in ,

BeWise – შენი ჯანმრთელობის აპლიკაცია

Bewice არის ახალი ქართული სტარტაპი, მობილური აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს  შეუძლია, აღრიცხოს და მართოს კონკრეტული სიმპტომები. ასევე აკონტროლოს დაავადების განვითარების ტემპი. სისტემა მონაცემების საშუალებით აგენერირებს ელექტრონულ ანამნეზს, რომელიც სპეციალისტისთვის დიაგნოზის დასმის იდეალური საშუალებაა.

სტარტაპის შექმნის იდეაზე, გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ვესაუბრეთ კომპანიის დამფუძნებელ ალექს გიჯაშვილს, რომლიც ფიქრობს, რომ სტარტაპის წარმატებისთვის მთავარი არის იდეის რწმენა, ბავშვური სიჯიუტე და შეცდომებზე სწავლის უნარი.

როდის დაიწყეთ სტარტაპზე მუშაობა?

იდეაზე მუშაობა დავიწყეთ აპრილში და ორ თვეში გავუშვით პირველი ვერსია. აპლიკაციის მიზანია, მომხმარებლებში მთლიანად შეცვალოს ჯანმრთელობის მართვასთან დაკავშირებული გამოცდილება და გახდეს ის ყოველდღიური მოხმარების საშუალება.

რა მექანიზმით მუშაობს თქვენი სტარტაპი დეტალურად რომ აღგვიწეროთ

მობილური აპლიკაციის საშუალებით მომხმარებელს შეუძლია აღრიცხოს და მართოს კონკრეტული სიმპტომები. აკონტროლოს დაავადების განვითარების ტემპი. აღრიცხვიანობის შედეგად სისტემა აგენერირებს ელექტრონულ ანამნეზს, რომელიც სპეციალისტისთვის დიაგნოზის დასმის იდეალური საშუალებაა.

იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს მითითებული აქვს კონკრეტული სიმპტომი, აპლიკაცია უგზავნის შემახსენებელს შეტყობინებებს, რომლის საშუალებითაც იგი ახდენს აპლიკაციაში ჯანმრთელობის მდგომარეობის განახლებას, იმისათვის, რომ სისტემამ იდეალური სიზუსტით აღრიცხოს ავადმყოფობის განვითარების ტემპები.

გარდა ამისა, აპლიკაციაში მომხმარებელს ვაწვდით სასარგებლო ინფორმაციებსა და რეკომენდაციებს.

გარდა სიმპატომების მართვისა, აპლიკაციაში თემატური ბიზნესის წარმომადგენლებს შეუძლიათ, მიზნობრივ მომხმარებლებს სრულიად განსხვავებული არხის მეშვეობით შესთავაზონ და გააცნონ თავიანთი პროდუქტები.

შედეგად შევქმენით ისეთი პროდუქტი, რომელიც ჩვენ, როგორც მომხმარებელს მოგვეწონებოდა და გავითვალისწინეთ ყველა საჭიროება და პრობლემა, რომელიც პოსტპანდემიურ პერიოდში დგას.

როგორ მიხვედით ამ სტარტაპის იდეამდე?

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ 2020 წლის 29 მარტს, BeWise საქართველოში პირველი Online Hackathon-ის გამარჯვებული გახდა.

მარტში კორონავირუსის გავრცელების პიკურ მდგომარეობას აღწევდა, ასეთ მომენტებში კი სამოქალაქო პასუხისმგებლობა ხშირად მნიშვნელოვანი ბიძგის მიმცემია იმისათვის, რომ ენთუზიაზმი და კრიზისული მდგომარეობა ახალ შესაძლებლობად იქცეს. ასე მოხდა ჩვენ შემთხვევაშიც.

გავაანალიზეთ პრობლემა, რომელიც საზოგადოებაში ჯანმრთელობის მართვის ცნობიერებასთან დაკავშირებით არსებობდა და გადავწყვიტეთ, დაგვესახა ამბიციური მისია და მთლიანად შეგვეცვალა ეს გამოცდილება. სწორედ ამიტომ ავირჩიეთ სლოგანი: „შენი ჯანმრთელობის აპლიკაცია“.

რა პრინციპით შეარჩიეთ სახელი?

იყო ბრძენი, ნიშნავს, გქონდეს დიდი ცოდნა და გამოცდილება. გუნდში ძალიან გვჯერა, რომ თანამედროვე ეპოქაში ინფორმირებულობა, მაღალი სამოქალაქო ცნობიერება და ტექნოლოგიები არის ნებისმიერ გამოწვევასთან გამკლავების ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღი.

