უკვე შვიდი წელია, მოძრაობა Kar.ge ყოველი წლის დეკემბერში სოციალურ ქსელში იწყებს გამოწვევას – „იყიდე ქართული“, რომლის მთავარი მიზანი ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციაა.
გამოწვევის არსი
ამ გამოწვევის ფარგლებში, ადამიანები სხვადასხვა სახის ადგილობრივი წარმოების პროდუქტს ყიდულობენ, რომელსაც უღებენ ფოტოს ან ვიდეოს, შემდეგ ტვირთავენ სოციალურ ქსელებში და მეგობრებს მოუწოდებენ, მონაწილეობა მიიღონ გამოწვევაში.
მოძრაობა Kar.ge-ის დამფუძნებლის, ტარიელ ზივზივაძის თქმით, გამოწვევაში მონაწილე ადამიანების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება.
ირმა ბაბუნაშვილი ერთ-ერთია, ვინც ამ გამოწვევაში მიიღო მონაწილეობა.
„მე თვითონაც გაოცებული დავრჩი, ჩემთვის უცნობი იმდენი ქართული პროდუქტის შესახებ მივიღე ინფორმაცია მეგობრების პოსტებიდან“ – აცხადებს ბაბუნაშვილი.
მიზანი და მიღწევები
„Kar.ge-ს მისია ხარისხიანი ქართული პროდუქციის ცნობადობის, გაყიდვებისა და ექსპორტის ზრდის მხარდაჭერაა. ჩვენ გვინდა, პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეებში გავხადოთ საამაყო ქართული წარმოების პროდუქციის ყიდვა,“ – აღნიშნულია მოძრაობის ვებგვერდზე.
არჩევანი არის, ინფორმაცია არა
მოძრაობის დამფუძნებლის განცხადებით, ქართული პროდუქციის არჩევანი საკმაოდ დიდია. Kar.ge-ს კატალოგში 314 ქართული პროდუქტი, 39 ბრენდი და 29 წარმოებაა.
მიუხედავად ამისა, ტარიელ ზივზივაძე ფიქრობს, რომ ინფორმაციის სიმცირის გამო, ზოგი მათგანი მომხმარებელთა ინტერესის მიღმა რჩება. ამის მიზეზს ის მწარმოებელთა მიდგომაშიც ხედავს, რომლებიც თავიანთი პროდუქციის პოპულარიზაციას არასათანადოდ ეწევიან.
Loading…