in ,

როგორ შევინარჩუნოთ მოტივაცია, როცა ჯერ კიდევ სახლში ვართ და ცხოვრება გვძულს

პანდემიის პირობებში ძალიან ბევრმა ჩვენგანმა უკვე მიაღწია იმ წერტილს, რასაც მენტალურად გატეხვა ეწოდება – წერს დროის მენეჯმენტის ქოუჩი ელისაბედ გრეის სანდერსი და რჩევებს გვიზიარებს.

ჩვენ უბრალოდ მეტი აღარ შეგვიძლია, ყელში ამოვიდა სახლში ყოფნა, დისტანციურად მუშაობა, გაუსაძლისია იმ ფაქტის ატანა, რომ სკოლები, მაღაზიები და ყველა საჭირო ობიექტი დაკეტილია. იზოლაცია – ყველაზე საშინელი და აუტანელი მდგომარეობა გახდა.

კოვიდ პანდემიამ გარკვეულ ასპექტში ყველა ჩვენგანის ცხოვრება შეცვალა. ამ ყველაფერს  თვეობით სახლში, ოთხ კედელში გამოკეტვა ემატება, მეგობრებისა და ოჯახისგან მოშორებით ყოფნა და სამსახურებრივი პასუხისმგებლობები კვლავ თავის ამპლუაშია, მეტიც – მოიმატა და გართულდა. ამ ყოველივეს ფონზე გასაგები ხდება, რომ თითოეული ჩვენგანი გაღიზიანებული და გაბრაზებულია და თუ ოდესმე იგრძნობ, რომ უბრალოდ აღარ შეგიძლია მეტის ატანა, გახსოვდეს მარტო არ ხარ! საკუთარი თავის უზარმაზარ სტრესში ჩაგდება, პასუხისმგებლობების მომატება, ყველა საჭირო დამხმარე და კარგად ყოფნისთვის აუცილებელი ასპექტის უგულებელყოფა ყველაზე დიდი საფრთხეა შენი მენტალური მდგომარეობის დანგრევისთვის.

შენ გაქვს არჩევანი – დანებდე და საბოლოოდ „გატყდე“ ან იბრძოლო შენი კარიერისა და უმშვენიერესი ცხოვრებისთვის, შენი მენტალური/ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისთვის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – მომავლისთვის. თუ პირველ ვარიანტზე შეჯერდებით, აუცილებლად წაგებული დავრჩებით, ხოლო მეორე შემთხვევაში გვაქვს შანსი, ვიბრძოლოთ უკეთესობისთვის, მომავლისთვის. მე ყველას გულწრფელად ვურჩევ, არსებული სიტუაცია აღიქვან, როგორც ერთგვარი საშუალება, გავხდეთ მეტად ძლიერები, ნაცვლად იმისა, რომ ამ ძალზედ რთულ მდგომარეობაში უიმედობამ შეგვიპყროს. ეცადეთ, ცხოვრებას სხვა თვალით შეხედოთ, იმედებითა და იმ ენთუზიაზმით, რომელიც აუცილებლად დაგეხმარებათ უკეთ ყოფნასა და საკუთარი თავის ხელახლა აღმოჩენაში.

შეიგრძენით და გააანალიზეთ თქვენი სიბრაზე

ბუნებრივია, რომ ასეთ რთულ ვითარებაში ადამიანები ხშირად გაბრაზებულები და გაღიზიანებულები იყვნენ, თუმცა მნიშვნელოვანია, ვისწავლოთ ბრაზის ჯანსაღი, სწორი მეთოდებით გამოხატვა. ეს სიბრაზე შესაძლოა, გამოიწვიოს როგორც მენტალურმა, ასევე ფიზიკურმა პრობლემებმა. 

ფსიქოლოგიაში მიღებულია ე.წ „პარადოქსის გააზრების“ მეთოდი. ამ მეთოდის თანახმად, როდესაც ჩვენს ემოციებს სრულიად ვაანალიზებთ და შევიგრძნობთ, მას ნაკლები ზემოქმედების საშუალებას ვაძლევთ ჩვენზე და ჩვენს ქმედებაზე. ამიტომ ნუ ეცდებით საკუთარი თავის დარწმუნებას იმაში, რომ არ ხართ გაბრაზებული, გაიაზრეთ თქვენი ბრაზი და ეცადეთ, გამოხატოთ სხვადასხვა მეთოდებით – ირბინეთ, რამეს დაარტყით, მაგალითად კედელს, ბალიშში ან მანქანაში იყვირეთ და ა.შ

