in

#სტარტაპი „უსული“ – 100-წლოვანი ისტორიის ნატურალური კოსმეტიკა რაჭიდან

უსული“ ერთ-ერთი სტარტაპია, რომელიც ჩვენი რუბრიკის მომდევნო სტუმრად მოგიყვანეთ. ამ ბრენდს განსაკუთრებული ისტორია აქვს – ნატურალური კოსმეტიკა რაჭიდან – 100-წლიანი საიდუმლო რეცეპტებით. დალი ბებო და „უსულის“ დამაარსებელი გოგონები სიყვარულით ქმნიან ქართულ ბრენდს.

Venue.ge-ს ხატია ლობჯანიძემ და ნანი კობახიძემ კომპანიის დაფუძნების ისტორია გაუზიარა:

რა პროდუქტზე მუშაობს თქვენი სტარტაპი ?

„უსული“ გთავაზობთ 100%-ით ნატურალურ ხელნაკეთ კოსმეტიკას, თავის მოვლის საშუალებებსა და სამკურნალო მალამოებს. უფრო კონკრეტულად კი ჩვენთან ამ პროდუქციას ნახავს მომხმარებელი: დღისა და ღამის დამატენიანებელი საცხი, თვალის საცხი, ტუჩის ბალმი, მალამო პრობლემური კანისათვის, სახის ნიღბები და კოსმეტიკური საპონი, მიცერალური წყალი, სახისა და თმის სერუმი, ტანის დასაბანი გელი, ჰერპესის, დამწვრობისა და ნაწოლების სამკურნალო მალამოები, ფიჭვისა და ნაძვის ფისაზე დამზადებული თმის ასაცლელი ცვილი.

როგორ გაჩნდა სტარტაპის იდეა? 

ჩვენ პროდუქციას 100-წლოვანი საგვარეულო ტრადიცია აქვს. დაახლოებით 50 წელია დალი ბებოს ჰყავს თავის ერთგული და კმაყოფილი მომხმარებლები, სწორედ ეს გახდა ბიძგი, შეგვექმნა 100% – ით ნატურალური კოსმეტიკური ბრენდი – ,,სიყვარულით შექმნილი სილამაზის ელექსირები რაჭის მთებიდან“

„უსული“ - ნატურალური კოსმეტიკა რაჭიდან

რამდენი ადამიანი მუშაობთ პროექტზე?

პროექტზე ვმუშაობთ სამი ადამიანი, ჩვენ (ხატია და ნანი) დამფუძნებლები და დალი ბებო, რომელთან ერთადაც ვამზადებთ ჩვენს პროდუქციას. 

რას ნიშნავს თქვენი სახელწოდება?

ვფიქრობდით, რომ კომპანიის სახელი აუცილებლად უნდა ყოფილიყო ქართული და კავშირი ჰქონოდა ჩვენს საქმიანობასთან ან ოჯახთან. ამიტომ ძიება „სიტყვის კონიდან“ – დავიწყეთ და აღმოვაჩინეთ „უსული“ (ძვ. ქ. ლამაზი, მოხდენილი) არ დაგიმალავთ და ეს ზუსტად ის იყო, რასაც ვეძებდით, მისტიური სახელია, რომელიც სილამაზეს უკავშირდება, ქართულია და ადამიანების დიდ ინტერესს იწვევს. მაშინვე მოვიხიბლეთ, ვფიქრობთ, ორიგინალური და სხვებისგან განსხვავებული სახელი აქვს ჩვენ ბრენდს.

რა სირთულეები შეგხვდათ იდეის განხორციელების დროს?

