in , ,

Speech – უცხოეთში მოღვაწე ქართველების ტრიბუნა

მედია პლატფორმა Speech • სფიჩი უცხოეთში მოღვაწე სხვადასხვა სფეროში წარმატებით დასაქმებული პროფესიონალების ტრიბუნას წარმოადგენს.

სფიჩი პანდემიის პირობებში დაარსებული Facebook პლატფორმაა, რომელიც საზღვარგარეთ მიღებული ცოდნის საქართველოში ინვესტირებას ისახავს მიზნად.

პლატფორმა PR ტექნოლოგიების სპეციალისტმა სოფო ჯაჯანაშვილმა მეუღლესთან, ზურაბ ქათამაძესთან ერთად ნიუ-იორკში დააარსა.

გთავაზობთ ინტერვიუს Speech-ის თანადამფუძნებელ სოფო ჯაჯანაშვილთან

როდის და საიდან გაჩნდა „სფიჩის“ დაარსების იდეა?

2018 წელს ნიუ-იორკში ვიყავი მივლინებით, საქართველოს პრეზიდენტთან ერთად. ერთ-ერთ შეხვედრაზე გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე, ზურაბ ქათამაძე. ჩვენი საუბრის მთავარი თემა უცხოეთში მოღვაწე ქართველების საქმიანობა იყო. ზურას ჰქონდა იდეა, რომ შეექმნა ქართული ტელევიზია ამერიკაში და უცხოეთში მცხოვრები პროფესიონალების რესურსი წარმოეჩინა.

ეს თემა ჩემთვის საინტერესო იყო, რადგან ჩემი ბაბუა, მიხეილ ქავთარაძე საფრანგეთში 30 წლის განმავლობაში ჟურნალ “ივერიას” გამოსცემდა. 1989 წელს პირველი ბავშვი ვიყავი, ვინც საბჭოთა საქართველოდან პარიზში ჩავიდა. ბავშვობის დიდი ნაწილი იქ გავატარე. კარგად ვიცნობდი ისტორიულ ემიგრაციას, მათთან ხშირი შეხება მქონდა. უმაღლესი განათლებაც საფრანგეთში მივიღე, შემდგომ საქართველოში დავბრუნდი და ექვსი წლის განმავლობაში პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ვმუშაობდი, პიარის მიმართულებით.

უცხოეთში ხშირად ჩავდიოდი ოფიციალური ვიზიტების დასაგეგმად, მე და ზურას საქმიანი ურთიერთობა ასე თანდათან გადაიზარდა პირად ურთიერთობაში. შარშან დავქორწინდით და ნიუ-იორკში გადმოვედი. დაგვემთხვა პანდემიის პერიოდი. გადავწყვიტეთ, დრო არ დაგვეკარგა და ჩვენი საერთო მიზანი განგვეხორციელებინა. ასე გაჩნდა გასული წლის აპრილში ფეისბუქ პლატფორმაზე “სფიჩი”.

რა არის ამ პლატფორმის მთავარი მიზანი?

ჩვენი მიზანია, თავი მოვუყაროთ მთელ მსოფლიოში მოღვაწე ქართველი ემიგრანტების გამოცდილებას, როგორც მნიშვნელოვან ინტელექტუალურ საგანძურს, რათა მოხდეს უცხოეთში მიღებული ცოდნის გაზიარება და ინვესტირება საქართველოში; საერთაშორისო აპრობირებული სისტემების დანერგვა-ინტეგრირება ჩვენს ქვეყანაში.

,,სფიჩმა” მცირე დროში შეძლო მედია სივრცეში თავისი ნიშის დაკავება და იქცა უცხოეთში მცხოვრები ქართველი პროფესიონალების წარმატების ტრიბუნად.

რა განასხვავებს „სფიჩს“ სხვა მედია პლატფორმებისგან?

