in , ,

ყველაფერი, რაც Miami Ad School Tbilisi-ის შესახებ უნდა იცოდე

რა არის Miami Ad School? 

Miami Ad School სარეკლამო ინდუსტრიისთვის მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი სკოლაა, რომლის ძირითადი მიმართულებებია: არტ-დაირექშენი, ქოფირაითინგი და გრაფიკული დიზაინი. სკოლა 1993 წელს მაიამიში დაფუძნდა. დღეს კი Miami Ad School-ის 15 ფილიალი მსოფლიოს 10 ქალაქშია გადანაწილებული. MAS-ის სხვადასხვა ფილიალი პორტფოლიო-პროგრამასთან ერთად სტუდენტებს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებსაც სთავაზობს.

რა არის Miami Ad School Tbilisi? 

Miami Ad School Tbilisi (MAST) არის Miami Ad School Europe-ის წარმომადგენლობა თბილისში. პროგრამა შემუშავებულია და ხორციელდება ბერლინის სკოლასთან კოლაბორაციით. MAST-ის სტუდენტებს წვდომა ექნებათ ყველა იმ შესაძლებლობებზე რასაც Miami Ad School Europe-ი სთავაზობს თავის სტუდენტებს.

რა საგანმანათლებლო ხარისხს აძლევს Miami Ad School Tbilisi (MAST) სტუდენტებს? 

MAST არის ორწლიანი სასერტიფიკატო პროგრამა. სერტიფიკატს გასცემს Miami Ad School Europe-ი. თუმცა ამ პროგრამის მთავარი ღირებულება, შემოქმედებითი პორტფოლიო და ის გამოცდილებაა, რომელსაც ეფექტიანად შედგენილი პორტფოლიო-პროგრამა უზრუნველყოფს. საოცნებო სააგენტოსთან გასაუბრებაზე არავინ დაინტერესდება თქვენი ხარისხითა და დიპლომით, მაშინ როცა შთამბეჭდავი პორფოლიო დიდი შანსია, გახდეს გადამწყვეტი თქვენი, როგორც არტ-დირექტორის ან ქოფირაითერის კარიერაში.

წყარო: FB/Miami Ad School Tbilisi
წყარო: FB/Miami Ad School Tbilisi

რა პროგრამებზე არის შესაძლებელი სწავლა MAST-ში? 

MAST სტუდენტებს სთავაზობს ორ პორტფოლიო-პროგრამას: არტ-დაირექშენი და ქოფირაითინგი.

ვინ არიან არტდირექტორი და ქოფირაითერი? 

ეს ორი პროფესია ქმნის და ფარავს ყველაფერს, რასაც მარკეტინგის სფეროში ეძახიან “კრეატივს”. ამ სიტყვის შინაარსიდან გამომდინარე შეგვიძლია მივხვდეთ, რომ ორივე პროფესიის მთავარი ფუნქცია საინტერესო და რელევანტური საკომუნიკაციო იდეების გენერირებაა. კომუნიკაცია კი ყოველთვის ან ვერბალურია ან – ვიზუალური, ანაც – ორივე ერთად. არტ-დირექტორი არის ადამიანი, ვინც ვიზუალებით ფიქრობს, ვიზუალებში ეძებს მიგნებებსა და მესიჯებს, ხოლო ქოფირაითერის ინსტრუმენტი ენა და სიტყვებია.

როგორია პროგრამის სტრუქტურა?

ორწლიანი პორტფოლიო პროგრამა დაყოფილია 8 კვარტლად.

სტუდენტები პირველ და მეორე კვარტალში ისწავლიან თბილისის ფილიალში, რომელიც კახა ბენდუქიძის კამპუსშია.

მესამე და მეოთხე კვარტალში კი სწავლას გააგრძელებენ ბერლინის ფილიალში.

რაც შეეხება,  მეხუთე და მეექვსე კვარტლებს, სტუდენტებს შეეძლებათ თავად აირჩიონ მომდევნო ორი ვერსიიდან ერთ-ერთი:

  1. Quarter Away – სწავლის გაგრძელება Miami Ad School-ის რომელიმე სხვა ფილიალში.
  2. Internship – სრულ განაკვეთიანი პრაქტიკები მსოფლიოს მოწინავე სარეკლამო სააგენტოებში.

