„რაც არ იჭმევა, არც სახეზე ისმევა!“ – ამ დევიზზე დაყრდნობით შეიქმნა ბრენდი Beauty Fact. 100%-ით ნატურალური, უმაღლესი ხარისხის მასალაზე შექმნილი კანის მოვლის საშუალებათა ნაკრები დამზადებულია ხელით და მოიცავს უიშვიათესი სახის ტროპიკულ ზეთებს, კარაქებს, ეთერზეთებს, სამკურნალო მცენარეებისა და ყვავილების ნაყენებს. პროდუქცია განსაზღვრულია სხვადასხვა ტიპის კანისთვის-დაწყებული მშრალით და დამთავრებული მგრძნობიარე კანით. შეძენა შესაძლებელია ფეისბუქ გვერდის საშუალებით.
სტარტაპის შემქმნელია ამერიკაში მცხოვრები ქართველი, კანის მოვლის ნატურალური საშუალებების პროფესიონალი ფორმულატორი, ნაია ჯელაძე. სწორედ ის პასუხობს Venue.-ს შეკითხვებს და საუბრობს როგორ იქმნებოდა Beauty Fact, რა სირთულეები შეხვდა სტარტაპზე მუშაობის დროს და რა გზა გაიარა აქამდე. ნაია ჯელაძე ძალიან საინტერესო რჩევებს აძლევს იმ ადამიანებს, რომლებსაც სურთ, თავიანთი იდეა სტარტაპად აქციონ.
რა არის თქვენი სტარტაპი და როდის დაიწყო მუშაობა?
ბავშვობიდან მიზიდავდა კანის მოვლა სხვადასხვა სამკურნალო მცენარეებითა და ნაყენებით. 20 წლის წინ საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავედი. ამერიკაში, მოგეხსენებათ, რომ დიდი ხანია, ძალიან აქტუალურია ჯანსაღი ცხოვრების წესი, ხოდა, როგორც ამბობენ, სადაც წახვალ, იქაური ქუდი დაიხურეო და მეც დავიხურე! ჩემი ბავშვობისდროინდელი ჰობი ნელ-ნელა საყვარელ პროფესიად გადაიქცა. დავამთავრე ნიუ-იორკის კანის ბუნებრივი საშუალებებით მოვლის პრესტიჟული ინსტიტუტი და შემდეგ ამავე განხრით სწავლა გავაგრძელე ლონდონის კანის მოვლის ორგანული ფორმულაციის აკადემიაში. აქვე გავიარე სახის ნიღბების თერაპიის სრული კურსი და ამჟამად ვარ კანის მოვლის ნატურალური საშუალებების შემქმნელი პროფესიონალი ფორმულატორი. მოგეხსენებათ, საფუძვლიან განათლებას ყველა სფეროში დრო სჭირდება – მეც ექვსი წელი დამჭირდა მოვსულიყავი აქამდე. დამიჯერეთ, ეს ყველაფერი ითვლის მრავალი წლის უძილო ღამეებს, ნერვებს, ექსპერიმენტებს და ა.შ.
როგორ მიხვედით ამ სტარტაპის იდეამდე?
ამ სტარტაპის იდეით ინსპირირება ჩემში, ალბათ, გამოიწვია იმ გარემომ, სადაც მიწევს ცხოვრება. როდესაც ის სოციუმი, რომელშიც შენ არსებობ, ყოველდღიურად უპირატესობას ანიჭებს ყველაფერს ორგანულს, ნატურალურს, სავარჯიშო დარბაზები გადავსებულია ხალხით, ხოლო კოსმეტიკურ მაღაზიებში შესვლისას თვალში გხვდება უზარმაზარი აბრა წარწერით – Hello, I’m Organic!!! შენც უნებურად იწყებ იმაზე ფიქრს, რომ ამ ცივილიზებულმა საზოგადოებამ მიდგომა „ლამაზი, არომატული, პრიალა-მაგრამ შხამიანი“ დიდი ხანია, უკვე შეცვალა ბუნებრივ, ნატურალურ და ორგანულზე. მოზღვავებული დაავადებების ფონზე, რაც გამოწვეულია სწორედ არაორგანული და გენმოდიფიცირებული საკვებითა და კანის მოვლის სხვადასხვა საშუალებით, ადამიანები უპირატესობას ანიჭებენ შხამ-ქიმიკატებისგან თავისუფალ ნატურალურ კოსმეტიკას. ცნობილი ფაქტია, რომ კანი არის ადამიანის ორგანო, რომელიც საკვებივით ისრუტავს ყველაფერს, რაც მასზე ხვდება და 26 წამში გადასცემს სისხლის მიმოქცევის სისტემას. დევიზი „რაც არ იჭმევა, სახეზეც არ ისმევა!“ დღითიდღე აქტუალური ხდება.
