in ,

ეკატერინე ტოგონიძის წიგნი „შინ-შენ“ მარტის ბოლოს გამოვა

ქართველ მკითხველებს და თანამედროვე ლიტერატურის მოყვარულებს მწერალი ეკატერინე ტოგონიძის წიგნის „შინ-შენ“ შეძენა და წაკითხვა მარტის ბოლოს შეეძლებათ.

ავტორი განმარტავს, რომ არ სურს მკითხველი შეცდომაში შევიდეს წიგნის გარეკანის გამო და აღნიშნავს, რომ ის ავტობიოგრაფიული წიგნი არ არის, თუმცა მიუხედავად ამისა, მასში მკითხველი მწერლის დიდ ნაწილს გაეცნობა.

წიგნი „შინ-შენ“ მწერლის 40 წლის იუბილეს უკავშირდება.

„ბევრი წელი გავიდა, ბევრი მოხდა და სათქმელიც იმდენი დაგროვდა, ზოგჯერ სულ რომ გადუმებს. თუმცა სიყვარულზე ლაპარაკი ცოტათი მაინც შევძელი.“

ეკატერინე

რომანს „სულაკაურის გამომცემლობა“ გამოსცემს. Venue.-ს მკითხველს კი წიგნის ანოტაციას გთავაზობთ:

„მიწისძვრა ნიას სამყაროს ძირეულად არყევს. სახლზე გაჩენილი ბზარი ყველაზე ძვირფასის – ოჯახის, ურთიერთობების, მომავლის დანგრევას უქადის. ნია მარტოა – ასეთია ბრძოლის ველზე ეულად დარჩენილი მეომრის როლი, მაგრამ ცხოვრება მეორე შანსს, ნანატრ კინოროლს სთავაზობს და გადაღებებთან ერთად იწყება ახალი, პარალელური რეალობა – ხელოვნება, როგორც თავშესაფარი, როგორც გაქცევა… თუ სინამდვილესთან დაახლოებისა და საკუთარი თავის დაბრუნების ერთადერთი გზა.
ამ ლაბირინთში მკითხველი ნიას აჩქარებული სუნთქვისა და მაჯისცემის რიტმით მოგზაურობს, არიადნეს გორგალივით უჭირავს უკან დასაბრუნებელი ძაფი, თითქოს ამ ძაფით აღადგენს კავშირს დაკარგულ წარსულთან და ხედავს იმას, რასაც თავად ნიაც ვერ ხედავდა – სხვათა სიმართლეს.“

შეგახსენებთ, რომ ეკატერინე ტოგონიძე ბერლინის ლიტერატურული კოლოკვიუმის ორგზის სტიპენდიატი და პრემია „საბას“ ლაურეატია. მისი ნაწარმოებები თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, ჩეხურ, რუსულ და აფხაზურ ენებზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

შეუძლიათ თუ არა კატებს, ცხოვრების აზრი გვასწავლონ?

ლიტერატურული კონკურსი საბავშვო ნაწარმოებების გამოსავლენად – Naec.ge