მეშვიდე კვარტალში სტუდენტი ბრუნდება საქართველოში და პრაქტიკას გადის ადგილობრივ სარეკლამო სააგენტოში.

მერვე კვარტალში კი სტუდენტი ბრუნდება სკოლაში, მენტორის დახმარებით ირჩევს სასურველ პროექტებს, აძლევს მათ საბოლოო სახეს და კრავს პორტფოლიოს.

არის თუ არა პროგრამის განმავლობაში გათვალისწინებული არდადეგები? 

ყოველი კვარტლის ბოლოს სტუდენტები დაისვენებენ ორი კვირით.

როდის არის მიღება? 

MAST სტუდენტებს წელიწადში ორ ნაკადად მიიღებს: ოქტომბერში და აპრილში. შესაძლოა, მომავალში დაემატოს იანვრისა და ივლისის ნაკადებიც. აპლიკაციების მიღება კი მთელი წლის განმავლობაში იქნება შესაძლებელი. გაითვალისწინეთ, რომ სასურველ ნაკადში მოსახვედრად, აუცილებელია რამდენიმე თვით ადრე შეავსოთ და გამოგზავნოთ აპლიკაცია. 

რა საგნებს გაივლიან სტუდენტები პროგრამის ფარგლებში? 

Miami Ad School-ის პროგრამა შემუშავებულია Learn by Doing-ის პრინციპით, შესაბამისად საგნები განსაზღვრულია ზუსტად იმ დისციპლინების მიხედვით, რასთანაც მომავალში არტ-დირექტორებსა და ქოფირაითერებს აუცილებლად მოუწევთ შეხება. ესენია: კონსეპტინგი, დიზაინი, ფოტოგრაფია, “ქოფი”, ტიპოგრაფია და კომპიუტერული პროგრამები. სტუდენტებს, ასევე, ექნებათ საშუალება, გაიარონ ისეთი ვიწრო პროფილური საგნებიც, როგორიცაა პრეზენტირების უნარები, ვიდეოგრაფია, “Long copy” და სხვა.

როგორია სწავლის პროცესი? 

სარეკლამო ინდუსტრია, როგორც წესი, ერთ-ერთი პირევლი რეაგირებს სწრაფად ცვალებად, თანამედროვე გარემოს გამოწვევებზე. გარდა ამისა, არტ-დირექტორი და ქოფირაითერი სულ ცოტა ხნის წინ ჩამოყალიბებული პროფესიებია. სწორედ ამიტომ, ამ სფეროში სწავლების ყველაზე ეფექტიანი მეთოდი დავალების შესრულება და მასზე პრაქტიკოსი პროფესიონალებისგან აზრის მოსმენაა. სწავლის პროცესიც სწორედ ამ მოდელით – ნამუშევარზე უკუკავშირის მიღების ფორმატით მიმდინარეობს.

რა ღირს MAST და როგორ ხდება გადახდა? 

სწავლის საფასურის გადახდა ხდება ეტაპობრივად, კვარტლების მიხედვით. თითო კვარტლის ფასი 1,900 ევროა. სწავლა სულ 8 კვარტლის განმავლობაში მიმდინარეობს. შესაბამისად, ჯამური გადასახადი 15,200 ევროს შეადგენს. სტუდენტი თანხას იხდის კვარტლების მიხედვით და არა ერთიანად, თუმცა, ვალდებულია, კვარტლის საფასური სწავლის დაწყებამდე გადაიხადოს.

რა უპირატესობები აქვს MAST-ში ჩაბარებას? 

პირველ რიგში, MAST-ში სწავლის საფასური ბევრად ნაკლებია Miami Ad School-ის სხვა ფილიალების საფასურთან შედარებით. თბილისში კვარტლის ფასი 1,900 ევროა, მაშინ, როცა კვარტლის საფასური ბერლინსა და ჰამბურგში 2,600 ევროს, ხოლო მაიამიში 4,450 ევროს შეადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ MAST-ის სტუდენტები პროგრამის ფარგლებში 1 წელი ისწავლიან და პრაქტიკებს გაივლიან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, ისინი მაინც MAST-ის ტარიფს, კვარტალში 1,900 ევროს გადაიხდიან.

გარდა ამისა, MAST-ში სწავლის შემთხვევაში საცხოვრებელი ხარჯებიც მნიშვნელოვნად მცირდება. ჰამბურგში საცხოვრებელი ხარჯები თვეში მინიმუმ  950 ევროა.

