in , ,

Tasteit. – ქართული აპლიკაცია, რომელიც გაცნობასა და ჭამას აერთიანებს

ამბავი მარტივად დაიწყო – სამუშაო პროცესში, როდესაც სხვადასხვა იდეასა თუ სიტყვას წერდა, ერთმანეთს Dating-ი და Food-ი დაუკავშირა. იდეაც ასე მოვიდა – ადამიანების დაკავშირება კერძების/სასმელების გემოვნების მიხედვით. იდეის დაბადებიდან სამ დღეში, Shark Tank-ის აპლიკაცია შეავსო, საქართველოში ჩამოვიდა და Tasteit.-ის გაფართოებისთვის 100 000 ლარის ინვესტიცია კომპანიის 50%-ის სანაცვლოდ მიიღო.

აპლიკაციისა და სამომავლო ხედვების  შესახებ პროექტის იდეის ავტორი და „ვენიუს“  თანადამფუძნებელი – გიორგი ურუშაძე გვიყვება.

Tasteit.-ის შესახებ გვიამბე.

ბოლო პერიოდში, ადამიანების დიდი ნაწილი აღარ იყენებს გაცნობის აპლიკაციებს, რადგან მათ შინაარსი დაკარგეს და უფრო ერთჯერადი გართობის პოვნის საშუალებებად იქცნენ. მივხვდი, რომ ადამიანებს სჭირდებოდათ მიზეზი, რის გამოც, სხვისი გაცნობა მეტ სარგებელს მოიტანდა. Tasteit. ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა და არამარტო, დეითზე წასვლას უფრო ამარტივებს. როცა მეორე ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს ამ აპლიკაციის საშუალებით შეხვდები, ეს არ ნიშნავს, რომ შენ აუცილებლად დეითზე ხარ, ეს შესაძლოა ნეთვორქინგის ახალი გზა იყოს. 

ამასთან ერთად, მეტწილად სად დგება პირველი პაემანი ან შეხვედრა? – ძირითადად, კაფეში, ბარში ან რესტორანში. ჩემი იდეა კი, ისედაც არსებულ ბუნებრივ მოცემულობას, აპლიკაციად აქცევს. 

ეს არის პირველი სოციალური ქსელი, რომელიც ადამიანებს ერთმანეთთან გასტრონომიული გემოვნების მიხედვით დააკავშირებს.

გარდა ადამიანების დაკავშირებისა, აპლიკაციაში კერძები თუ სასმელები, გარკვეულწილად „ინფლუენსერები” იქნებიან და მათ გამომწერები ეყოლებათ. 

რატომ უნდა გადმოვწეროთ Tasteit.?

აპლიკაცია ადამიანებს აძლევს მიზეზს, რომ ერთმანეთი გაიცნონ. მათ თავიდანვე აქვთ გადაკვეთის წერტილი, რომელიც საჭმელსა თუ სასმელზე გადის. ამასთან ერთად, Tasteit ტურისტებს ადგილობრივებისა და მათთან ერთად, კერძებისა თუ სასმელების აღმოჩენაში ეხმარება. Tasteit. მოხმარებლებს ერთდროულად საშუალებას აძლევს „დააგემოვნონ” ადამიანები და კერძები. ამასთან, კვების ინდუსტრიისთვის ახალ ბაზარს ხსნის, სადაც პატარა კვების ობიექტსაც კი შეუძლია, მალევე პოპულარული გახდეს და საკუთარი ბიზნესი გააფართოვოს. 

კონკურენტული უპირატესობის დანახვა, ვფიქრობ, მარტივია – მსგავსი ტიპის აპლიკაცია ჯერჯერობით არ არსებობს. ამავდროულად, ვაერთიანებთ ორ ყველაზე პოპულარულ ქცევას – გაცნობასა და ჭამას.

როგორ განვითარდა იდეა რეალურ შესაძლებლობამდე?

