ბილ და მელინდა გეიტსების 27-წლიანი ქორწინება დასრულდა. როგორც წყვილმა Twitter-ზე დაწერა, მათ აღარ სჯერათ, რომ წყვილის სტატუსით ერთად ცხოვრებას ისევ შეძლებენ.
„27 წლის განმავლობაში აღვზარდეთ სამი საოცარი შვილი და დავაფუძნეთ ფონდი, რომელიც მთელს მსოფლიოში მუშაობს იმისთვის, რომ თითოეული ადამიანი იყოს ჯანმრთელი და ჰქონდეს პროდუქტიული ცხოვრება.
ვაგრძელებთ ამ მისიის აღსრულებასა და ფონდის განვითარებაზე ერთობლივ მუშაობას, თუმცა აღარ გვჯერა, რომ როგორც წყვილი, ისევ შევძლებთ ცხოვრების მომდევნო ეტაპზე ერთად ყოფნას“.
მათმა 25 წლის ქალიშვილმა ჯენიფერ გეიტსმა ინსტაგრამზე დაწერა: „ჩვენი ოჯახისთვის ძალიან რთული და გამოწვევებით სავსე ეტაპია. ჯერ კიდევ ვსწავლობ, როგორ გავუმკლავდე ამ ემოციებს“.
წყვილმა ერთმანეთი 1980 წელს გაიცნეს, როცა მელინდა ბილ გეიტსის კომპანიაში სამუშაოდ მივიდა.
მილიარდერ წყვილს ჰყავს სამი შვილი და ერთობლივად მართავენ ბილ და მელინდა გეიტსების ფონდს, რომლიც მილიონებს ხარჯავს ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში და მხარს უჭერს ბავშვთა ვაქცინაციას.
65 წლის ბილ გეიტსი ფორბსის ყველაზე მდიდარი ადამიანების ჩამონათვალში მეოთხე ადგილზეა 124 მილიარდით. მან 1970 წელს დააარსა მსოფლიოში ყველაზე დიდი პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Microsoft-ი.
როგორ გაიცნეს ერთმანეთი
56 წლის მელინდა Microsoft-ის გუნდს, პროექტების მენეჯერის სტატუსით, 1987 წელს შეუერთდა. წყვილმა შეხვედრები იმავე წელს დაიწყო. როგორც ბილმა Netflix-ის დოკუმენტურ ფილმში აღნიშნა, იმდენად ზრუნავდნენ ერთმანეთზე, მხოლოდ ორი შესაძლებლობა ჰქონდათ: ან უნდა დაშორებულიყვნენ, ან უნდა დაქორწინებულიყვნენ.
მელინდა ყვებოდა, რომ იპოვა თეთრი დაფა, რომელზეც ბილს ჩამოწერილი ჰქონდა ქორწინების დადებითი და უარყოფითი მხარეები.
წყვილი 1994 წელს ჰავაის კუნძულ ლანაიზე დაქორწინდა. მათ ყველა ადგილობრივი ვერტმფრენი დაიქირავეს, რათა არასასურველ სტუმრებს არ გადაეფრინათ.
ბილ გეიტსი Microsoft-ის მმართველი საბჭოდან გასულ წელს წამოვიდა, რათა მთელი დრო თავისი ფილანტროპული აქტივობებისთვის დაეთმო.
რას საქმიანობს გეიტსების ფონდი
წყვილმა ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი 2000 წელს დააარსა
ფონდი ორიენტირებულია ჯანმრთელობაზე, განათლებსა და კლიმატურ ცვლილებებზე
ფონდმა 1.75 მილიარდი დოლარი გამოყო ვაქცინაციის მხარდაჭერისა და კოვიდ-19-ის პანდემიის პერიოდში საჭირო კვლევებისთვის
2019 წელს ფონდის ქონების აქტივი 43 მილიარდს შეადგენდა
1994-2018 წლებში წყვილმა ფონდში 36 მილიარდზე მეტი შემოიტანა
მელინდა გეიტსის როლი ბილ გეიტსის ცხოვრებაში
„მე და ბილი თანასწორი პარტნიორები ვართ. მიმაჩნია, რომ ქალი და კაცი საქმეში თანასწორი უნდა იყვნენ“ – განუცხადა მელინდამ სააგენტო Associated Press-ს.
ფონდში ერთობლივმა მუშაობამ მათი ურთიერთობა გააუმჯობესა. „ბილმა ისწავლა, როგორ უნდა ყოფილიყო თანასწორი, მე ვისწავლე, როგორ ავმაღლებულიყავი ერთი საფეხურით და გავმხდარიყავი მისი თანასწორი“ – აცხადებს მელინდა.
მელინდა გეიტსი
მელინდას პირველი სამუშაო იყო სკოლაში, ის მათემატიკასა და კომპიუტერულ პროგრამირებას ასწავლიდა. ამის შემდეგ ის Microsoft-ის ჯგუფს შეუერთდა, სადაც მულტიმედიური პროდუქტის განვითარება ევალებოდა.
გეიტსი 1996 წლიდან 2003 წლამდე მუშაობდა დიუკის უნივერსიტეტის სამეურვეო საბჭოში. იგი ესწრება ყოველწლიურ Bilderberg Group- ის კონფერენციას და 2004 წლიდან იკავებს ადგილს კომპანია Washington Post-ის დირექტორთა საბჭოში. მელინდა ასევე იყო Drugstore.com-ის დირექტორთა საბჭოს წევრი, მაგრამ 2006 წლის აგვისტოში დატოვა საქველმოქმედო პროექტებზე ფოკუსირებისთვის.
2005 წლის დეკემბერში მელინდა და ბილ გეიტსი პოლ დეივიდ ჰიუსონთან ერთად დასახელდნენ ჟურნალ Time-ის წლის ადამიანებად.
Loading…