რომ შევაჯამოთ, ორი წლის მანძილზე თბილისში სწავლისა და ცხოვრების ხარჯების სხვაობა გერმანიასთან მიმართებით საშუალოდ 16,000 ევროს შეადგენს.

რა შედის სწავლის საფასურში?

სწავლის საფასური გულისხმობს მხოლოდ სწავლის გადასახადს და ის არ მოიცავს სტუდენტის სამოგზაურო, სამუშაო თუ სხვა საყოფაცხოვრებო ხარჯებს.

რა არის საჭირო რომ ჩავაბარო MAST-ში?

MAST-ში ჩაბარებისათვის აუცილებელია, რომ იყოთ სრულწლოვანი. სრულწლოვანების დამადასტურებელი დოკუმენტის გარდა, სხვა არავითარი საბუთი არ მოითხოვება.

MAST-ში ჩასაბარებლად უნდა შეავსოთ ონლაინ აპლიკაცია ვებ-გვერდზე www.miamiadschool.ge და გამოგვიგზავნოთ თქვენი ნამუშევრები.

ასეთის არარსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ, აპლიკაციაში მითითებულ დავალებაზე მოამზადოთ ნამუშევარი და ატვირთოთ აპლიკაციასთან ერთად.

თუ სკოლის მენეჯმენტი თქვენს კანდიდატურას შეარჩევს, დაგიკავშირდებით და დაგიბარებთ პირად გასაუბრებაზე.

აპლიკაციისა და გასაუბრების საფუძველზე სკოლა მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას სტუდენტის მიღებასთან დაკავშირებიბთ.

აქვე გეტყვით, მიღების შემთხვევაში, საქართველოს ფარგლებს გარეთ სწავლის გაგრძელებისთვის საჭიროა, დროულად დაიწყოთ მზადება ვიზასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

რა ენაზე იქნება სწავლა?

მიუხედავად იმისა, რომ MAST-ის ოფიცილური სასწავლო ენა არის ინგლისური, ჩვენ არ ვითხოვთ ენის ცოდნის დამამტკიცებელ რაიმე საბუთსა თუ სერთიფიკატს. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ პროგრამა მოიცავს საზღვარგარეთ სწავლასა და პრაქტიკების გავლას, ლოგიკურია, რომ სტუდენტს უნდა შეეძლოს თუნდაც მარტივი, სალაპარაკო ინგლისურით საკუთარი ნამუშევრის წარდგენა და მასზე მიღებული უკუკავშირის გაგება.

რთულია MAST-ში მოხვედრა?

MAST-ში მოხვედრა რთული არ არის, თუმცა სწავლის პროცესი საკმაოდ შრომატევადია. მთავარია, დროულად მიიღოთ გადაწყვეტილება და გამოგზავნოთ აპლიკაცია, რომ მოხვდეთ თქვენთვის სასურველ ნაკადში.

არის თუ არა სტიპენდიები MAST-ში?

სტიპენდიებზე აქტიურად ვმუშაობთ და იმედი გვაქვს, უახლოეს მომავალში დაემატება. ამ ეტაპზე სკოლა არ უზრუნველყოფს სტიპენდიებს.

უზრუნველყოფს თუ არა სკოლა სტუდენტს სამუშაო ინვენტარით?

მიუხედავად იმისა, რომ სკოლა აღჭურვილია საერთო გამოყენების ყველანაირი აღჭურვილობითა და ტექნიკური მოწყობილობით, ჩვენ არ უზრუნველვყოფთ პირად სამუშაო ინვენტარს. სტუდენტმა უნდა იქონიოს საკუთარი ნოუთბუქი (სასურველია Macbook-ი) და ფოტოკამერა.

სად არის ტრეიტორიულად MAST-ის შენობა

Miami Ad School Tbilisi თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტთან პარტნიორობით ხორციელდება, შესაბამისად სკოლის სივრცეც კახა ბენდუქიძის კამპუსის  ტერიტორიაზეა (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, #240).

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0
ფულბრაიტის პროგრამის ლოგო

საქართველოში Fulbright-ის პროგრამა ფართოვდება

შექმენი მომავალი მოგონებები argacherde.ge-ზე – „საქართველოს ბანკის“ კამპანია