in ,

კომპანია, რომელიც თანამშრომელთა შერჩევის პროცესს გაგიმარტივებთ

Linton Group-ი პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების კომპანიაა. მისი მიზანია, ორგანიზაციებს სხვადასხვა სერვისის სახით მიაწოდოს პრემიუმკლასის თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული ადამიანური კაპიტალის მართვის სისტემები. Linton Group-ი უზრუნველყოფს, კომპანიებმა მყისიერად მიიღონ დამუშავებული სტატისტიკური ინფორმაცია, გააუმჯობესონ შიდაკომუნიკაციის პროცესი და აქციონ ის სტრატეგიულ პრიორიტეტად. მოქნილად და ეფექტურად მართონ თანამშრომელთა შერჩევის პროცესი და შესაბამისი ეტაპები, შეაფასონ და წაახალისონ თანამშრომლები, ეფექტურად წარმართონ თანამშრომელთა განვითარებისა და ტრენინგების პოლიტიკა.

ამ ეტაპზე, Linton Group კომპანიებს სთავაზობს „ტალანტების შერჩევის პროგრამას“, რომელიც მოიცავს ყველა რეკრუტინგული ბიზნესპროცესის მართვას, დაწყებული ვაკანსიის გამოცხადებიდან, დასრულებული თანამშრომლის დაქირავებამდე.

კომპანიის სამომავლო გეგმებსა და გამოწვევებზე Venue. კომპანიის თანადამფუძნებლებს, გენერალურ დირექტორ უჩა ოთინაშვილსა და აღმასრულებელ დირექტორ ნანი კობახიძეს ესაუბრა.

როგორ მიხვედით ამ სტარტაპის იდეამდე?

კომპანია 2019 წლის ივლისში დაარსდა, თუმცა ბაზარზე პოსტპანდემიური პერიოდიდან გამოვჩნდით აქტიურად და აღსანიშნავია, რომ კომპანიამ პროდუქტის გაშვებიდან ძალიან მცირე დროში მოიპოვა სანდოობა და შესაბამის სფეროში ძალიან კომპეტენტური ადამიანების მხარდაჭერა და თანადგომა.

მსოფლიოს მასშტაბით სულ უფრო მეტი ორგანიზაცია ცდილობს, დანერგოს თანამედროვე ტექნოლოგიები ორგანიზაციის ადამიანური კაპიტალის მართვის პროცესებში, რაც, თავის მხრივ, დაუზოგავს დანახარჯებს და გაზრდის თანამშრომელთა პროდუქტიულობას.

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში და მის მეგობარ ბევრ ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არსებობს სრულყოფილი, კომპლექსური და ხელმისაწვდომი HCM (Human Capital Management) სისტემები და სტანდარტები, ამავდროულად, კომპანიის დამფუძნებლების მრავალწლიანი დაკვირვებისა და საკითხის სიღრმისეული შესწავლის საფუძველზე, გადავწყვიტეთ, რომ აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით, შეგვექმნა ერთიანი Human Capital პლტაფორმა, რომელიც მოიცავდა სხვადასხვა სერვისს.

რა პრინციპით შეარჩიეთ სახელი?

კომპანიის სახელზე ნამდვილად ბევრი ვიფიქრეთ, გვინდოდა ყოფილიყო შინაარსობრივ თანხვედრაში ჩვენს საქმიანობასთან. აღმოვაჩინეთ, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში არის ე.წ “ლინტონის პანელი”, უძველესი კლდის ნატეხი, რომელიც ინახება მუზეუმში. მასზე არის მოხატული უძველესი ადამიანების კოლექტიური თანაცხოვრებისა და მუშაობის პროცესი, პირველი კომუნების ჩამოყალიბება, ერთიანობა. შინაარსობრივად იმდენად საინტერესო ინფორმაციის მატარებელია ეს ილუსტრაცია, რომ რესპუბლიკის გერბზეც არის გამოსახული. ხოლო თავისი არსით, პანელზე გამოსახული პროცესი ნამდვილად თანხვედრაშია ჩვენი კომპანიის იდეოლოგიასთან.

რამდენი ადამიანი მუშაობს ამ პროექტზე?

კომპანიას ჰყავს ორი დამფუძნებელი: უჩა ოთინაშვილი და ნანი კობახიძე. ორივეს გვაქვს მრავალწლიანი გამოცდილება, როგორც ადამიანური კაპიტალის, ბიზნესის მართვისა და ადმინისტრირების მიმართულებით, ასევე ინფორმაციული ტექნოლოგიების პროცესების მართვის კუთხით.

უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ კორპორაციულ კულტურას, მთავარ ფასეულობად მაღალი პროფესიონალიზმი მიგვაჩნია, მიზნის მისაღწევად ჩვენს გუნდს ვაკომპლექტებთ კვალიფიციური ადამიანური კაპიტალით, რომლის მიზანია, შექმნას ეფექტური და საიმედო, მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქტი და სერვისები.

პერიოდულად ვთანამშრომლობთ დარგის ექსპერტებთან. ასევე გვყავს სოლიდური ადგილობრივი თუ საერთაშორისო პარტნიორები, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი საზოგადოებრივი ნდობით.

რა სირთულეები შეგხვდათ სტარტაპზე მუშაობის პერიოდში?

ყველაზე დიდ სირთულეს წარმოადგენს პლატფორმის პოტენციური მომხმარებლების საჭიროებების წინასწარ განსაზღვრა, რადგან ყველა კომპანიას სპეციფიური მიდგომა აქვს HR პროცესების მართვაში, თუმცა პლატფორმა საკმაოდ მოქნილია ცვლილებებისადმი.

ვინ არის თქვენი მთავარი კონკურენტი?

