გარემოს დასუფთავება, გამწვანება და დაცვა მომავალი დაბინძურებისგან – Let’s Do It! – Georgia არის მწვანე ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც გარემო და ეკოლოგია მნიშვნელოვანია.
ყველაფერი ჰობით დაიწყო. როგორც ორგანიზაციის დამფუძნებელი – გიორგი აზარიაშვილი გვიყვება, ყოველთვის აინტერესებდა მწვანე თემატიკა, ბუნება და ჰქონდა განწყობა, რომ ეკოლოგია და გარემოსდაცვა მისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო თემა იყო. ამ მიმართულებით შემდგომ კიდევ უფრო სერიოზულად დაინტერესდა, მოიძია ორგანიზაციები და აღმოაჩინა Let’s Do It! – სამოქალაქო მოძრაობა, რომელიც ესტონეთში 2008 წელს დაიწყო, როდესაც დაახლოებით 50,000 ადამიანი შეიკრიბა და მთელი ქვეყანა რაღაც 5 საათში დაასუფთავა. დღეს, მსოფლიოს 185 ქვეყანასთან ერთად, საქართველოც ამ დიდი ოჯახის წევრია.
Let’s Do It-ის მთავარი მიზანი არა მარტო ნარჩენებთან ბრძოლა, არამედ ცნობიერების ამაღლება და ძირეული ეკომეგობრული ცვლილების განხორციელებაა, რაც საბოლოო მიზანს – სუფთა და ჯანსაღ პლანეტას ემსახურება.
Let’s Do It! – Georgia „კავკასიის ახალგაზრდული კავშირის” (CAYNEX) შვილობილი ორგანიზაციაა, რომელიც 2016 წელს დაარსდა და არაერთი პროექტით ცდილობს მოქალაქეების აქტიურ ჩართვას ეკომეგობრულ აქტივობებში, ორგანიზაციაში მოხალისედ გაწევრიანება კი, ნებისმიერი მსურველისთვის არის შესაძლებელი.
ამ ეტაპზე, ორგანიზაციის მიერ დაორგანიზებულია 11 დასუფთავების აქტივობა საქართველოში, ორი ხეების დარგვის აქცია; ორი საინფორმაციო კამპანია და ერთი ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამა. ორგანიზაცია არ დარჩა მხოლოდ დასუფთავების აქციების ეტაპზე – ამ პროექტებს მოყვა „არ არსებობს პლანეტა B; „არ დააგდო – აქ ჩააგდე“, მსოფლიოს დასუფთავების დღე, ფოტოკონკურსი დასუფთავების დღეზე, გარემოსდაცვითი თემატიკით კედლების მოხატვა; პარალელურად, საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელება და მწვანე ბანაკი.
გიორგი აზარიაშვილის თქმით, თავიდან ორი ადამიანი მოხალისეობრივად – სრული ენთუზიაზმით მუშაობდა. მაშინ არც ოფისი და მხარდაჭერა არ ჰქონდათ. ახლა უკვე ორგანიზაციაში 5 ადამიანია დასაქმებული.
ჩვენი მთავარი მიზანი და განაცხადია, რომ რაც შეიძლება მეტი საქართველოს მოქალაქე ჩავრთოთ ჩვენს მწვანე აქტივობებში და ადამიანებს ავუმაღლოთ ცნობიერება გარემოსდაცვითი მიმართულებით.
Let’s Do It! – საქართველო მიმდინარე პროექტებთან ერთად ორიენტირებულია მსგავსი ინტერესების ადამიანების შემოერთებასა და ეკოლოგიისა და გარემოსდაცვითი საკითხებისადმი მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებაზე. ანა კუპრავა 49 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეა, რომელიც აქტიურად არის ჩართული ორგანიზაციის აქტივობებში – მსოფლიო დასუფთავების აქციის საორგანიზაციო ჯგუფში მოხალისედ შეირჩა, თავადაც დააორგანიზა დასუფთავების აქციები თბილისში და 18-19 სექტემბერს Let’s Do It! – საქართველოსთან ერთად, კასპსა და სურამში დასუფთავების აქციებში მიიღო აქტიური მონაწილეობა.
გარემოსდაცვითი მოხალისეობა უმნიშვნელოვანესია თანამედროვე განვითარებული საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის. მოხალისეებმა უნდა აამაღლონ ცნობიერება თემში და ხელი შეუწყონ მოხალისეობრივი აქტივობების პოპულარიზაციას.
Let’s Do It – Georgia ხელს უწყობს ახალგაზრდებს ჩაერთონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და განავითარონ უნარ-ჩვევები, რომლებიც დაეხმარებათ კარიერულ წინსვლაში,“ – აღნიშნავს ანა.
ისე, როგორც არასდროს, დღეს გარემოსდაცვა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რადგანაც სახეზეა არაერთი პრობლემა – გლობალური დათბობა, ნარჩენების გაფანტულობა – როგორც წყალში, ასევე ხმელეთზე; წყლის დაბინძურება, რომელიც უამრავ ცოცხალ ორგანიზმს უქმნის საფრთხეს; ხე-ტყის ჭრა და ა.შ. შესაბამისად, გარემოსდაცვითი აქტივობები სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება.
„არ ვაპირებთ ამ ეტაპზე გაჩერებას. ეს მოგვიყვანს იქამდე, რომ, შედეგად, ნარჩენებისგან თავისუფალი საქართველო და დედამიწა გვექნება, სადაც ყველა მოქალაქე გათვითცნობიერებულია იმ საკითხებით, რასაც ეკოლოგია და გარემოსდაცვა ჰქვია,“ – ამბობს გიორგი აზარიაშვილი.
ორგანიზაცია აპირებს, რომ უახლოეს მომავალში მთელი საქართველო მოიცვას და მწვანე აქტივობები რეგიონულ დონეზე განახორციელოს.
Loading…