თუ სილამაზის სალონი, ესთეტიკის ცენტრი ან სტომატოლოგიური კლინიკა გაქვთ, მაშინ პროგრამული უზრუნველყოფისა და სისტემის გამართულად მუშაობისთვის კომპანია WebApp-ს უნდა მიმართოთ. ეს არის ახალი ქართული სტარტაპი, რომელიც რვა თვის წინ შეიქმნა და დღეისათვის უკვე ათეულობით კომპანიას ემსახურება. ისინი ქმნიან ვებ აპლიკაციებს Cloud ტექნოლოგიის გამოყენებით.
რა სერვისებს გთავაზობთ WebApp-ი
კომპანია გთავაზობთ მულტიფუნქციური კალენდრის შექმნას, რომლის საშუალებითაც პროცედურაზე მომხმარებლის ჩაწერას რამდენიმე წამში შეძლებთ. მომხმარებლის ბაზის მოწესრიგებას, იმისთვის რომ მათი ვიზიტების ისტორია სამუდამოდ შეინახოს. კომპანია უზრუნველყოფს თანაშმრომელთა ბაზისა და სმს კომუნიკაციის სისტემის მოწესრიგებას. დეტალური ინფორმაციისთვის დაკომპანიასთან დასაკავშირებლად ესტუმრეთ WebApp-ის ვებგვერდს.
დღეისათვის კომპანიაში 12 ადამიანია დასაქმებული და თუ კორონავირუსის პანდემიამ ხელი არ შეუშალა, ბიზნესის გაფართოებასა და შესაბამისად, კვალიფიციური კადრების დამატებას აპირებენ. კომპანიის სამომავლო გეგმებზე WebApp-ის დამფუძნებელს ლევან მესხიშვილს ვესაუბრეთ.
როგორ მიხვედით ამ სტარტაპის იდეამდე?
WebApp-ი არის კომპანია, რომელიც ქმნის პროგრამული უზრუნველყოფას სილამაზის სალონების, ესთეტიკის ცენტრებისა და სტომატოლოგიური კლინიკებისთვის. პროდუქტებზე მუშაობა დაახლოებით რვა თვის წინ დავიწყეთ და დღეის მონაცემებით, უკვე ვემსახურებით ათეულობით კომპანიას. სტარტაპის იდეამდე მარტივად მივედით ბაზარს სჭირდება ჯანსაღი კონკურენცია და ბიზნესებს პროგრამა, რომელიც დაეხმარება ყოველდღიური პროცესების გატექნოლოგიურებაში, ხოლო მონაცემებს წამებში დაუმუშავებს.
რა პრინციპით შეარჩიეთ სახელი?
ჩვენ ვქმნით ვებ აპლიკაციებს Cloud ტექნოლოგიის გამოყენებით, შესაბამისად, სახელიც უმარტივესად შევარჩიეთ – WebApp.
რამდენი ადამიანი მუშაობს ამ პროექტზე?
დღეის მონაცემებით, კომპანიაში 12 ადამიანია დასაქმებული, წლის ბოლომდე, პანდემიამ თუ ისევ არ შეგვიშალა ხელი, გვინდა გავაორმაგოთ თანამშრომელთა რაოდენობა.
რა სირთულეები შეგხვდათ სტარტაპზე მუშაობის პერიოდში?
პირველ რიგში, ბაზრის გამოუცდელობა, რთულია კალმიდან და ფურცლიდან პროგრამაზე გადასვლა, თუმცა არ შევუშინდით და ეს ურთულესი ფაქტორი დავძლიეთ. მეორე მხრივ, იყო პრობლემები კვალიფიციური კადრების ნაკლებობასთან და სტარტაპულ ფინანსებთან დაკავშირებით, თუმცა ესეც გადავლახეთ და დღეს უკვე შემდგარი კომპანია ვართ, რომელსაც უდიდესი გეგმები აქვს.
ვინ არის თქვენი მთავარი კონკურენტი?
ჩვენი თავი, დიდად კონცენტრაციას კონკურენტებზე არ ვაკეთებთ. ჩვენი მთავარი მიზანი ჩვენი მომხმარებელია, რომელსაც ყველაფერი უნდა გავუკეთოთ, რაც სურს და რაც შეგვიძლია. კონკურენტებს ვადევნებთ თვალს, თუმცა მათზე დიდ ენერგიასა და დროს არ ვხარჯავთ. რაც უფრო ჯანსაღია კონკურენცია, გვჯერა, რომ მით მეტად ვითარდება ბაზარი და სფერო.
