in

პოსტპანდემიური მედია – ინტერვიუ ოქსფორდის უნივერსიტეტის მედიამკვლევართან

როგორი ტენდენციები ახასიათებს თანამედროვე მედიას, რა შეცვალა პანდემიამ, რომელი აქტორები ქმნიან საზოგადოებრივ აზრს და როგორია ქართული მედია – ამ ყველაფერზე „Venue-ს“ რობ მაკნეილი – ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევით ცენტრ „COMPAS-ის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი და ამავე უნივერსიტეტის ლექტორი ესაუბრა.

მას საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს რეპორტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განხრით – მისი სამუშაო ადგილების მცირე ჩამონათვალი კი ასეთია: BBC Wildlife, The Daily Mirror, The Sunday Mirror, Oxfam GB, WWF-UK და ა.შ.

როგორია თანამედროვე მედია – შემოიტანა თუ არა პანდემიამ ახალი ტენდენციები?

შეიძლება ითქვას, რომ 2016 წლიდან მედია კიდევ უფრო დიდი დაკვირვების საგანი გახდა, ამ პერიოდიდან განსაკუთრებით იცვლება ტენდენციები. ფაქტია, ბევრი ყურადსაღები პროცესი განვითარდა – გარკვეულმა არაკეთილსინდისიერმა აქტორებმა ის პროპაგანდისტულ იარაღად გამოიყენეს, რათა საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირება შესძლებოდათ, ამით კი დემოკრატიული პროცესები შეეფერხებინათ, შემოეტანათ დესტაბილიზაცია და ხელი შეეწყოთ საფრთხისშემცველი პოლიტიკური მდგომარეობისათვის. 

ამის მაგალითად შეგვიძლია, მოგვიყვანოთ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები – თუ რა როლი ითამაშა მედიამ დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებაში, Brexit-ი და გაერთიანებული სამეფო; ასევე – ექსტრემისტული პოლიტიკური იდეოლოგიების გაზრდილი პოპულარობა მსოფლიო მასშტაბით.

ამის მიუხედავად, არის ბევრი დადებითი წამოწყებაც. ერთ-ერთი კი ის არის, რომ იზრდება ისეთი აუდიტორია, რომელსაც სანდო ინფორმაცია აინტერესებს. სხვათა შორის, ისეთი ხარისხიანი გამოცემების, როგორებიცაა, მაგალითად, The New York Times-ი, BBC და Guardian-ი. მაშინ, როდესაც ისინი სკანდალზე ორიენტირებული არ არიან.

ზოგადად, პანდემიამ საინტერესო პროცესები დაგვანახა – კოვიდ 19-მა ძალიან კარგად მიგვახვედრა, რა შედეგებს იწვევს პოპულისტური მედია და რამდენად აუცილებელია ფრთხილი, ხარისხიანი ჟურნალისტიკა. მეტიც, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია მიეწოდოს.

ზოგადად, რა არის ჟურნალისტიკა. თქვენს სტუდენტებს რას უყვებით ამის შესახებ?

მედია კრიტიკულ როლს თამაშობს დისკურსის შექმნაში. ჩემი სპეციფიკიდან გამომდინარე რომ ვისაუბრო, მიგრაციასთან მიმართებით მედია განსაზღვრავს ეროვნული დისკურსისა და პოლიტიკური რიტორიკის ნაწილსაც. საბოლოოდ, ეს საერთო პოლიტიკურ ატმოსფეროს ქმნის.

მედია, პოლიტიკა, საზოგადოება და საზოგადოებრივი აზრი ერთმანეთზე ახდენენ ზეგავლენას. ფაქტი ის არის, რომ მედიას აქვს უნარი, პოლიტიკოსების დამოკიდებულებებიც კი შეცვალოს – ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან და მათზეც საკმაოდ კარგად მოქმედებს გარკვეული ემოციური მექანიზმები.

უშუალოდ თქვენს სპეციალიზაციას რომ შევეხოთ – იკვლევთ მიგრაციასა და მედიას შორის ურთიერთმიმართებას. საინტერესოა, რამდენად განსაზღვრავს მედია მიგრაციულ პოლიტიკას.

როგორც ზემოთ მოყვანილ მაგალითებში, აქაც – სწორედ მედია განსაზღვრავს რიტორიკას იმიგრანტებთან მიმართებით. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში ჩვენ მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მათთან მიმართებით მედია ხშირად იყენებს ისეთ სიტყვას, როგორიცაა „არალეგალი“.  ეს კი, ერთგვარ ნეგატიურ რიტორიკას ქმნის ამ ჯგუფის მიმართ და ასე ყალიბდება საზოგადოებრივი აზრიც. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი მონიტორინგი, ანალიზი და იმ ენის გაშიფვრა, რომელსაც მედია მიგრაციის გაშუქებისას იყენებს.

რეალურად, ასეთი რიტორიკა ზრდის მედიასაშუალებების აუდიტორიას, მეორე მხრივ კი ხელს უწყობს გარკვეული საზოგადოებრივი აზრის შექმნას. შედეგად – იზრდება ზეწოლა პოლიტიკოსებზე, რათა მათ შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღონ ამ ჯგუფთან მიმართებით.

ძალიან რთულია ამ ჩაკეტილი წრის გარღვევა, თუკი მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტს, რა კომერციულ ინტერესებთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული.

თქვენ კავკასიის რეგიონს ხშირად სტუმრობთ და ლექციებსაც ატარებთ. საინტერესოა, რას ფიქრობთ ქართულ ჟურნალისტიკაზე.

თუკი რეგიონის სხვა ქვეყნებს შევადარებთ, ქართული მედია ბევრად უფრო თავისუფალია. ამას ადასტურებს სხვადასხვა კვლევაც. ზოგადად, პლურალისტური და ეფექტიანი მედია არის ის, რისთვისაც აუცილებლად ღირს ბრძოლა და რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მე ასე ვიტყოდი, თავისუფალი მედია კონკრეტული საზოგადოების ღირსების ხარისხს გამოხატავს. ამიტომ, აუცილებელია თავისუფალი მედიაგარემოს შექმნა, სადაც ხარისხიან ჟურნალისტიკაზე მოთხოვნა ბევრად უფრო დიდ აუდიტორიას ექნება. ფაქტია, რომ ნელ-ნელა, თუმცა მაინც – ქართული ჟურნალისტიკა ვითარდება და ბევრად უფრო თავისუფალი მედიაგარემო ყალიბდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

იაპონელი რიოსეი სუგინაკას ამბავი, რომელიც საქართველოში ქართული ენის შესასწავლად ჩამოვიდა

კიდევ ერთი ქართველი „მაიკროსოფტში“ – თამუნა კაპანაძის წარმატების ამბავი