in

ათინო შურღაიას ამბავი, რომელსაც საშა კალანტაროვმა ურთულესი 18-საათიანი ოპერაცია ჩაუტარა

ავთვისებიანი სიმსივნის ამოკვეთა და ყბის რეკონსტრუქცია

ათინო შურღაიას ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი 15 წლის ასაკში დაუსვეს. ახალი ამბის გააზრება მისთვის რთული აღმოჩნდა. ათინოს პრობლემის მოგავრებაში ონკოლოგთა და პლასტიკურ ქირურგთა ჯგუფები ჩაერთნენ. საშა კალანტაროვი აღმოჩნდა ის ექიმი, რომელმაც პაციენტს ზედა ყბის მოკვეთილი ნაწილი აღუდგინა.

ათინო დღეს სრულად განკურნებულად მიიჩნევა და დიდი ხანია, ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა.

„სასის არეში მქონდა წამონაზარდი. რამდენიმე ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, მივედი ონკოლოგთან, რომელმაც გამიკეთა ბიოფსია. ბიოლოგიური მასალა გავგზავნეთ შტუტგარდში და დაახლოებით ერთ თვეში ჩამოვიდა პასუხი – მუკოეპიდერმული კარცინომა, ავთვისებიანი“, – ყვება ათინო შურღაია.

მას ზედა ყბის დაახლოებით 50% მოკვეთეს. ონკოლოგებთან ერთად, შეირჩა ყბის ბიოლოგიური აღდგენის მეთოდი. ტექნიკურად საკმაოდ რთული ოპერაცია დაახლოებით 16-18 საათს გაგრძელდა და პროცესში ორი ბრიგადა იყო ჩართული.

„პირველი იყო ონკოლოგების ჯგუფი, რომლებმაც წარმატებით შეასრულეს რეზექცია, შემდეგ ჩავერთეთ ჩვენ – პლასტიკური და რეკონატრუქციული ქირურგიის ეტაპი. გამოყენებული იყო მცირე წვივის ძვალი, თავისი კუნთოვანი და კანის საფენით. მოხდა სრულფასოვანი რეკონსტრუქცია იმ დეფექტის, რომელიც ონკოლოგიური ეტაპის შემდეგ მივიღეთ“, – ამბობს საშა კალანტაროვი, რომელმაც ოპერაციამდე ერთი დღით ადრე, შეიძლება ითქვას, რომ პაციენტი ფსიქოლოგიურად შეამზადა.

ათინო იხსენებს, რომ საშა კალანტაროვთან კომუნიკაციის შემდეგ, ოპერაციაზე პოზიტიური განწყობით შევიდა.

„როცა ოპერაცია დავგეგმეთ, წინა დღით ყველაფერი ამიხსნა, რა როგორ იქნებოდა. ძალიან დამეხმარა მისი წინა დღის სიტყვები. კარგად შემამზადა. ძალიან კარგი განწყობით შევედი, ერთადერთი რაც ჩემთვის მძიმე იყო, დედაჩემი დავტოვე ატირებული პალატაში. რომ გავიღვიძე და მითხრეს, რომ ვერ ვიმოძრავებდი, ვერ ავდგებოდი, ვერ ვისაუბრებდი, მძიმე გადასატანი იყო ეს ყველაფერი. სიარული, ჭამა, წყლის დალევა, ყველაფერი თავიდან ვისწავლე“, – იხსენებს ათინო, რომლისთვისაც Caraps Medline მეორე ოჯახი გახდა.

„ეს ადამიანები ჩემთვის მეორე ოჯახია. თითოეული მათგანი გვერდში მედგა და მამხნევებდა. ვერ აღვწერ, სიტყვებით ვერ გადმოვცემ, რას ვგრძნობ ამ ადამიანების მიმართ“, – ამბობს ათინო შურღაია.

როგორც საშა კალანტაროვი ამბობს, ოპერაცია ტექნიკურად საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ქირურგების მთავარი გამოწვევა იყო, ზედა ყბის აღდგენის შემდეგ, მისი ყველა ფუნქცია შენარჩუნებული ყოფილიყო.

„დღეს ითვლება, რომ ათინო აბსოლუტურად ჯანმრთელია. სოციალურად აქტიურია, დიდი ხანია, დაბრუნებულია ცხოვრების ჩვეულ რიტმს და მთავარია, რომ ბედნიერია და ჩვენც ვართ ბედნიერი“, – ამბობს საშა კალანტაროვი.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

ეს საქართველოა – საუკეთესო ადგილები შემოდგომა-ზამთრის პერიოდში დასასვენებლად

ქართული სამედიცინო მასალა ევროპის ქვეყნებში გაიყიდება