in

როცა შეუძლებელი არაფერია – რატი გელაშვილის #ამბავი

მსოფლიოს ორ მოწინავე ქვეყანაში სწავლისა და მუშაობის გამოცდილება, უამრავ საინტერესო პროექტში ჩართულობა და ძალიან დიდი, მაგრამ ჯანსაღი ამბიციები – დღეს რატი გელაშვილის ამბავს მოგითხრობთ.

–  ახლა რა ხდება შენს ცხოვრებაში, რა ეტაპზე ხარ.

მას შემდეგ, რაც საქართველოში საოცნებო სამსახური დაუფიქრებლად დავტოვე და კიდევ ერთი მაგისტრატურის ხარისხის მისაღებად ისრაელში წამოვედი, ამ კითხვას ხშირად ვუსვამ საკუთარ თავს. ალბათ, იმ ეტაპზე ვარ, რომ ჯერ კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი და აღმოსაჩენი, ამიტომ, ვცდილობ ეს მანამდე მოვასწრო, სანამ ცხოვრების უფრო რთულ ეტაპზე გადავალ.

ჯერ აშშ, ახლა – ისრაელი. მოგვიყევი, როგორ მოხვდი და რას საქმიანობდი / საქმიანობ.

– უცხო ქვეყნების მონახულების სურვილი ბავშვობიდან მქონდა, თუმცა იმ დროს ამაზე ოცნებაც არ შემეძლო, რადგან უცხო ენებში ძალიან ცუდი ვიყავი და ვიცოდი, რომ მათ გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა. პირველად უნივერსიტეტში ავირჩიე ინგლისურის კურსი და დავიწყე სწავლა, მეორე კურსზე საერთაშორისო კონკურსში გავიმარჯვეთ და ბელგიაში წავედით ტრენინგებზე. რა თქმა უნდა, ინგლისურ ენაზე ტარდებოდა. ამ ყველაფრის შემდეგ, მეტი მოტივაცია მომეცა, თუმცა უცხოეთში სწავლა ჯერ შორეული ოცნება იყო, რადგან ჩემი ინგლისური ამის საშუალებას არ მაძლევდა.
2019 წელს მეგობარმა გამიზიარა ამერიკული გარემოსდაცვითი ორგანიზაციის სამუშაო/სასწავლო პროგრამა, სადაც აცხადებდნენ ვაკანსიას 28 წლამდე ასაკის ახალგაზრდებზე, ვისაც მცენარეებთან მუშაობის გამოცდილება ჰქონდა.  ყველა მოთხოვნა დავაკმაყოფილე და ამიყვანეს.

ამერიკელ სპეციალისტებთან ერთად ვმუშაობდი მცენარეების ინვაზიური სახეობების მონიტორინგსა და გარემოსდაცვით რესტორაციაზე.

2020 წელს, როდესაც საერთოდ არ ვფიქრობდი უცხო ქვეყანაში წასვლას, მეგობარმა შემატყობინა, რომ არსებობდა ისრაელში მაგისტრატურაზე სტიპენდიის მიღების შესაძლებლობა. მეც შევიტანე საბუთები და შემოდგომაზე მიმიღეს თელ-ავივის უნივერსიტეტის გარემოს შემსწავლელი მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამაზე.

როგორც ვიცი, ისრაელში საინტერესო სტაჟირებას გადიხარ.

– სტაჟირების პროგრამა უნივერსიტეტის ინიციატივაა, რომ სტუდენტებს კარიერაში გზა გაუკვალონ და თან თეორიულად მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზაციაში დაეხმარონ. სწავლის დასაწყისში რამდენიმე ორგანიზაციის აპლიკაცია გამოგვიგზავნეს, მე ჩემს ინტერესებთან ყველაზე ახლოს მდგომი – ებრაული ეროვნული ფონდის ტყის ინვენტარიზაციისა და პოლიტიკის დეპარტამენტის ვაკანსია შევარჩიე და გავიარე გასაუბრება.ეს ორგანიზაცია ფლობის ისრაელის ტერიტორიის 15%-ს და პასუხისმგებელია ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება დაცვასა და ახალი გამწვანებული არეალების შექმნაზე. მომავალი თვეების განმავლობაში, ჩემი მოვალეობა იქნება ისრაელის სპეციალისტებთან ერთად ველზე მუშაობა, მცენარეების თესლის შეგროვება, თესლის ბანკში შენახვა, სანერგეში ახალი მცენარეების გამოყვანა და ა.შ. ჩემი პროფესიისთვის შესაბამისი და საინტერესო სამუშაო ჩანს.

როგორია, მსოფლიოსთვის საკმაოდ კრიზისულ პერიოდში, თავის უცხო ქვეყანაში დამკვიდრება?

– რა თქმა უნდა, არ იყო მარტივი. როდესაც ჩამოვედი არავის არ ვიცნობდი, მალე ლოქდაუნიც დაიწყო და სახლიდან გასვლა არ შეიძლებოდა. თუმცა ეს დრო, ვფიქრობ, ნაყოფიერად გამოვიყენე: უნივერსიტეტის გამოცდებში მაღალი ქულები მივიღე, ახალი უნარებს დავეუფლე, ვებ-პროგრამირების სწავლა დავიწყე.

– საქართველოშიც საკმაოდ აქტიური იყავი.

– ეკოლოგიის ბაკალავრიატი თსუ-ში დავამთავრე, სტუდენტობის დროს, ვიყავი თვითმმართველობის ადმინისტრაციის წევრი, შექმენი თსუ-ის ეკომოლაშრეთა კლუბი და აქტიურად ვმონაწილეობდი სამეცნიერო კონფერენციებში. შემდეგ მაგისტრატურა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი განვაგრძე და დავიწყე მუშაობა ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში, სადაც გარემოსდაცვით საგანმანათლებლო პროგრამებს ვქმნიდი გუნდთან ერთად და ასევე ვმონაწილეობდი ადგილობრივ და უცხოურ სამეცნიერო პროექტებში. ორგანიზება გავუწიეთ რამდენიმე მაშტაბურ პროექტსაც.

– დაბოლოს, როგორია შენი სამომავლო გეგმები.

ჯერჯერობით მაგისტრატურა უნდა დავამთავრო. პარალელურად, მუშაობა დავიწყეთ პროექტზე გარემოსდაცვითი ბიოინჟინერიის ლაბორატორიაში. თუ ექსპერიმენტმა გაამართლა, ვფიქრობ, კიდევ დავრჩები და დოქტორანტურის ხარისხსაც აქ მივიღებ. ა

მინდა, საქართველოში დაბრუნება და განათლების სისტემის ისე შეცვლა, რომ  ჩვენმა სკოლებმა დაიწყონ თავისუფალი ადამიანების აღზრდა,  რომლებსაც ცვლილებების არ შეეშინდებათ და მომავალში ყველა სფეროს განავითარებენ ისე, როგორც ეს დღეს განვითარებულ ქვეყნებშია.

თუმცა, იმედი მაქვს, ჩემს დაბრუნებამდე ამ საკითხზე მუშაობა დაიწყება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

ნინო კერესელიძე – „სხვა გზა არ არის”

ელექტრონული ქსოვილით შეკერილი ტანისამოსი კომპიუტერადაც გამოდგება