სწორედ ამ დევიზმა „რაც არ იჭმევა, სახეზეც არ ისმევა“, მიმიყვანა ამ სტარტაპის იდეამდე და ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ დღეს სწორედ იქ ვარ, სადაც მინდა, ვიყო.
რა პრინციპით შეარჩიეთ სახელი?
Beauty Fact – სილამაზე, როგორც ფაქტი – ასე დავარქვი ჩემს ბრენდს, რომლის სლოგანია „სრულყოფილების ფილოსოფია ნაიასგან“. ამ სახელში და განსაკუთრებით სლოგანში გამოვხატე ჩემი ინდივიდუალიზმი და ის ამოცანა და მიზნები, რისკენაც მივდივარ!
რამდენი ადამიანი მუშაობს პროექტზე?
ჩემი „ოქროს“ სტაფი შედგება რვა ადამიანისგან – ეს არის პროფესიონალთა ჯგუფი და მისი თითოეული წევრი ჩემთვის შეუფასებელია.
რა სირთულეები შეგხვდათ სტარტაპზე მუშაობის პერიოდში?
შემიძლია ვთქვა, რომ თუ კი რამე სირთულე არსებობს ამ ქვეყანაზე, ყველაფერი გამოვიარე – დაწყებული ფინანსებიდან დამთავრებული მაღალი ხარისხის ინგრედიენტების მოძიებამდე, მაგრამ ყველაზე ძნელი რა იყო, იცით? ის უნდობლობა, რომელსაც ყოველ ნაბიჯზე ვაწყდებოდი. ძალიან ძნელია, როდესაც შენს უახლოეს გარემოცვასაც კი არ სჯერა, რომ წარმატებას მიაღწევ, რადგან საქმე, რომელიც ავირჩიე, უაღრესად რთული და საპასუხისმგებლოა. ანუ თუ არ გამიმართლა, წყალში ჩამეყრება წლობით ნათენები ღამეები, რუდუნებით ნაშენები საქმე და ასე დაუსრულებლად. ამიტომ, როგორც კი მეძლევა საშუალება, ყველგან – სოცმედიაში, კატალოგში, რეკლამებში, (ბრენდის ქაღალდის ჩანთებზე მადლობის ბარათები ჩამოვკიდე) ყველას ვუხდი უზარმაზარ მადლობას ნდობისთვის, რაც ყველაზე ფასეულია ჩემთვის!
ვინ არის თქვენი მთავარი კონკურენტი?
Beaty Fact-ის კონკურენტად მოვიაზრებ ყველა იმ ბრენდს, რომელიც ქმნის შედეგზე ორიენტირებულ ნამდვილად ნატურალურ კოსმეტიკას.
რით არის თქვენი სტარტაპი გამორჩეული? რა არის ის ნიშა, რაც პროექტის ინდივიდუალურობას უსვამს ხაზს?
ჩემს პროდუქციაში ვიყენებ უნიკალურ, უძვირფასეს და ეგზოტიკურ ინგრედიენტებს მსოფლიოს ყველა წერტილიდან… ასევე, რადგან მე აშშ-ში ვცხოვრობ, შეიძლება ითქვას, რომ არა მხოლოდ ქართულ, არამედ ამერიკულ ბაზარზეც ვართ წარმოდგენილი.