იდეის დაბადებიდან სამ დღეში, Shark Tank-ის აპლიკაცია შევავსე, 3 კვირაში ბერლინიდან საქართველოში ჩამოვფრინდი.

შოუში მხოლოდ იდეით გავედი, ამის გამო, სიმართლე გითხრათ, მეშინოდა,თუმცა ვიცი, რომ როცა გჯერა და არ ჩერდები, ყველაფერი გამოდის. ხოდა, არ გავჩერდი. გამოვიდა. 

თავდაპირველად, Shark Tank-ის ინვესტორებს 100 000 ლარის სანაცვლოდ, 10% შევთავაზე. საბოლოოდ, ყველაფერი სხვანაირად წარიმართა და 50%-ის დათმობა მომიწია. თუმცა, ამას არ ვნანობ, რადგან მხოლოდ თანხაზე არ მქონია გათვლა, ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი Shark-ების გონებრივი რესურსი და მათი გამოცდილებაა. ამასთან ერთად, ისინი პროექტში არა ინვესტორებად, არამედ გუნდის წევრებად შემოდიან. 



გვიამბე შენს კარიერულ გამოცდილებასა და კონტრიბუციაზე აპლიკაციაზე მუშაობის პროცესში.

პროფესიით Art Director-ი ვარ, შესაბამისად, ბრენდინგის და დიზაინის ნაწილზე თავად ვიმუშავებ. ამჟამად Factory Berlin-ში, რომელიც საერთო სამუშაო სივრცესა და სტარტაპებისთვის განკუთვნილ ინოვაციურ სივრცეს წარმოადგენს, Art Director-ის პოზიციაზე ვმუშაობ. მანამდე კი, სხვადასხვა სარეკლამო სააგენტოში ვმუშაობდი. ბერლინში, Miami Ad School და Steinbeis უნივერსიტეტი დავამთავრე. საქართველოში, წლების განმავლობაში ჟურნალისტი, მთავარი რედაქტორი ვიყავი, შემდეგ ახალი მედიის მიმართულების ხელმძღვანელი საზოგადოებრივ მაუწყებელში და, ამავდროულად, GIPA-ს ციფრული კომუნიკაციების საბაკალავრო პროგრამაზე, მოწვეული ლექტორი გახლდით. 

ახლა რა ეტაპზეა აპლიკაცია და როგორია სამომავლო გეგმები?

უპირველესად, აპლიკაციის დაწერა და იდეისთვის ხორცის შესხმა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა. ამის შემდეგ კი, ქართულ ბაზარზე ვაპირებთ ჩაშვებას და სხვადასხვა ქართული რესტორნის, ბარისა თუ კაფის მენიუებისა თუ კერძების აპლიკაციაში დამატებას. თუმცა, აქ არ იგულისხმება უბრალოდ მენიუს დამატება ფოტოებად, საუბარია კრეატიულ კონტენტზე. 

ბუნებრივია, საქართველოზე არ ვაპირებთ გაჩერებას და ჩვენი მიზანია, სხვადასხვა ქვეყანა მოვიცვათ და ჩვენი აპი, საერთაშორისო ბაზარზე გავიტანოთ. 

სამომავლო გეგმები საკმაოდ დიდია, თუმცა, ამჯერად პატარა მიზნებზე ვკონცენტრირდებით, რათა, საბოლოოდ, დიდი შედეგისთვის მოვემზადოთ და გავხდეთ ისეთი ქართული სტარტაპი, რომელიც მსოფლიო ბაზარზე საკუთარ ადგილს დაიკავებს. 

​მთავარია, ბევრს მოუნდეს ჩვენი იდეის დაგემოვნება. ამისთვის, ყველაფერს გავაკეთებთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

ქართული სამედიცინო მასალა ევროპის ქვეყნებში გაიყიდება

„პროკრედიტ ბანკის“ მწვანე პასუხისმგებლობა