რით არის თქვენი სტარტაპი გამორჩეული? რა არის ის ნიშა, რაც პროექტის ინდივიდუალურობას უსვამს ხაზს?
მთლიანად ქართულია! 100% ქართული ინვესტიციაა, ნიშა საკმაოდ ვიწროა, სილამაზის სალონები, ესთეტიკის ცენტრები და კლინიკები, რაც ართულებს სამუშაო პროცესს, მაგრამ ყველა ზემოაღნიშნულს მასზე მორგებული პროგრამა სჭირდება, ამიტომ ზოგად პროგრამას ვერ შევქმნიდით.
რა არის აუცილებელი იმისთვის, რომ სტარტაპი წარმატებული გახდეს?
შრომა, მიზანი, ენთუზიაზმი და კიდევ და კიდევ შრომა. არ უნდა დაგვეზაროს საქმის კეთება, რადგან თუ კი დილით სხვა რამეზე გადაიტან ყურადღებას, ესეიგი მთელ სულსა და გულს არ დებ საქმეში. ყოველი დღე უნდა იწყებოდეს ფიქრით, როგორ გააუმჯობესო და შესთავაზო მომხმარებელს უკეთესი პროდუქტი, სხვა შემთხვევაში ვერ განვითარდები.
როგორ ფიქრობთ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი სტარტაპის დაწყების დროს: იდეა, ადამიანური რესურსი თუ დაფინანსება?
რწმენა, ეს არის ნომერ პირველი, შემდეგ იდეა, რომელსაც კვალდაკვალ მოჰყვება ფინანსები და ადამიანური რესურსები.
დაფინანსება მოიპოვეთ თუ საკუთარი ხარჯებით დაიწყეთ საქმიანობა?
კომპანია მთლიანად საკუთარი ხარჯებით დავაფინანსეთ. სამწუხაროდ, საქართველოში არსებული დაფინანსების სისტემები ძალიან მწირია, რაც ხელს უშლის სფეროების განვითარებას, დაფინანსების ლოდინში კი ვერ დავკარგავდით დროს.
აპირებთ თუ არაბიზნესის გაფართოებას?
რა თქმა უნდა, ვაპირებთ. ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია. ქართულ ბაზარს და არამხოლოდ, უამრავ სიურპრიზს ვუმზადებთ, რომელსაც წლის ბოლომდე დავანახებთ მზის სინათლეს.
რა გჭირდებათ იმისთვის, რომ ბიზნესი გააფართოვოთ?
დრო. ვისურვებდი, რომ 24 საათში უფრო მეტი რამის მოსწრება შემეძლოს. დროის შემდეგ მეტი ფინანსები და რაც შეიძლება მეტი პასუხისმგებლიანი გუნდის წევრი. დღეის მონაცემებით კი მეამაყება, რომ თითოეული ადამიანი, რომელიც კომპანიაშია დასაქმებული, უმაღლესი პასუხისმგებლობით უდგება საქმეს და კარგად აქვს გააზრებული ის დიდი მიზნები, რომლებიც ერთად დავისახეთ.
თქვენი გეგმა რა არის მოკლევადიან და გრძელვადიან პერიოდში?
მოკლევადიან პერსპექტივაში, ბაზრის წილის მაქსიმალური ათვისება, გრძელვადიანში კი პორტფელის გაფართოება და სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა.
რა რჩევას მისცემდით იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა იწყებენ თავიანთი იდეის სტარტაპად გადაქცევას?
არასოდეს დანებდნენ, უყვარდეთ რასაც აკეთებენ, ჩადონ მთელი გული და სული, მოუსმინონ გულშემატკივრებს, მაგრამ თუ ვინმე მათ იდეას არ მიიღებს და არ დაიჯერებს, ნუ მიაქცევენ ყურადღებას, რადგან ადამიანი, რომელიც შეპყრობილია იდეით, სწამს საქმე, რომელსაც აკეთებს და მთელს რესურსს დებს ამ საქმეში, აუცილებლად მიაღწევს წარმატებას.
Loading…