ზემოთ მოცემულიდან გამომდინარე, სახელზე ბევრი ფიქრი არ დაგვჭირდა. BeWise უფრო მოწოდებაა, ვიდრე უბრალოდ სახელი.

რამდენი ადამიანი მუშაობს ამ პროექტზე?

პროექტზე მუშაობს ოთხი ადამიანი. მიუხედავად მცირე რაოდენობისა, გუნდის თითოეულ წევრს აქვს ამ მიმართულებით წარმატებული პროექტების შექმნის გამოცდილება, ამიტომ ზუსტად ვიცით, როგორ უნდა შევქმნათ პროდუქტი, რომელიც მომხმარებელს მოეწონება.

რა სირთულეები შეგხვდათ სტარტაპზე მუშაობის პერიოდში?

ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია ტექნიკურად გამართული პროდუქტი მიაწოდო მომხმარებელს, ხოლო მეორე მხრივ, დიდი მნიშვნელობა აქვს, დაიცვა და გაითვალისწინო ყველა დეტალი, რომელიც ახლავს ჯანმრთელობის აპლიკაციების შექმნას.

გამომდინარე იქიდან, რომ ეს იყო ჩვენი პირველი პროექტი, რომელსაც უნდა ჰქონოდა მატერიალური უკუგება, მოგვიწია, რომ დაგვეწყო ფიქრი, როგორც მეწარმეებს.

არ ვიყავით ამ სფეროს ექსპერტები და ვერ ვხედავდით წინაღობებს, ვიჩენდით „სამეწარმეო სიჯიუტეს”, პროექტის მართვაში ვიყენებდით Sprint 2.0 მეთოდოლოგიას და შედეგად მივიღეთ გამართული მობილური აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელმა შეიძლება ჩამოტვირთოს www.bewise.ge-დან ან დაიხმაროს Wisebot – m.me/Bewise.ge

ვინ არის თქვენი მთავარი კონკურენტი?

მოცემულ მომენტში ქართულ ბაზარზე პირდაპირი კონკურენტი არ გვყავს. არის რამდენიმე ძალიან მაგარი აპლიკაცია, რომელიც ძირითადად ექიმთან ვიზიტის დაჯავშნაზეა ორიენტირებული. თუმცა BeWise ბაზარზე პოზიციონირებს, როგორც ყოველდღიური მოხმარების აპლიკაცია. სწორედ ეს გამოარჩევს BeWise-ს სხვებისგან.

რით არის თქვენი სტარტაპი გამორჩეული? რა არის ის ნიშა, რაც პროექტის ინდივიდუალურობას უსვამს ხაზს?

BeWise-ის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ ვცდილობთ, მობილური ტელეფონის საშუალებით, მომხმარებლებში ჯანმრთელობის მართვის გამოცდილება მთლიანად შეიცვალოს. ყოველდღიურად მოხდეს მისი გამოყენება და ის მომხმარებლისთვის ბუნებრივი ქცევის ნაწილი გახდეს.

შესაბამისად, სწორედ ეს არის BeWise-ის კონკურენტული უპირატესობა. აპლიკაცია არის ყველასთვის, ვისაც სმარტფონის საშუალებით საჭმლის შეკვეთა, ტაქსის გამოძახება და სოციალური ქსელების გამოყენება შეუძლია.

რა არის აუცილებელი იმისთვის, რომ სტარტაპი წარმატებული გახდეს?

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად შესაძლებელია, გამოვიყენო ბევრი ტრენერის რჩევა, ამონარიდები entrepreneur წიგნებიდან, მაგრამ სტარტაპის წარმატებისთვის მთავარი არის იდეის რწმენა, ბავშვური სიჯიუტე და შეცდომებზე სწავლის უნარი.

აუცილებლად უნდა გწამდეს იმ იდეის, რასაც აკეთებ. იდეა სულის ნაწილი უნდა იყოს, სხვაგვარად ვერ დაიცავ მას იმ სირთულეებისგან, რომელიც სტარტაპის შენების პროცესში აუცილებლად გელის. ბავშვური სიჯიუტე კი აუცილებელია, რომ არასდროს არ დაიხიო უკან, წახვიდე იმ გზით, რომელითაც არავინ არ წასულა და გაბედო ის, რაც სხვას სიგიჟე გონია.

როგორ ფიქრობთ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი სტარტაპის დაწყების დროს: იდეა, ადამიანური რესურსი თუ დაფინანსება?

ზოგადად, იდეა, ადამიანური რესურსი და ფინანსები არის პროექტის წარმატებისთვის აუცილებელი „სამკუთხედი“.

