ცნობილი ქართველი მოჭადრაკე, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი დღეს 80 წლის გახდა. ნონა გაფრინდაშვილი 1941 წლის 3 მაისს ზუგდიდში დაიბადა.
იგი გახლავთ 11 გუნდური და 9 პირადი ოლიმპიური ოქროს მფლობელი. ფიდეს ქალთა კომისიის თავმჯდომარე (1980-1986). საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტი 1989-1996 წლებში, 1996 წლიდან მისი საპატიო პრეზიდენტი. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი (2000-2002). თავისი თაობის მსოფლიოს უძლიერესი მოჭადრაკე ქალი. 1978 წელს ნონა გაფრინდაშვილი გახდა პირველი ქალი მოჭადრაკე, ვისაც დიდოსტატის წოდება მიენიჭა. 1997 წელს ფიდეს 68-ე კონგრესის გადაწყვეტილებით დაწესდა ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასი, საჭადრაკო ოლიმპიადებზე, რომელიც გადაეცემა ქვეყნის ვაჟთა და ქალთა გუნდებს საუკეთესო ჯამური შედეგისათვის. 2001 წელს მისი სახელი მიენიჭა თბილისის ჭადრაკის სასახლეს.
ჭადრაკის თამაში ნონას 5 წლისას ასწავლეს ძმებმა. სწორედ მათი მეშვეობით მოხვდა ნონა ზუგდიდის ნაკრებში, რომელიც 1953 წლის ზაფხულში ბათუმში გამართულ მოსწავლეთა რესპუბლიკურ პირველობაში მონაწილეობდა. სწორედ ამ ტურნირზე შეამჩნია ის ჭადრაკის ცნობილმა პედაგოგმა ვახტანგ ქარსელაძემ, მისთვის ჩვეული დიდი ინტუიციის წყალობით, მაშინვე გამოარჩია იგი: “შევამჩნიე, რომ მახვილი თვალი და პოზიციის შეფასების თავისებური უნარი ჰქონდა”.
ბატონ ვახტანგის დაჟინებული თხოვნით, ნონა გაფრინდაშვილი 1954 წლის სექტემბერში სწავლის გასაგრძელებლად და ჭადრაკში შემდგომი დაოსტატების მიზნით, ნონა საცხოვრებლად გადავიდა თბილისში.
ნონამ თბილისის ქალთა 1955 წლის პირველობაში მეორე ადგილი დაიკავა. შემდეგ რიგაში მოსწავლეთა საკავშირო გუნდურ პირველობაშიც ისახელა თავი. კიდევ უფრო თვალსაჩინო წარმატება მოიპოვა მან 1956 წელს, როცა თბილისის ჩემპიონი გახდა ქალთა შორის. ამავე წელს ნონა პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონი ქალთა შორის.
ბოლო ტურნირში, რომელშიც რესპუბლიკის სხვა უძლიერეს მოჭადრაკეებთან ერთად ცნობილი მოსკოველი მოჭადრაკეები ო. იგნატიევა და ნ. ვოიცეკი მონაწილეობდნენ, 15 წლის ნონამ 16 შეხვედრაში 15,5 ქულა დააგროვა.
1960 წლის მიწურულს რიგაში საბჭოთა კავშირის ქალთა XX ჩემპიონატი გაიმართა, რომელსაც უნდა გამოევლინა მსოფლიო ჩემპიონობის პრეტენდენტთა ტურნირის ოთხი საბჭოთა მონაწილე. ნონა გაფრინდაშვილმა ტურნირში მეოთხე ადგილი დაიკავა და პრეტენდენტთა ასპარეზობის საგზური მოიპოვა.
იმ დროს მსოფლიო ჩემპიონი, გენიალური მოჭადრაკე, მიხაილ ტალი წერდა: “მსოფლიო ჩემპიონობისათვის პირველად იბრძოლებს მკაფიო საჭადრაკო ბიოგრაფიის მქონე, თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტის სტუდენტი ნონა გაფრინდაშვილი. საინტერესო კომბინაციებთან ერთად, მან გვიჩვენა ოსტატობის ზრდა პოზიციურ თამაშში… პრეტენდენტთა ტურნირში იგი, რა თქმა უნდა, პირველი ადგილისათვის იბრძოლებს”.
მიხაილ ტალის წინასწარმეტყველება გამართლდა, ნონა გაფრინდაშვილმა 1961 წელს დიდი უპირატესობით იპირველა პრეტენდენტთა ტურნირში, 16 შეხვედრიდან 12,5 ქულა მოაგროვა და ორი ქულით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ ვ. ბორისენკოს.
1962 წელს გამანადგურებელი ანგარიშით – 9:2 დაამარცხა ელიზავეტა ბიკოვა და 21 წლისამ პირველად მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული. იგი მეხუთე მსოფლიო ჩემპიონი გახდა ქალთა შორის. ამ დროს ნონას მიხეილ შიშოვი წვრთნიდა.
ამის შემდეგ ნონამ ტიტული ოთხჯერ დაიცვა: 1965 (8,5:4,5), 1969 (8,5:4,5) და 1972 (8,5:7,5) წლებში სამჯერ მოუგო ალა კუშნირს, 1975-ში კი — ნანა ალექსანდრიას (8,5:3,5). ტიტული დათმო 1978 წელს მაია ჩიბურდანიძესთან მატჩში (6,5:8,5).
გაფრინდაშვილი 1963-1974, 1977-1986 და 1990-1992 წლებში მონაწილეობდა საჭადრაკო ოლიმპიადებში და საუკეთესო მაჩვენებელი აქვს ოლიმპიური ჩემპიონობის რაოდენობით. ის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის 11-გზის ოქროს (1963, 66, 69, 72, 74, 78, 80, 82, 84, 86 — სსრკ ნაკრებში; 1992 — საქართველოს ნაკრებში) და ერთგზის ვერცხლის მედლის მფლობელია გუნდურ ჩათვლაში, ინდივიდუალურად კი მოპოვებული აქვს 9 ოქროს, 3 ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მცირე მედლები. სულ ოლიმპიადებზე ჩაატარა 128 პარტია.
გაფრინდაშვილს მოპოვებული აქვს საქართველოს ოთხგზის და სსრ კავშირის 5-გზის (1964, 1974, 1981, 1983, 1985) ჩემპიონობა, არის ევროპის ქვეყნების ჩემპიონ ქალთა თასის გათამაშების პირველი და ორგზის ჩემპიონი (1969, 1972), ასევე 26 სხვადასხვა დიდი საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირის გამარჯვებული. 1995 მსოფლიოს ჩემპიონი ქალ ვეტერან მოჭდრაკეთა შორის.
Loading…