ჩვენი სტარტაპი პანდემიის დროს შეიქმნა სპონტანურად და ,,არარაჭულად”. ასე რომ იდეის განხორციელებისათვის დიდხანს არ გვიფიქრია, მომენტალურად შევიძინეთ საჭირო ინგრედიენტები, შესაფუთი მასალები, მოვიფიქრეთ სახელი, ლოგო და მას შემდეგ ვზრუნავთ ადამიანების კმაყოფილებასა და ბედნიერებაზე. მე და ნანიმ დიდი სიყვარულითა და მოტივაციით შევქმენით უსული, ბებოსთან ერთად. ჩვენი სირთულე იმ მომენტისათვის ფინანსები იყო, თუმცა მთელი გულით რასაც მოინდომებს ადამიანი, რასაც შეიყვარებს, აუცილებლად გამოვა. თითოეულ მარკეტინგულ აქტივობას ჩვენ ვგეგმავთ და ნელ-ნელა ვვითარდებით. ვფიქრობ, პანდემიის ფონზე საკმაოდ ცნობილი გახდა რაჭის უსული და ბევრმა შეიყვარა ჩვენი ნატურალური კოსმეტიკა რაჭიდან. 

„უსული“ - ნატურალური კოსმეტიკა რაჭიდან

როგორ მოიზიდეთ ფინანსები?

საკუთარი ფინანსებით დავიწყეთ და დღემდე ასე გრძელდება. გამოჩენისთანავე ბევრი დაინტერესდა და მოიხიბლა „უსულის“ სილამაზის ელექსირებით, ამ ეტაპზე ჩვენს სტარტაპს ამ ბიზნესიდან შემოსული თანხით ვავითარებთ.

რას ურჩევდით დამწყებ სტარტაპერებს?

ვფიქრობთ, მთავარი იმ საქმიანობის სიყვარულია, რისი გაკეთებაც გსურს, როგორი სირთულეც არ უნდა შეგხვდეს, არ უნდა დანებდე,  ძალიან ბევრი უნდა იშრომო მიზნის მისაღწევად,  პოზიტიური განწყობა დაგეხმარება შენთვის საყვარელი, თუმცა ამავე დროს დამღლელი საქმიანობა დიდი სიამოვნებით აკეთო. საბოლოოდ კი, როცა საკუთარი შრომის შედეგს ხედავ მოტივაცია გიმაღლდება, უფრო თავდაჯერებული ხდები. მუდმივად უნდა იზრუნო მომხმარებლის კმაყოფილებასა და ბედნიერებაზე. როცა სხვას ანიჭებ სიხარულს, შენ ორმაგად ბედნიერი ხარ. ბედნიერ ადამიანს კი ყველაფრის მიღწევა შეუძლია. 

გყავთ თუ არა კონკურენტი ადგილობრივ ბაზარზე?

საქართველოში ბევრი კოსმეტიკური ბრენდი არსებობს, თუმცა, ვფიქრობთ, რომ ყველას საკუთარი მომხმარებელი ჰყავს.  ჩვენი პროდუქცია სრულიად ნატურალური და მაღალი ხარისხისაა, ასე რომ, გვგონია, რომ თუ კი ვინმე ერთხელ მაინც გამოიყენებს ჩვენს საცხს, მუდმივად „უსულის“ მომხმარებელი იქნება. 

რა არის საჭირო, რომ სტარტაპი წარმატებული იყოს?

სტარტაპს წარმატებას მაღალი ხარისხი და კარგი პიარი სჭირდება, საზოგადოებამდე ისე უნდა მიიტანო შენი პროდუქცია, რომ მისთვის უცნობი საცხი იქნება ეს თუ სხვა რაიმე სახის პროდუქტი, საინტერესო გახდეს და სურვილი გაუჩნდეს, შეიძინოს. შემდგომ ხარისხი იზიდავს ადამიანს, რასაც ყველაზე მეტად ვაფასებთ. და კიდევ – შემოქმედი და ერთგული ადამიანებისგან უნდა იქმნებოდეს სტარტაპი. 

გაიცანით სხვა სტარტაპერები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

იამაიკა მარიხუანას გარეშე რჩება

Facebook ვაქცინის თემაზე დეზინფორმაციას წაშლის