რა არის აუცილებელი იმისთვის, რომ სტარტაპი წარმატებული გახდეს?
1. პირველ რიგში, უნდა გავიაზროთ ერთი მარტივი რამ, რომ სტარტაპი ჩვეულებრივი ბიზნესია და როგორც ყველა ბიზნესს, სჭირდება სიტუაციის კვლევა, დაგეგმვა და ცვლილებებისთვის მზაობა.
2. მოთმინება და ნებისყოფა – მეგობრებო, არაფერი არ მოდის სწრაფად და მომენტალურად ერთეული შემთხვევების გარდა. იშრომეთ, ჩაატარეთ ექსპერიმენტები და არ შეგეშინდეთ მარცხის და, სხვათაშორის – გამარჯვებისაც!
3. სტრატეგიული განვითარების გეგმა – ეს ის აქსიომაა, რომლის გარეშე ყველა სტარტაპი აუცილებლად განიცდის მარცხს! დაგეგმეთ თქვენი თითოეული ნაბიჯი მომავალში და გეგმის მიხედვით, მოთმინებით შეუდეგით მათ შესრულებას!
4. კაპიტალი – ფინანსების გარეშე ყველა სტარტაპი ჩანასახშივე განწირულია!!!
5. ადამიანური რესურსი – სტაფი, რომელიც დაკომპლექტებულია პოზიტიურად განწყობილი პროფესიონალებით. ასეთ გუნდს უნდა ჰქონდეს სამუშაო კულტურა, სადაც ექსპერიმენტები მნიშვნელოვანია და წარუმატებლობა განიხილება, როგორც ინოვაციური გადაწყვეტილებების ბუნებრივი ნაწილი. ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით, განვითარდება ბიზნესიც და თანამშრომლებიც.
6. და ბოლოს-როგორც ამერიკელები ამბობენ – Right time, Right place – საჭირო დროს საჭირო ადგილას!
9. როგორ ფიქრობთ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი სტარტაპის დაწყების დროს: იდეა, ადამიანური რესურსი თუ დაფინანსება?
ეს კითხვა ძალიან მარტივია და შესაბამისად, პასუხიც მარტივი იქნება – რა თქმა უნდა, სამივე ერთად.
დაფინანსება მოიპოვეთ თუ საკუთარი ხარჯებით დაიწყეთ საქმიანობა?
საკუთარი ხარჯებით. მართალი გითხრათ, დაფინანსება არც მიძებნია. ზოგადად, არ მიყვარს ვალით რამის დაწყება.
აპირებთ თუ არა ბიზნესის გაფართოებას?
რომელი ნამდვილი ჯარისკაცი არ ოცნებობს გენერლობაზე?!
რა გჭირდებათ იმისთვის, რომ ბიზნესი გააფართოვოთ?
უფრო მეტი ფინანსები!
თქვენი გეგმა რა არის მოკლევადიან და გრძელვადიან პერიოდში?
მოკლევადიანი – ბრენდის ისეთი ვებსაიტის შექმნა, რომელიც დააკმაყოფილებს პრეტენზიულ მომხმარებელსაც კი და ამაზონი! გრძელვადიანი – საკუთარი მაღაზიები ნიუ-იორკსა და თბილისში!
რა რჩევას მისცემდით იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა იწყებენ თავიანთი იდეის სტარტაპად გადაქცევას?
ჩემი აზრით, ამ შეკითხვას უკვე გავეცი პასუხი მე-8 კითხვაში, მაგრამ მოკლედ ისევ გეტყვით:
მეგობრებო, ნუ შეგეშინდებათ ახალი საქმის წამოწყების, ნუ მიაქცევთ ყურადღებას ნეგატიურ რჩევებს, რომ თქვენ ეს არ გამოგივათ! იქონიეთ მოთმინება, საკუთარი საქმის რწმენა, შრომისა და ექსპერიმენტების სიყვარული და მიუღწეველი არაფერია!
Loading…