25 აპრილს, სოციალურ საწარმოთა ალიანსის ორგანიზებით, სააღდგომო ბაზრობა გაიამრთება, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ ფარგლებში ხორციელდება.
სოციალური საწარმოები წარმოადგენენ ისეთ საწარმოებს, რომლებიც სხვადასხვა სახის სოციალურ პრობლემას სამეწარმეო მიდგომებით აგვარებენ. სოციალური მეწარმეობა შედარებით ახალი კონცეფციაა, რომელიც ბიზნესის „ახლებური გზით“ კეთებას გულისხმობს. ჩვეულებრივი ბიზნესისგან სოციალურ საწარმოს სწორედ მისი სოციალური ბუნება განასხვავებს – ის იქმნება კონკრეტული პრობლემის მოსაგვარებლად და მოგებაც სწორედ ამ პრობლემის გადაჭრისკენ მიემართება.
სააღდგომო ბაზრობის მთავარ მიზანს სწორედ სოციალური საწარმოების ეკონომიკური გაძლიერება წარმოადგენს პანდემიით გამოწვეული კრიზისის პირობებში.
სააღდგომო ბაზარი გაიმართება თბილისში, ორბელიანის მოედანზე 12:00-დან 18:00 საათამდე.
ბაზრობაზე თქვენთან შესახვედრად მთელი გულით ემზადება ალიანსის წევრი 17 სოციალური საწარმო საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. მოკლედ მოგიყვებით თითოეული მასპინძლის შესახებ:
ბაბალე – საწარმო, სადაც დაუნის სინდრომის მქონე პირები არიან დასაქმებული და უმშვენიერესი ხის, თიხისა და ტექსტილის ნივთებით მოგაწონებენ თავს. საწარმო მიზნად ისახავს ინტელექტუალური დარღვევებისა და ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობას.
ჩუ – სამაგიდო თამაში, რომელიც თქვენს გართობაზე იზრუნებს და ნამდვილად არ მოგაწყენთ, თქვენ კი ჟესტური ენის პოპულარიზაციას შეუწყობთ ხელს. ჩუ თავისი სოციალური მისიით საზოგადოებაში თანაბარი შესაძლებლობების გაჩენას ცდილობს.
კოდალა – ეკოლოგიურად სუფთა ხის სათამაშოებს ამზადებს პატარებისთვის, რომელიც ბავშვის წარმოსახვის, მეხსიერებისა და მოტორული უნარების განვითარებას უწყობს ხელს. საწარმოში შშმ და სოციალურად დაუცველი პირები არიან დასაქმებულები.
ჩირიგე – სოფელში მოყვანილი ხილისგან დამზადებული ჩირი ბავშვობას და ზაფხულის არდადეგებს გაგახსენებთ. ჩირიგე სწორედ ის სოციალური საწარმოა, რომელიც ცდილობს მომავლის სოფლის შექმნას სამეგრელოში ყველასთვის თანაბარი დასაქმების შესაძლებლობების უზრუნველყოფით.
იკორთა – გაზაფხულის ფერებით მორთული ვერცხლისა და მინანქრის ნაკეთობებსა და სამკაულებს წეროვნის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ქალები გამოამზეურებენ თქვენთვის ორბელიანის მოედანზე.
სამეზობლო – კახეთიდან ადგილობრივი წარმოების ნატურალური ვაშლის უგემრიელეს ჯემსაც გაგვასინჯებს და ნაჭრის ულამაზეს ჩანთებსაც წარმოგვიდგენს. სამეზობლო თავისი საქმიანობით ხელს უწყობს ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებას კახეთში, ზემო მაღაროს თემში. ის წარმოადგენს მულტიფუნქციურ სივრცეს, რომელიც ცდილობს დადებითი ცვლილებების მომტანი იყოს მაცხოვრებლებისთვის.
არაბული არტჰაუსი – ხევსურეთის სოფელ კორშაში მცხოვრები არაბულების ოჯახი ხელნაკეთ სუვენირებსა და ჩანთებში გაცოცხლებულ ხევსურულ ტრადიციებს მოიტანენ თქვენამდე, რათა მომავალში კიდევ უფრო მეტად გააძლიერონ ადგილობრივი მოსახლეობა.
