28 წლის მარიამ მაღლაკელიძე აშშ-ში, ნიუ ჯერსის უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორი გახდა. მან ეს შეთავაზება უშუალოდ უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანისგან მიიღო. მარიამი საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს უზიარებს.
რა გზა გაიარა და როგორ მიაღწია მან ამ უდიდეს წარმატებას – დეტალები Venue.ge-სთან ინტერვიუში.
მოგვიყევით თქვენს შესახებ, როგორ მოხვდით აშშ-ში და რა გზა გაიარეთ მანამდე?
ჩემი პროფესია არქიტექტურის, მეცნიერებისა და ლანდშაფტის არქიტეტურის სინთეზია. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არქიტექტურაზე სწავლის სამი კურსის შემდეგ, ლისაბონის უნივერსიტეტის არქიტექტურულ ფაკულტეტზე მოვხვდი, ერასმუს მუნდუსის პროგრამით. არქიტექტურამ გამიჩინა ინტერესი, შემესწავლა გარემო, სადაც ჩემი შექმნილი ფორმა დაიდებდა ბინას. ამ ინტერესით ჩავაბარე ტარტუს უნივერსიტეტში ლანდშაფტის არქიტექტურის ფაკულტეტზე. ტარტუ და ტალინი ის პირველი ქალაქებია, სადაც პირველად მქონდა შეხება სამეცნიერო კვლევებთან. მუშაობა დავიწყე ევროკავშირის სამეცნიერო კვლევაში, რომელიც აერთიანებდა ინტერდისციპლინარულ მიდგომებს და კავშირებს ურბანულ სივრცეებს, კლიმატსა და ჯანმრთელობას შორის. შემდგომმა ინტერესმა გამომეცადა განსხვავებული მეთოდოლოგიური მიდგომები გარემოსა და ბუნებრივი რესურსების ანალიზთან დაკავშირებით, ამერიკაში ჩამომიყვანა. ვესტ ვირჯინიის უნივერსიტეტში მეორე მაგისტრატურა გავიარე ლანდშაფტის არქიტექტურის კუთხით.
რამდენად რთული და შრომატევადი იყო ეს გზა?
ეს გზა საკმაოდ რთული და შრომატევადი იყო, რადგან იმისათვის, რომ სწავლა მომეხერხებინა ყველგან სხვდასხვა სტიპენდია მოვიპოვე. ეს დაფინანსებები ყოველთვის იყო იმ კონკრეტული ქვეყნიდან, სადაც სწავლას ვაპირებდი. ასევე მრავალშვილიან ოჯახში დაბადებულს კიდევ უფრო დიდ სტიმულს მაძლევდა ის, რომ დამოუკიდებლად შემექმნა ჩემი ინდივიდუალური, „დახვეული“ გზა, რომელიც უფრო შორს და შორს მიდიოდა და უფრო შევყავდი ინტერესის აზარტში. 23 წლის ასაკში ლექტორის ასისტენტად და სამეცნიერო მკვლევარად დავიწყე მუშაობა ვესტ ვირჯინიის უნივერსიტეტში, რამაც ახალი ინტრესი მომცა გაზიარებისა და სამეცნიერო კვლევების.
ჩემი შემდგომი გზა ნიუ იორკში იწყება, სადაც არქიტექტურულ დიზაინერად ვმუშაობდი, ასევე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო კოლუმბიის უნივერსიტეტი, სადაც სამეცნიერო მაგისტრის ხარისხი მივიღე არქიტექტურის მიმართულებით (Master of Science in Advanced Architectural Design). ასევ გავხდი კოლუმბიის უნივერსიტეტის არქიტექტურული დეპარტამენტის, ტექნოლოგიური ფაკულტეტის პირველი სამეცნიერო მკვლევარი, ნატურალური მასალების ლაბორატორიაში.
როგორ გახდით ასოცირებული პროფესორი ნიუ ჯერსის უნივერსიტეტში, რა საგანს ასწავლით და რამდენად მნიშვნელოვანია ეს გზა თქვენთვის?
ჩემმა განვლილმა გზამ მომიყვანა იმ ეტაპამდე, რომ ვიგრძენი, მზად ვიყავი, გამეზიარებინა და სწავლების ჩემი მეთოდოლოგიები შემემუშავებინა. ნიუ ჯერსის უნივერსიტეტის დეკანმა შემომთავაზა, მესწავლებინა რამდენიმე საგანი არქიტექტურულ ფაკულტეტზე. ამჟამად, ვასწავლი სტუდიოს, რომელიც არის არქიტექტურული პროექტირების მთავარი საგანი, ასევე ვასწავლი ტექნიკურ საგანს „Tools and Techniques” მაგისტრატურის საფეხურზე.
რა სირთულეების გადალახვა მოგიწიათ ამ დიდი წარმატების კვალდაკვალ და ვინ/რა გეხმარებოდათ ასეთ დროს, რა გაძლევდათ მოტივაციას?
სირთულეები ყოველთვის არსებობს, გააჩნია შენ ამას სირთულედ აღიქვამ თუ გამოწვევად და შემდგომ შესაძლებლობად. პროფესიასთან არსებულ სირთულეებს ყოველთვის აღქვიქვამ როგორც ახლის შესაძლებლობას და ეს მიდგომა ყველაზე რთულ მომენტებსაც კი საინტერესოს ხდის.
პირველ რიგში, დიდი სიყვარული და პატივისცემა მაქვს ჩემი პროფესიის მიმართ, რაც დიდ სტიმულს მაძლევს ორიენტირებული სვლა გავაგრძელო. ჩემს ოჯახსა და საყვარელ ადამიანებს კი მაინც ვთვლი, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და ჰქონდა ჩემს ყველა ნაბიჯზე, რადგან მგონია, რომ ყველაფერს მათ ვუძღვნი.
მოგვიყევი თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ – აშშ-ს უკავშირდება თქვენი მომავალი გეგმები თუ საქართველოს?
ამერიკაში ცხოვრებას გარკვეული ენერგიები და დრო დავუთმე. ექსტრაორდინალური, არტისტის მწავნე ბარათის აღების შემდეგ, კიდევ უფრო დიდი სტიმული მაქვს, რომ გარკვეული პერიოდი აქ დავყო, შემდეგ კი ვნახოთ. ზოგადად დიდხნიანი ცხოვრებისეული გათვლები არამიზანშეწონილად მიმაჩნია დღევანდელ დროში, როცა გლობალური, სოციო-კულტურული, გარემოებრივი თუ პოლიტიკური პირობები ისეთი აჩქარებით იცვლება, რომ ჩვენც ამ პროცესებთან ერთად გარკვეულ ტრანსფორმაციას განვიცდით. დღეს ჩვენ მიგრაციის საუკუნეში ვცხოვრობთ. ზოგჯერ, გააზრებულად თუ გაუზარებლად, ნებით თუ უნებლიეთ, ამ დიდი გლობალური პროცესის ნაწილი ვართ.
ძალიან მახარებს, რომ ასევე მაქვს მოლაპარაკება საქართველოს ერთ-ერთ უნივესიტეტთან და დიდი სურვილი მაქვს, რომ მეც გარკვეული წვლილი შევიტანო საქართველოსა და საერთაშოისო არქიტექტურული ცოდნის მიმოცვლაში. საქართველოში უზარმაზარი რესურსი და პოტენციალია, რომელსაც გამოღვიძება, სწორი მეთოდოლოგია და შემდგომ უკვე სწორი პერსპექტივა ჭირდება.
Loading…