in ,

მარტა ქარუმიძე – „სხვა გზა არ არის“

„სხვა გზა არ არის“ – წარმატებული მარკეტერები, დიზაინერები, სტარტაპერები და კრეატიული სფეროს წარმომადგენლები გვიყვებიან თავიანთი ცხოვრების ყველაზე რთული ეპიზოდის შესახებ, რომელიც წარმატებით გადალახეს და იმაზე უფრო ძლიერები და წარმატებულები გახდნენ, ვიდრე ამ რთულ ეპიზოდამდე იყვნენ. პროექტის მიზანია, მოტივაცია მივცეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა გადიან კარიერაში რთულ პერიოდს.

რუბრიკის დღევანდელი სტუმარია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საზოგადოებასთან ურიერთობის მენეჯერი, რადიო „ფორტუნას“ რამდენიმე გადაცემის („7 რჩევა ფსიქოლოგისგან“, „FM ქოუჩი“, „სილამაზის აკადემია“) ავტორი და წამყვანი, „ფორტუნა აკადემიის“ პროექტების კოორდინატორი მარტა ქარუმიძე.

მარტას პროფესიული განვითარების პარალელურად, არაერთი დაბრკოლების გადალახვამ მოუწია. როგორც თავად ამბობს, იმედი არასდროს დაუკარგავს, რადგან თითოეულ წინააღმდეგობას აღიქვამს ახალ გამოწვევად, რომელსაც მოაქვს დიდი გამოცდილება.

არასდროს ჩაიქნიოთ ხელი ცხოვრებასა და წამოწყებულ საქმეებზე, რადგან როცა რაღაც ძალიან გინდათ, მთელი სამყაროა მომართული იმისკენ, რომ გამოგივიდეთ

17 წლის ვიყავი, როდესაც მუშაობა დავიწყე. იმ პერიოდში არც თუ ისე მარტივი იყო მუშაობის დაწყება. მახსოვს, სკეპტიკური განწყობა ზოგიერთი ადამიანისგან, რომელიც მდგომარეობდა შემდეგში: „გამოგივა რამე?“. ჟურნალისტიკაში არავის ვიცნობდი და, ფაქტობრივად, ნულიდან მიწევდა ყველაფრის დაწყება.

მივედი საინფორმაციო სააგენტოში, ვუთხარი, რომ მუშაობის დაწყება მინდოდა. იქაურმა ხელმძღვანელმა ნდობა გამომიცხადა, მითხრა „ვცადოთო“. საწყის ეტაპზე ძალიან რთული იყო, მაგრამ არ მინდოდა ამ ადამიანისა და მთლიანი გუნდის ნდობა და იმედები გამეცრუებინა. ბევრს ვშრომობდი. ყოველდღიურად, ნაბიჯ-ნაბიჯ ვსწავლობდი.

შემდეგ იყო შემოთავაზება რადიო „ფორტუნას“ საინფორმაციო სამსახურიდან, მოგვიანებით გადავინაცვლე პიარში და უკვე რამდენიმე წელია ვმუშაობ ამ მიმართულებით, რადიოში მაქვს ჩემი საავტორო გადაცემები. პარალელურად ვსწავლობ პოზიტიური ფსიქოთერაპიის მიმართულებით და მალე ფსიქოკონსულტანტის სტატუსი მექნება.

იმედი, თუ დამიკარგავს…

ცხოვრებაში პატარ-პატარა იმედგაცრუებები ყოველთვის არის, თუმცა იმედი არასდროს დამიკარგავს. პირიქით, ვიცი, თუ დღეს რამე არ გამოდის, ხვალ უკეთესი დღე იქნება. ამავეს ვურჩევ სხვა ადამიანებს, არასდროს ჩაიქნიონ ხელი ცხოვრებასა და წამოწყებულ საქმეებზე, რადგან როცა რაღაც ძალინ გინდა, მთელი სამყაროა მომართული იმისკენ, რომ გამოგივიდეს. თითოეული ადამიანის ცხოვრებაში არის გაკვეთილი და ახალი გამოცდილება. ამიტომ შევეცადოთ, ყველაფერს, რაც ხდება ჩვენ ცხოვრებაში, პოზიტივით შევხედოთ და მივიღოთ, როგორც კარგი გამოცდილება.

როგორ შევძელი დაბრკოლებების გადალახვა…

ნებისმიერი დაბრკოლება არის ახალი გამოწვევა და ვცდილობ, სწორედ ასე შევხედო მოვლენებს. იმაზე მაგარი შეგრძნება არაფერია, როცა ამ „დაბრკოლებებს“ გადალახავ და შედეგს დაინახავ. მოზარდებს, სტუდენტებს ვურჩევდი, ნუ შეეშინდებათ ცხოვრების. მთავარია, ისწავლოთ, მოინდომოთ, იშრომოთ და ეს შრომა აუცილებლად დაგიფასდებათ. როცა შენით, დამოუკიდებლად აღწევ წარმატებას, ეს არის ძალიან კარგი შეგრძნება, ამიტომ ეცადეთ, დამოუკიდებლად, თქვენი შრომით მიაღწიოთ ყველაფერს. შემოიკრიბეთ ირგვლივ დადებითი ადამიანები, რომლებისგანაც ისწავლით ახალს, რომლებიც მოგცემენ ბიძგს, რომ მეტი ცოდნა და გამოცდილება დაიგროვოთ, რომლებიც მოგცემენ სტიმულს, რომ ის საქმე აკეთოთ, რაც გიყვართ.

რას ეტყვით/ურჩევთ იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა არიან მძიმე დაბრკოლებების წინაშე?

ხშირად ადამიანები ფიქრობენ, რომ საკმარისად ისწავლეს და ჩერდებიან, თვითგანვითარებას წყვეტენ და იწყებენ წუწუნს. სხვისგან რჩევის მიღების მიუღებლობაც აქვთ. რჩევები არ ნიშნავს, რომ ერთი-ერთში უნდა გაიმეოროთ სხვისი გამოცდილება, მაგრამ ანალიზის გაკეთება შესაძლებელია. სულ ვამბობ, საკმარისი ცოდნა არ არსებობს. ნებისმიერ ასაკში ყოველი ახალი დღე – ახალი ცოდნა და გამოცდილებაა. მთავარია, სწორად წარმართოთ არსებული რესურსი და არ დაგეზაროთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

#სტარტაპერები WebApp – პროგრამული უზრუნველყოფა თქვენი ბიზნესისთვის

„კავეას დრაივ ინ კინოთეატრი“ ლისის ტბაზე მდებარე ახალ იპოდრომზე ივლისში გაიხსნება