ნუკრიანის სახელოსნოები – შუაგულ ნუკრიანიდან ხელით შექმნილ საოჯახო ნივთებს, ქვილთისა და თექის სუვენირებს ჩამოგვიტანენ. ადგილიდან, რომელიც ზრუნავს ადგილობრივი პირების, განსაკუთრებით ქალებისა და ახალგაზრდების განვითარებასა და დასაქმებაზე.
ეთნოდიზაინი – ჭურჭლისა და სუფრის სხვა აქსესუარებთან ერთად, სოციალური მაღაზია ეთნოდიზაინი, სააღდგომო დეკორატიული ნივთებით გაგვანებივრებს, რომელიც ტრადიციული რეწვის ოსტატების მიერაა სათუთად შექმნილი.
პოტერია – კერამიკის ხელნაკეთი ჭურჭლისა და სახლის სხვადასხვა აქსესუარის ნახვის შემდეგ მიხვდებით, რომ სახლისთვის ახალი ნივთის შემატება არასდროსაა ზედმეტი. საწარმო ზრუნავს კანონთან კონფლიქტში მყოფ ქალების დასაქმებასა და მათ საზოგადოებაში რეინტეგრაციაზე.
დადარი – უსაფრთხო და ეკოლოგიური ხის ხელნაკეთი სათამაშოები აუცილებლად გაგახსენებთ ბავშვობასა და ეზოში თამაშის ამბებს. საწარმოში დასაქმებულია ინტელექტუალური განვითარების შეფერხებისა და ფსიქო-სოციალური საჭიროებების მქონე პირები.
კაფუნე – ბაზრობის ყველაზე გემრიელი ნაწილი სწორედ აქ არის. თუ ცოტათი დავიღლებით, მოგვწყურდება ან გემრიელობების ჩატკბარუნება მოგვინდება, კაფუნეს უნდა მივმართოთ. სოციალური კაფე ზრუნავს კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების დასაქმებაზე.
თემი – ბიოპროდუქტის დაგემოვნება თუკი მოგინდებათ თემი გიმასპინძლებთ ღვინითა და ქართული დოლის პურით. ასევე საშუალება გექნებათ სახლში ბიო ბოსტნეულითა და სხვადასხვა ჯემით ხელდამშვენებული დაბრუნდეთ, რომელიც პირდაპირ კახეთიდან მოხვდება თქვენთან. სოციალური საწარმოს მიზანს წარმოადგენს მიზნობრივი ჯგუფებისათვის უსაფრთხო და წამახალისებელი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს უწყობს პირადი შესაძლებლობების სრულად განვითარებას.
იალონი – იალონი სააღდგომო თემატიკის ათასნაირ ხელნაკეთ სუვენირს შემოგთავაზებთ. საწარმო მიზნად ისახავს შშმ პირების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
ფარშევანგი – სააღდგომოდ, ქვილინგის ტექნიკით დამზადებული მისალოცი ბარათების შეძენას, ფარშევანგთან შეძლებთ. სოციალური საწარმო ქუთაისში მდებარეობს და ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და სოციალურად დაუცველი პირების სოციალურ-ეკონომიკურ ინტეგრაციას.
7R – გაზაფხულის ფერად დღეს კიდევ უფრო მეტად გაგიფერადებთ 7R-ის მიერ სხვადასხვა ნაჭრისგან შექმნილი ჩანთები, დეკორატიული დროშები, თმის სამაგრები, ქვილთი, მაისური თუ საბანი. 7R მწვანე მიზნების მქონე სოციალური საწარმოა, რომელიც ქსოვილის ხელახალი გამოყენებით ქმნის ახალ პროდუქციას, ზრუნავს გარემოზე და ცდილობს ნარჩენების შემცირებას.
ისტორიალი – არტ-ჯგუფი „ისტორიალის“ გუნდი მრავალწლიანი გამოცდილებით უძველეს ისტორიას თანამედროვე დიზაინში აცოცხლებს. სწორედ კულტურული მემკვიდრეობის თემატიკაზე შექმნილ სამკაულებს იპოვით ისტორიალთან.
პანდემიამ თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაზე იქონია გავლენა და სოციალურ საწარმოებსაც სრულიად განსხვავებულ სამუშაო პირობებთან მოუხდათ ადაპტირება. სააღდგომო ბაზრობის მთავარი მიზანი სწორედ სოციალური საწარმოებისა და იქ დასაქმებული პირების მხარდაჭერაა.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან თბილისის მერია და „ქარავანი“
Loading…