ეჭვქვეშ დააყენეთ თქვენი შესაძლებლობები

ჩვენი, ადამიანების ბუნების ნაწილია, რომ გარკვეულ გარემოებებს ვეჩვევით, კომფორტის ზონას ვიქმნით და ამ რუტინაში თავს იდეალურად ვგრძნობთ. მოდით, კოვიდ პანდემიისგან შექმნილი სიტუაცია საკუთარ თავში ცვლილებებისთვის გამოვიყენოთ. მაგალითად, შევიცვალოთ სკოლა, დავიწყოთ უფრო ხშირად ვარჯიში, შევეჭიდოთ რაიმე ახალს, განსხვავებულს, ამაღელვებელს. ვეცადოთ, ვიპოვნოთ ახალი გარემოებები, რომლებიც ჩვენთვის მეტად მისაღები და კომფორტული გახდება, თუნდაც ამისთვის ქალაქის შეცვლა გახდეს საჭირო. საბოლოოდ, ვფიქრობ, აუცილებელია ახალი გარემოს შექმნა, რომელიც ჩვენს ყოველდღიურობას ნაკლებად სტრესულს გახდის.

შეეგუეთ იმ ფაქტს, რომ თქვენ არ იცვლებით

ცვლილებები აუცილებელია, თუმცა საჭიროა იმის გააზრებაც, რომ ყველას არ აქვს საშუალება და სურვილი შეცვალოს ცხოვრება. ჩვენ შვილებს შეიძლება, ძალიან მოსწონდეთ ის სკოლა, რომელშიც დადიან, ჩვენ მშობლებს კი ქალაქი, სადაც ცხოვრობენ.

ამ შემთხვევაში, საჭიროა გარემოებების გააზრება და მიღება სწორედ ისე, როგორც აქამდე იყო, თუმცა აუცილებლად უნდა გვახსოვდეს ერთი რამ – რომ ადამიანი, როგორც ინდივიდი, უნიკალურია და გარემო ცვლილებები არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენც მათთან ერთად უნდა შევიცვალოთ. 

შეიმუშავეთ სტრატეგია განვითარებისთვის

თუ ჩვენ უკვე ეჭვქვეშ დავაყენეთ ის გარემოებები, რომელშიც ახლა ვიმყოფებით და მათი შეცვლა გადავწყვიტეთ, რა თქმა უნდა, საჭიროა გეგმის შემუშავება შემდგომი განვითარებისთვის. ვფიქრობ, ამისთვის მნიშვნელოვანია იმ ფაქტორების პოვნა, რომლებიც გვაღიზიანებს და ხელს გვიშლის წინსვლაში. ვიცი, ძნელია ამ უკანასკნელის გაქრობა, მაგრამ მოდი, სადღაც შორეულ კუნჭულში მიმალვას მაინც ვეცადოთ. 

მაგალითად, თუ ჩვენ არ მოგვწონს სახლიდან მუშაობა სამუშაო გარემო შევცვალოთ. ვიყიდოთ ახალი სკამი ან შევღებოთ ოთახი. თუ გყავთ ბავშვები და ხელს გიშლიან მუშაობაში, ავიყვანოთ ძიძა ან მოვიფიქროთ რაიმე სხვა სახის დახმარება ბავშვების მოსავლელად. 

მოუარეთ თავს

და ბოლოს, ნუ დაგავიწყდებათ საკუთარი თავი და ჯანმრთელობა. შესაძლოა, შაქრის მაღალი შემცველობის საკვების მიღება ან ყოველ ღამე ალკოჰოლის დალევა გვეხმარება რაღაც პრობლემების დავიწყებაში და ის მომენტი სასიამოვნოც კია, მაგრამ მუდამ გახსოვდეთ ჯანმრთელობის მნიშვნელობა. სტრესის გამო ნუ გადადებთ თავს გვერდზე.

მიაქციეთ ყურადღება ძილს. სტრესულ გარემოში ძალიან მარტივია ძილის რეჟიმი დაირღვეს და ხშირად გამოუძინებელი ვიყოთ. გახსოვდეთ სწორი ძილის მნიშვნელობა. თუ აქამდე ვარჯიშობდით, ეცადეთ ახლაც არ დაივიწყოთ ეს ჯანსაღი ჩვევა, ხოლო მათ, ვინც ჯერ კიდევ არ იცით რამდენად დიდი სიამოვნებაა ვარჯიში, ეცადეთ, ახლა ჩამოიყალიბოთ ეს ჩვევა. 

შესაძლოა, ახლა მსოფლიო ძალიან რთული გამოწვევების წინაშე დგას და ყველა ჩვენგანი დიდი სტრესის ქვეშ არის, თუმცა ჩვენ მუდამ უნდა გვახსოვდეს აუცილებლობა და მნიშვნელობა იმისა, რომ არ დავკარგოთ რწმენა საკუთარ თავსა და საკუთარ საქმეში.

მასალაზე იმუშავა ანი ხარშილაძემ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

Elven Technologies – ქართული სტარტაპი, რომელიც მეხანძრის ცეცხლგაუმტარ ფორმაზე მუშაობს

ნუკი კოშკელიშვილის ტუჩსაცხი – ამბავი წარმატებულ სტარტაპზე