დღესდღეობით არსებობს საქართველოში HR პროგრამები, თუმცა ჩვენი პლატფორმა არ მიჰყვება სტანდარტული HR პროგრამის ხაზს. ჩვენ ვქმნით პლატფორმას, რომელზეც დაშენდება სხვადასხვა მცირე ზომის მოდულები და კომპანიები გამოიყენებენ იმ მოდულს, რომელიც აკმაყოფილებს კონკრეტულად მათ ინტერესებს.

რით არის თქვენი სტარტაპი გამორჩეული? რა არის ის ნიშა, რაც პროექტის ინდივიდუალურობას უსვამს ხაზს?

ვფიქრობ, პლატფორმის ასეთი პრინციპით წარმოჩენა როგორიცაა Cloud-Based SaaS (Software as a Service) მიდგომა, განსაზღვრავს ჩვენს ინდივიდუალურობას. მომხმარებელი არ ყიდულობს პროგრამას, არ აინსტალირებს არაფერს, ყველაფერი არის Cloud-ზე. რეალურად, მომხმარებელი ქირაობს უფლებას პლატფორმაზე წვდომისთვის, რაც საგრძნობლად ამცირებს მის ფინანსურ ხარჯებს. ამასთანავე, სისტემა არის მოდულარული ტიპის, რაც მომხმარებელს აძლევს საშუალებას, ისარგებლოს მხოლოდ იმ მოდულით, რომელიც მას სჭირდება.

რა არის აუცილებელი იმისთვის, რომ სტარტაპი წარმატებული გახდეს?

პირველ რიგში, რწმენა იდეის და საკუთარი შესაძლებლობების. ასევე, გულდასმით შერჩეული გუნდი მნიშვნელოვანი კომპონენტია წარმატებისკენ მიმავალ გზაზე. ვფიქრობ, მცირედი შეცდომების დაშვებაც სასარგებლოა, თუ ეს შეცდომები გვასწავლის სწორი ნაბიჯების გადადგმას.

როგორ ფიქრობთ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი სტარტაპის დაწყების დროს: იდეა, ადამიანური რესურსი თუ დაფინანსება?

ვფიქრობ, სამივე კომპონენტი მნიშვნელოვანია, თუმცა იდეის გარეშე, დანარჩენ ორს აზრი ეკარგება. პირადი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ ჩვენ მხოლოდ იდეით დავიწყეთ და დიდი ხნის განმავლობაში არ გვქონდა წვდომა ადამიანურ რესურსსა და ფინანსებზე, მაგრამ ამას არ შეუშლია ხელი იდეის განხორციელებაში.

დაფინანსება მოიპოვეთ თუ საკუთარი ხარჯებით დაიწყეთ საქმიანობა?

საქმიანობა დავიწყეთ საკუთარი ხარჯებით. დაფინანსების მოპოვებას სჭირდება დრო და ბევრი რესურსი. ჩვენს შემთხვევაში, სწორედ დრო იყო ჩვენი ყველაზე დიდი “მტერი”, რადგან როდესაც გაქვს იდეა, მნიშვნელოვანია მისი სწრაფად განხორციელება, რომ აქტუალურობა არ დაკარგოს.

აპირებთ თუ არა ბიზნესის გაფართოებას?

პროდუქტი, რომელსაც ქმნის ჩვენი კომპანია, საქართველოს გარდა, გათვლილია საერთაშორისო ბაზრისთვის. საწყის ეტაპზე, ჩვენი უცვლელი მიზანია, მაქსიმალურად წარვუდგინოთ ქართული ტექნოლოგიური პროდუქტები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს. თუმცა ჯერჯერობით საქართველოს ბაზარზე არსებულ კომპანიებს გვსურს, შევთავაზოთ მაქსიმალურად კომფორტული პლატფორმა.

რა გჭირდებათ იმისთვის, რომ ბიზნესი გააფართოვოთ?

არსებული ბიზნესის ზრდა უპირობოდ დამოკიდებულია ფინანსების მოზიდვაზე. ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს საზღვარგარეთ არსებულ პარტნიორ კომპანიებთან თანამშრომლობა. ახლა სწორედ ამ ეტაპს გავდივართ.

თქვენი გეგმა რა არის მოკლევადიან და გრძელვადიან პერიოდში?

უახლოესი გეგმა არის, რომ მაქსიმალურად ავითვისოთ ქართული ბაზარი და სრულად მოვარგოთ პლატფორმა ქართველ მომხმარებლებს. ძალიან გვინდა, რომ ტექნოლოგიურმა შესაძლებლობებმა განვითარების ახალ ეტაპზე აიყვანოს HR სფერო. ამის შემდეგ უკვე თამამად შეგვიძლია, ამაყად წარვუდგინოთ პროდუქტი საზღვარგარეთ მოღვაწე კომპანიებს.

რა რჩევას მისცემდით იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა იწყებენ თავიანთი იდეის სტარტაპად გადაქცევას?

ნეგატიურ რჩევებს, რომლებსაც აკლიათ დასაბუთება, არ მოუსმინონ. იდეა თუ კარგია, ოდესღაც მას ვინმე მაინც გააკეთებს, სჯობს ეს თქვენ იყოთ, ამიტომ არ დანებდეთ და პოზიტიური გზებით ეძიეთ ყველა საშუალება, რაც მიიყვანს იდეას განხორციელებამდე.

კომპანია Linton Group-ს შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ ელ-ფოსტაზე: : [email protected]

ან სოციალურ ქსელში

Facebook : https://www.facebook.com/Linton-Group-109260757207514/
Linkedin: https://www.linkedin.com/company/linton-group-official/

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

iHomePedia – ვირტუალური რეალობა, რომელიც შენი სახლის პოვნაში გეხმარება

სად შემიძლია ვიმუშაო – Co-working ადგილები თბილისში