობით და მივხვდით, რომ ჩვენ არ ვიცნობთ იმ უდიდეს საგანძურს, რასაც „ქართული ენობრივი მრავალფეროვნება“ ჰქვია და ასე არის ქართველების უმრავლესობა, ბევრს დიალექტები ჰგონია მეგრული, სვანური და ლაზური.

ჩვენ, ამ პატარა ერმა, შემოვინახეთ ქართველური ენობრივი ოჯახის 4 დამოუკიდებელი ენა, როდესაც უდიდეს ერებს არ აქვთ ან დაკარგული აქვთ საკუთარი ენა.  

რა არის თქვენი მთავარი მიზანი, რისი თქმა გსურთ ქართველი მომხმარებლებისთვის ამ პროექტით? 

გვჯერა, რომ სხვა სიმდიდრესთან ერთად, ენობრივი მრავალფეროვნება საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კულტურული მემკვიდრეობაა. ვფიქრობთ, ამ მემკვიდრეობას კარგად გააზრება და დაფასება სჭირდება. მითუმეტეს მაშინ, როცა თაობების ცვლა, ურბანიზაცია და სხვა საკითხები ენებს გადაშენების საფრთხეს უქმნის. გვჯერა, რომ ამ მემკვიდრეობის პოპულარიზაცია და საქართველოს მასშტაბით მისი ცნობადობის გაზრდა ამ პრობლემას ცოტათი მაინც მოაგვარებს.

ვფიქრობთ, რომ ქართველური ენების მნიშვნელობა ჩვენს აქტიურ მეხსიერებაში უნდა გავაღვივოთ, რომ უფრო ბევრმა ადამიანმა გაიგოს, შეიყვაროს და დააფასოს ჩვენი ენობრივი მრავალფეროვნება.

რას მოიცავს კამპანია ქართული ენობრივი მრავალფეროვნება უფრო ფართოდ რომ აგვიხსნათ და გეგმავთ თუ არა სიახლეებს მის ფარგლებში?

ეს კამპანია 4 თვეა, რაც დავიწყეთ და უკვე რამდენიმე აქტივობა განხორციელდა, პირველი იყო მოკლემეტრაჟიანი ვიდეოების განთავსება „ჯოვანი მორას“ ფეისბუქ გვერდზე, სადაც ენათმეცნიერები მზექალა შანიძე და ლალი ეზუგბაია, მწერალი გიორგი კეკელიძე და პოეტი დიანა ანფიმიადი საუბრობენ ქართველური ენობრივი მრავალფეროვნების მნიშვნელობის შესახებ.

შემდეგ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი საკომუნიკაციო არხი – „ჯოვანი მორას“ ონლაინმაღაზია გადავთარგმნეთ სვანურ, მეგრულ და ლაზურ ენებზე. შესაბამისად, როდესაც მომხმარებელი „ჯოვანი მორას“ ონლაინ მაღაზიაში შემოდის, შეუძლია, ოთხივე ქართველურ ენაზე წაიკითხოს ტექსტები.

2 დღეა, რაც გაყიდვაში ჩავუშვით ზედების ლიმიტირებული კოლექცია, რომლებზეც დატანილია სამივე ქართველური ენიდან სხვადასხვა სიტყვა განმარტებებით.

სამომავლოდ კიდევ იგეგმება აქტივობები, რადგან ვფიქრობთ, რომ ეს თემა იმსახურებს საფუძვლიანი დროის დათმობას.

ამ რუბრიკის სხვა სტატიები ნახეთ აქ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

Roblox-ის წარმატება და მისი კაპიტალის უსწრაფესი ზრდა პანდემიის პირობებში

ორგაზმი ღილაკზე თითის დაჭერით – მეცნიერული ვარაუდი