in

გადარჩება თუ არა ქართული საკლუბო სცენა – რა ჰქმნა პანდემიამ?!

„კითხვის ნიშნის ქვეშ დგას საკლუბო სცენის არსებობა, ასობით ადამიანი უმუშევარი დაგვრჩა,“

წყარო: nytimes.com

პანდემიით გამოწვეულ შეზღუდვებს სხვადასხვა ბიზნესსა თუ ინდუსტრიაზე დამღუპველი ეფექტი რომ აქვს, ამაზე დიდი ხანია შეთანხმდა საზოგადოება. 

გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც ღამის კლუბებია, რომელთა მომავალიც კიდევ უფრო დიდ ბურუსშია გახვეული, თუკი ეპიდემიოლოგთა პროგნოზს გავითვალისწინებთ, რომლის თანახმადაც, კომენდანტის საათის მოხსნა ყველაზე ბოლოს განიხილება. 

კლუბი ბასიანი

უკვე 11 თვეა, რაც კლუბები იძულებულები გახდა კარი დიდი ხნით დაეხურათ და ფუნქციონირება შეეწყვიტათ.   

საქართველოს, თითქმის, ყველა კლუბის წარმომადგენელი თანხმდება რომ ინდუსტრია, ფაქტობრივად, განადგურების პირას დგას, რადგან კლუბების უმეტესობას პანდემიის მიუხედავად ქირის გადახდა ისევ უწევს, თანამშრომლები კი უმუშევრები არიან – ყოველივე ეს კი კლუბებისთვის ვალს მხოლოდ ზრდის.

კლუბ „ხიდის“ წარმომადგენელი სოფიო ებრალიძე არსებულ გაურკვეველ და უიმედო სიტუაციაზე გვიყვება და ამბობს რომ კლუბები უმძიმესი ფინანსური წნეხის ქვეშ არიან. 

კლუბი ხიდი

„კითხვის ნიშნის ქვეშ დგას საკლუბო სცენის არსებობა, ასობით ადამიანი უმუშევარი დაგვრჩა,“ – გვიყვება სოფიო ებრალიძე.

ივანე მაჭავარიანი ბარ „სახელოსნოს“ წარმომადგენელი venue-სთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს ქირის სუბსიდირების ან იჯარისგან დროებით გათავისუფლების თხოვნით მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. 

„ამ მომენტისათვის მთავრობისგან გადმოგდებული 200-ლარიანი დახმარების ამარა ვართ ყველა,“ – ამბობს მაჭავარიანი.

ღამის კლუბ „ბასიანის“ დამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი საკუთარ Facebook გვერდზე, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, სტატუსს აქვეყნებს: „პანდემიით გამოწვეული კრიზისი ყველაფერს შეეხო, მაგრამ ყველაზე მეტად კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიები დააზარალა. ამ სფეროს გადარჩენისთვის ანტიკრიზისული გეგმა კი არა, მალე ერთი წელი შესრულდება და სახელმწიფოს მხრიდან ერთი მხარდამჭერი სიტყვაც კი არ თქმულა.”

კლუბების იძულებით დახურვის შემდეგ „ხიდმა“ ერთადერთი, რაც მოახერხა, ეს მუსიკალური სასწავლებელი KHIDI ACADEMY-ის დაარსებაა, „სადაც ელექტრონულ მუსიკასთან დაკავშირებული კურსებია გაერთიანებული და სადაც მენტორები ჩვენი კლუბის რეზიდენტები არიან. აკადემიას არანაირი ფინანსური სარგებელი არ მოაქვს კლუბისთვის,“ – აღნიშნავს კლუბ „ხიდის“ წარმომადგენელი სოფიო ებრალიძე. 

კლუბს აკადემიასთან დაკავშირებით ბევრი გეგმა აქვს, რაც ახალი კურსების დამატებასა და საერთაშორისო სტუდენტების მიღებას გულისხმობს. 

საინტერესოა, როგორია ევროპული გამოცდილება ღამის კლუბების მხარდაჭერის კუთხით? 

პანდემიის დასრულებამდე ადაპტაციის ხერხს მიმართა ინგლისში, კერძოდ ბრისტოლში „ლაკოტას“ ღამის კლუბმა. ის ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც DJ სეტები ავტოსადგომზე დააორგანიზა. 

სახელმწიფოს მხრიდან გაწეულ დახმარებას რაც შეეხება, 2020 წლის ივლისში გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ 1,5 მილიარდი დოლარით დააფინანსა კულტურის სფერო. თანხის ნაწილი მუსიკალური ღონისძიებებისთვის არის გამოყოფილი.    

გერმანიის სახელმწიფომაც არ დატოვა საერთო გასაჭირში ჩავარდნილი კლუბები დახმარების გარეშე. ბერლინის კლუბებს ადგილობრივი მთავრობისგან 25 000 ევრომდე დახმარების მიღება შეუძლიათ. 

ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ღამის კლუბებს, სხვა ბიზნეს აქტივობებთან ერთად, შეუძლიათ ისეთი შეღავათებით ისარგებლონ, როგორებიცაა: ბიზნეს განაკვეთის შემცირება, გადასახადების გადავადება, სამუშაოს შენარჩუნება და სესხებისა და გრანტების გადახდის სქემა. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

რა დანიშნულება აქვს მინიატურულ კარს კაპიტოლიუმში

ვაქცინების ვებსაიტი, რომელიც 50 დოლარი დაჯდა