ჩვენი პლატფორმის კონტენტი საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი პროფესიონალები არიან. ყოველდღიურად მომხმარებელს ვაცნობთ მათ საქმიანობას, გამოცდილებას და მიღწევებს. ამ დროის განმავლობაში 200-მდე პროფესიონალი წარვუდგინეთ საზოგადოებას, მათთან ხშირი კომუნიკაცია გვაქვს.

გვიხარია, რომ ბევრი ახალი სახე აღმოვაჩინეთ. ეს თემა მედია საშუალებებში აქტუალური გახდა და ჩვენი რესპონდენტების მიღწევებს სხვა ჟურნალისტებიც ხშირად აშუქებენ.

როგორი გამოხმაურება ჰპოვა ამ პროექტმა ქართველ აუდიტორიაში?

მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს რესპონდენტებთან ერთად ძლიერი გუნდი შევქმენით. მათთან მუშაობა ძალიან საინტერესოა. მხოლოდ ერთი წელია, რაც ნიუ-იორკში ვარ და მათი გამოცდილება მე თვითონაც დამეხმარა სისტემასთან სწრაფ ინტეგრირებაში; შესაძლებლობების აღმოჩენაში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამერიკაში.

ძლიერი ქართული დიასპორის არსებობა ყველა ქვეყანას სჭირდება, ასევე ახალ ემიგრანტებს, რათა არ დაკარგონ დრო გზების ძიებაში. ყველა ჩვენმა რესპონდენტმა ეს რთული გზა გაიარა. ისინი გულწრფელად გვიზიარებენ საკუთარ მიღწევებსა და გამოწვევებს. მათი დღევანდელი მდგომარეობა ყველასთვის იმდენად მიმზიდველია, რომ ის განვლილი რთული გზა აღარ ჩანს.

ვიღებთ უამრავ შეტყობინებას, გვეკითხებიან რჩევებს და გამოხატავენ ინტერესს. კიდევ უფრო გაღრმავდა სურვილი უცხოეთში გამგზავრების. ლოგიკურია, რომ ჩვენს ვიდეოებსა და სტატიებში პროფესიონალების წარმატებამ და მიღწევებმა მკითხველს გაუჩინა მოტივაცია, რომ თავადაც სცადონ ბედი საზღვარგარეთ.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი გზა, რაც მათი მიზნების განხორციელებას უკავშირდება, უცხოეთში იყოს ლეგალური, რათა არ მოუწიოთ დროის დაკარგვა და შეცდომების დაშვება სხვა ქვეყანაში.

უნდა იცოდნენ, რისთვის მიდიან, რა მიზანი აქვთ და რამდენ ხანს აპირებენ დარჩენას. ყველა ეს მიზანი უნდა ემსახურებოდეს განათლებას და განვითარებას. ამისთვის წინასწარ უნდა იყოს შერჩეული საქმიანობის სფერო, იცოდნენ იმ ქვეყნის ენა, სადაც აპირებენ ცხოვრებას. სხვა შემთხვევაში მხოლოდ ბრძოლაა არსებობისთვის.

გეგმავთ თუ არა სიახლეებს „სფიჩის“ ფარგლებში?

ელექტრონული მედია პლატფორმა გვაძლევს საშუალებას, ვიყოთ ხელმისაწვდომი მთელ მსოფლიოში. “სფიჩ”-თან ერთად შევქმენით “ბიზნეს სფიჩი”. ვთანამშრომლობთ კომპანიებთან პიარის, მარკეტინგის და ბრენდინგის მიმართულებით. ვგეგმავთ ურთიერთობას საერთაშორისო მედიასთანაც. გვინდა ქართული ბიზნესი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს და განვითარდეს. მოახდინოს ინტეგრირება საერთაშორისო ბაზარზე. ვმუშაობთ “სფიჩის” ვებ გვერდზე და აპლიკაციაზე, რომელიც მომხმარებელს ძალიან ბევრ სიახლეს შესთავაზებს მსოფლიოს მასშტაბით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

Google-ს მონაცემების შეგროვების გამო $5 მილიარდის გადახდა მოუწევს

საუკეთესო პლატფორმები ონლაინ მაღაზიის შესაქმნელად