„სხვა გზა არ არის“ – წარმატებული მარკეტერები, დიზაინერები, სტარტაპერები და კრეატიული სფეროს წარმომადგენლები გვიყვებიან თავიანთი ცხოვრების ყველაზე რთული ეპიზოდის შესახებ, რომელიც წარმატებით გადალახეს და იმაზე უფრო ძლიერები და წარმატებულები გახდნენ, ვიდრე ამ რთულ ეპიზოდამდე იყვნენ. პროექტის მიზანია, მოტივაცია მივცეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა გადიან კარიერაში რთულ პერიოდს.
ბიკო ვარშანიძე Miami Ad School Berlin-ის კურსდამთავრებულია. მისი პირველი ნაბიჯებიც სარეკლამო სფეროში სწორედ MASB-ს უკავშირდება. მანამდე კი, სტამბოლში, მარმარას უნივერსიტეტში სწავლობდა ბიზნესის მართვას. ბათუმში დაბრუნების შემდეგ მარკეტინგულ სფეროში მუშაობდა და სწორედ ამ პერიოდში გადაწყვიტა თავი კრეატიული რეკლამის მიმართულებით ეცადა.
მისი მცდელობები უშედეგო არ აღმოჩნდა, მსოფლიოს ყველაზე ტიტულოვან სარეკლამო სკოლაში სწავლის პერიოდში დიდი გამოცდილება დააგროვა და ეს უკანასკნელი პრიზებადაც აქცია. მის სახელს უკავშირდება Clio award-ისა და ADC Germany-ის სარეკლამო კონკურსებში გამარჯვება.
რუბრიკაში „სხვა გზა არ არის“ ბიკო საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს.
„წარმატების მიღწევა მარტივია, მაგრამ რთული“.
ბიკო ვარშანიძე
ჩემი პირველი ნაბიჯები სარეკლამო სფეროში „მაიამი ედ სქულის“ პორტფოლიო პროგრამას უკავშირდება. აღმოვჩნდი ისეთ გარემოში, სადაც ჩემს ირგვლივ, უმეტესობას გაცილებით მეტი გამოცდილება ჰქონდა. პირველი კურსის სტუდენტის გადმოსახედიდან რთული იყო წარმომედგინა ჩემი დღევანდელი შედეგები. მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად ფანტაზიის უნარს არ ვუჩივი. აღმოჩნდა, რომ ყველაფერი წარმოუდგენელი მხოლოდ ჩემს გონებაში იყო.
იმედი, თუ დამიკარგავს…
ვფიქრობ, რომ იმედის დაკარგვა ადამიანისთვის არის დიდი მოტივატორი. როცა ადამიანს აქვს რაღაცის იმედი, ის გარკვეულწილად დამოკიდებულია გარემო ფაქტორებზე. როდესაც კარგავ იმედს, აღმოჩნდები ფსკერზე. იქედან კი მხოლოდ ერთი მიმართულება რჩება.
როგორ შევძელი დაბრკოლების გადალახვა…
ხშირად დაბრკოლებების დროს ვცდილობ, რომ ჩემი თავი წარმოვიდგინო შორეულ მომავალში და ეს მომენტი გავიხსენო, როგორც ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელო მოგონება. ეს მეთოდი მეხმარება დაბრკოლების მართვაში.
რა არის მთავარი, წარმატების მისაღწევად?
რა თქმა უნდა, ამ კითხვაზე არ არსებობს ერთი სწორი პასუხი. უბრალოდ, უნდა შეეცადო შენ თავთან იყო მაქსიმალურად გულწრფელი. მხოლოდ ამის შემდეგ აღმოაჩენ და გამოიყენებ იმ მამოძრავებელი ძალას, რომლიც გადაგალახინებს დაბრკოლებებს – რაც არ უნდა უცნაური და გაუგებარი იყოს ის სხვისთვის.
Loading…