Mommy, Mommy ახალი ქართული სტარტაპია, რომელიც კორონავირუსის პანდემიის პერიოდში შეიქმნა. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს საორსულე ტანსაცმელს და შეკვეთის გაფორმება ონლაინ არის შესაძლებელი. Mommy, Mommy-ის უნიკაულურობა იმაშია, რომ მთლიანად მომხმარებლის ინტერესზეა მორგებული და ტანსაცმლის კერვის დროს ითვალისწინებენ როგორც ორსულის გემოვნებას, ასევე ზომებს.
სტარტაპის შესახებ დეტალურად საუბრობს მისი დამფუძნებელი მარია მალიანი.
რა არის თქვენი სტარტაპი და როდის დაიწყო მუშაობა?
ჩემი სტარტაპი არის საორსულე ტანსაცმლის ხაზი, რომელიც იკერება საქართველოში. დაახლოებით ერთი თვეა, რაც აქტიურად დავიწყეთ ამ მიმართულებით მუშაობა.
როგორ მიხვედით ამ სტარტაპის იდეამდე?
მოგეხსენებათ, კორონავირუსმა ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალა – გამონაკლისი არც მე აღმოვჩნდი. თბილისის ერთ-ერთი სასტუმროს მარკეტინგის მენეჯერად ვმუშაობდი პანდემიამდე, თუმცა მარტის შუა რიცხვებიდან დაწყებული დღემდე სასტუმრო დროებით დახურულია. ძალიან ბევრი დრო მქონდა ფიქრისთვის. გადავწყვიტე, გავაკეთო ისეთი რამ, რასაც ყოველთვის ეყოლება მომხმარებელი და არჩევანი საორსულე ტანსაცმელზე შევაჩერე.
რა პრინციპით შეარჩიეთ სახელი?
სიმართლე გითხრათ, სახელზე ბევრი არც მიფიქრია. Mommy, Mommy სულ ეს სიტყვა მიტრიალებდა თავში და პირდაპირ ეს დავარქვი ბრენდს.
რამდენი ადამიანი მუშაობს ამ პროექტზე?
პროექტზე ვმუშაობ მე. სულ რამდენიმე დღის წინ ვიპოვე ახალი მკერავი-ქალბატონი, რომელიც საკმაოდ მისაღებ ფასად მიმზადებს შეკვეთებს და ყველაფერ დანარჩენს მეგობრების დახმარებით ვაკეთებ.
რა სირთულეები შეგხვდათ სტარტაპზე მუშაობის პერიოდში?
რთული იყო პირველადი სახსრების მოძიება. მქონია შემთხვევა, როდესაც ვიყიდე ნაჭრები და არ გამომადგა, რადგან ზოგი ხელოვნური იყო, ზოგი ნაკლებად წელვადი. ეს ყველაფერი ხარჯებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ნელ-ნელა ვისწავლე მასალის სწორად არჩევა.
ვინ არის თქვენი მთავარი კონკურენტი?
იცით, კონკურენტი როგორც ასეთი არ მყავს. შეიძლება, ვინმეს სადმე შემოაქვს ან ქმნის საორსულე ტანსაცმელს, თუმცა კონკრეტულად ამ მიმართულებაზე არავინ მუშაობს.
რით არის თქვენი სტარტაპი გამორჩეული? რა არის ის ნიშა, რაც პროექტის ინდივიდუალურობას უსვამს ხაზს?
უკვე წლებია, გაწევრიანებული ვარ ორსულებისა და დედების ჯგუფებში. ყოველდღე მხვდებოდა მინიმუმ ერთი ორსულის შეკითხვა „გოგოებო, სად ვიყიდო ტანსაცმელი?“ და, სამწუხაროდ, „გამოიწერე“-ს გარდა, სხვა კონკრეტული პასუხი არ გაცემულა ამ კითხვაზე. ჩვენი ინდივიდუალურობა სწორად ის არის, რომ გამოწერილი ტანსაცმლისგან განსხვავებით, ჩვენი მკერავი მომხმარებელს მოარგებს ზომებსა და ნაჭრის ფაქტურას. ჩვენთან შეძენილი ტანსაცმელი არ გექნება მკლავზე დიდი და მუცელზე ვიწრო.
რა არის აუცილებელი იმისთვის, რომ სტარტაპი წარმატებული გახდეს?
მიხარია ცხოვრების ეს ეტაპი რომ დამიდგა და ხმამაღლა ვაცხადებ ჩემი სტარტაპის შესახებ. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩემი ოცნების ბოლომდე რეალიზებას სჭირდება ფინანსები. აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას სხვადასხვა საგრანტო პროექტში. მინდა, სამკერვალო გავხსნა, სადაც მკერავებს დავასაქმებ.
ძალიან მინდა, სოციალურად დაუცველ ორსულებს უსასყიდლოდ გადავცე საორსულე კაბები. ამ ყველაფერს კი ფინანსები სჭირდება.
როგორ ფიქრობთ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი სტარტაპის დაწყების დროს: იდეა, ადამიანური რესურსი თუ დაფინანსება?
საკუთარი იდეის რწმენა. როცა გჯერა შენი იდეის, იქ ადამიანებსაც იპოვი და (იმედი მაქვს) დაფინანსებასაც მოიპოვებ.
დაფინანსება მოიპოვეთ თუ საკუთარი ხარჯებით დაიწყეთ საქმიანობა?
ჩემი ხარჯებით ვაკეთებ ყველაფერს, დაწყებული ნაჭრების შეძენით, გაგრძელებული მკერავის ხელფასით, ფოტოსესიებით, სოციალური არხების მართვა, კურიერის სერვისი და ა.შ.
აპირებთ თუ არა ბიზნესის გაფართოებას?
მე ვაპირებ ამ ბიზნესის ცხოვრების ნაწილად ქცევას, შესაბამისად კი – აუცილებლად გავფართოვდებით.
რა გჭირდებათ იმისთვის, რომ ბიზნესი გააფართოვოთ?
მჭირდება მოტივაცია, იღბალი და ფინანსური მხარდაჭერა, იქნება ეს სახელმწიფო თუ კერძო სექტორიდან.
თქვენი გეგმა რა არის მოკლევადიან და გრძელვადიან პერიოდში?
მოკლევადიან პერიოდში ახალ კოლექციას დავამზადებთ, კონკურსს გამოვაცხადებთ ორსულ ქალბატონებზე და ყველაზე გამორჩეულებს ვაქცევთ Mommy, Mommy-ის ახალი კოლექციის სახეებად.
ხოლო გრძელვადიანი გეგმაა სამკერვალოსა და შოურუმის გახსნა. ამ ეტაპზე, მხოლოდ ონლაინგაყიდვებზე ვმუშაობთ. რამდენიმე დღეში ჩაეშვება ვებგვერდიც, სადაც ორსულები შეძლებენ, დაგვიტოვონ მოთხოვნა შეკვეთაზე (ასევე მათი ზომები, ორსულობის თვე, სიმაღლე და ა.შ.)
რა რჩევას მისცემდით იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა იწყებენ თავიანთი იდეის სტარტაპად გადაქცევას?
არ თქვათ უარი თქვენს მიზნებსა და სურვილებზე. სტარტაპერობა ძალიან დიდ შრომასთან არის დაკავშირებული, მაგრამ სამაგიეროდ თქვენ მოიპოვებთ თავისუფლებას.
Loading…