პირველ ადგილზე დავაყენებდი იდეას. იდეა, როგორც ზემოთ ვახსენე, უნდა იყოს თავიდან ბოლომდე გააზრებული, მისი ყველა უპირატესობა და ნაკლოვანება უნდა ესმოდეს სტარტაპს.

შემდეგ პრიორიტეტს მივანიჭებდი ფინანსებს, რადგან არსებობს ბევრი სტარტაპი, რომელიც მხოლოდ ერთი ადამიანით დაიწყო და მიაღწია წარმატებას. მატერიალური რესურსი პროდუქტის მომხმარებლამდე მიტანისა და განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რესურსია.

მესამე და უმნიშვნელოვანესი კომპონენტი არის გუნდი. იმისათვის, რომ სტარტაპი წავიდეს წინ და შეასრულოს შორსმიმავალი გეგმები, ამისათვის აუცილებელია იდეისადმი ერთგული ადამიანებისგან შემდგარი გუნდის ყოლა.  

დაფინანსება მოიპოვეთ თუ საკუთარი ხარჯებით დაიწყეთ საქმიანობა?

2020 წლის 29 მარტს, BeWise საქართველოში პირველი Online Hackathon-ის გამარჯვებული გახდა. აღნიშნული ჰაკათონი ჩატარდა ფონდ „კრისტალის“, USAID YES Georgia-სა და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალის” მხარდაჭერით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან (NCDC) თანამშრომლობით.

აპირებთ თუ არა ბიზნესის გაფართოებას?

აპლიკაცია მუდმივად ვითარდება გუნდის გეგმებისა და მომხმარებლების მიერ მოწოდებული რჩევებისა და რეკომენდაციების გათვალისწინების საფუძველზე. ამის პარალელურად აქტიურად ვმუშაობთ ბიზნესის განვითარების შორსმიმავალ სტრატეგიაზე და შესაბამის პრიორიტეტებზე.

რა გჭირდებათ იმისთვის, რომ ბიზნესი გააფართოვოთ?

აპლიკაციის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლამდე მივიტანოთ ჩვენი პროდუქტი. ბიზნესის განვითარებისთვის კი გვჭირდება გუნდის გაზრდა და დამატებითი ფინანსური რესურსების მოძიება.

თქვენი გეგმა რა არის მოკლევადიან და გრძელვადიან პერიოდში?

მოკლევადიან პერსპექტივაში ჩვენი გეგმა არის ის, რომ მოვახერხოთ აპლიკაცია მაქსიმალური რაოდენობის მომხმარებლებმა გადმოწერონ, რათა შევძლოთ ძალიან საინტერესო და სასარგებლო სერვისების შეთავაზება, როგორებიც არის:

სხვადასხვა სახელმწიფო სერვისით სარგებლობა;

პრეპარატების მიღებითა და მართვის მოდულით სარგებლობა;

ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული Covid-ქვიზით სარგებლობა, რომელიც მომხმარებელს აუმაღლებს ცნობიერებას კორონავირუსის მართვასთან დაკავშირებით;

სხვადასხვა თემატურ Online-ღონისძიებაზე დასწრება და მონაწილეობის შესაძლებლობა;

სიმპტომების მართვის ოპტიმიზებული პროცესი;

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, გრძელვადიან პერსპექტივაში ვგეგმავთ BeWise-ის გატანას საქართველოს ფარგლებს გარეთ.

რა რჩევას მისცემდით იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა იწყებენ თავიანთი იდეის სტარტაპად გადაქცევას?

თუ გაქვს იდეა და გინდა, რომ სტარტაპად აქციო, პირველ რიგში, აუცილებლად უნდა მიიღო მონაწილეობა სხვადასხვა სტარტაპ კონკურსში, სადაც მენტორები დაგეხმარებიან შენი იდეის დახვეწაში და მოგცემენ ბევრ სასარგებლო რჩევას, როგორც იდეის განვითარების, ასევე მონეტიზიაციისა და პიჩის დამუშავების მიმართულებით. საერთო ჯამში, ეს ყველაფერი დაგეხმარება, მოიპოვო სტარტაპის დაწყებისთვის საჭირო დაფინანსება.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვერ მოიპოვებ დაფინანსებას, შეიძენ მნიშვნელოვან ცოდნას, რომელიც მოგცემს იმის ძალას, რომ საჭიროების შემთხვევაში, დამოუკიდებლად დაიწყო სტარტაპი, თუნდაც პროტოტიპის დონეზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

IBCCS Georgia – სტარტაპი, რომელიც ბიზნესმენებს საგადასახადო და იურიდიულ კონსულტაციას სთავაზობს

როგორ გამოიყურება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და სტუდენტური საცხოვრებელი