იმისთვის, რომ შოპინგი ბევრად უფრო გამარტივდეს, საქართველოში ავტომატიზებული ტექნოლოგია ინერგება. წარმოიდგინეთ მაღაზია მოლარის გარეშე, სადაც შეხვალთ ურიკითა და სენსორზე თითის დადებით, აიღებთ სასურველ პროდუქტს, მოათავსებთ კალათაში, გასასვლელში კი, ჭკვიანი ბარიერი დაგხვდებათ, სადაც სენსორზე თითის დადებით დაგიანგარიშდებათ თანხა და გადაიხდით. მოკლედ, არც რიგი, არც ლოდინი, არც ხალხმრავლობა.
ამ ინოვაციური წარმოწყების შესახებ „ვენიუს“ დავით თოფჩიშვილი – FINA-ს დირექტორი ესაუბრა.
- ზოგადად, მაღაზიის კონცეფცია რომ გაგვაცნოთ.
მაღაზიის მთავარი კონცეფცია სიმარტივესა და კომფორტზე დაფუძნებული ,,შოპინგია“. 21-ე საუკუნეში საყიდლებზე სიარული არ უნდა წარმოადგენდეს დისკომფორტს, მასში არ უნდა ვხარჯავდეთ ჩვენი დროის მნიშვნელოვან ნაწილს. ტექნოლოგიები დღითი დღე ვითარდება და მაშინ, როდესაც გვაქვს საშუალება, რატომაც არ უნდა გამოვიყენოთ ის.
NOKA – ავტომატიზებული ტექნოლოგია შეიქმნა სუპერმარკეტებისთვის, რაც გულისხმობს ვაჭრობას მოლარის გარეშე. კერძოდ, მომხმარებელი შედის სავაჭრო სივრცეში, აგროვებს სასურველ პროდუქტებს, რის შემდეგაც, გასასვლელში იხდის საკრედიტო ბარათით ავტომატურად გამოთვლილ და მონიტორზე გამოტანილ თანხას, ყოველგვარი მოლარის ან პროდუქციის დასკანერების გარეშე.
- საიდან გაჩნდა იდეა? – წინასწარ შეისწავლეთ თუ არა სხვა მსგავსი მოდელები?
დაგვეთანხმებით, საკმაოდ არაკომფორტულია მარკეტში რიგში დგომა, განსაკუთრებით, დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ და მაშინ, როცა რამდენიმე პროდუქტის შეძენა გსურთ, ამ დროს კი, თქვენ წინ სავსე კალათით რამდენიმე ადამიანი დგას რიგში. ამიტომაც ვიფიქრეთ, რატომაც არ შეიძლება საყიდლებზე სიარული გახდეს სასიამოვნო. მარტივად აიღო რაც გსურს, მოათავსო კალათში, გადაიხადო და დატოვო მაღაზია. ამ იდეით შეპყრობილებმა წელს, აგვისტოში, პირველი მოდელი შევქმენით, ხოლო ახლახან უკვე შიდატესტირება დავიწყეთ. ამ ყველაფერს არსებული პანდემიური მდგომარეობაც დაერთო და მსგავსი ტექნოლოგიის მარკეტის არსებობის საჭიროება გასცდა მხოლოდ კომფორტის ზონას, ფაქტობრივად, საჭიროც გახდა. მსგავსი ტიპის მარკეტში დაყოვნების დრო მინიმუმამდეა დაყვანილი, შესაბამისად, მეტწილად თავისუფალი სივრცეა, არ გაქვს შეხება მოლარესთან, რომელსაც დღის განმავლობაში ათასობით სხვა კონტაქტი ჰყავს და შეხება აქვს ნაღდ ფულთან. მოკლედ რომ ვთქვათ, კომფორტისა და საჭიროების შერწყმით მივიღეთ ტექნოლოგია, რომელიც უკონკურენტოა საქართველოს ბაზარზე და დარწმუნებულები ვართ მოსახლეობა და ვაჭრობის სფერო მალევე აიტაცებს მას, რაც შეეხება უცხოურ ბაზრებს, არსებობენ კონკურენტები, თუმცა ჩვენი ტექნოლოგია არის სრულიად უნიკალური და არცერთი კონკურენტის ზუსტ ანალოგს არ წარმოადგენს.
სხვა ანალოგიურ სისტემებთან შედარებით, როგორიცაა, მაგალითად, Amazon Go, ასევე, AiFi, Zippin, Sensei და სხვა, NOKA ტექნოლოგიაში არ არის გამოყენებული კამერები ანუ არ ხორციელდება მომხმარებლის ბიომეტრიული და პროდუქტების გრაფიკული ამოცნობა, რაც საგრძნობლად ამცირებს პროექტის ფასს და არ საჭიროებს მძლავრ სერვერებს ამოცნობის რთული პროცესის დასამუშავებლად. ასევე, ტექნოლოგია არ არის დაფუძნებული თვითმომსახურების სისტემაზე, სადაც მომხმარებელს თვითონ უწევს პროდუქციის დასკანერება.
- რამდენად არის ქართველი მომხმარებელი მზად მსგავსი სერვისისთვის?
ასე ვთქვათ, რასაც არ შესთავაზებ ადამიანს და არ გააცნობ, ვერასდროს იქნება მისთვის მზად. გარკვეულწილად, ცნობიერება ამ კუთხით უკვე ამაღლებულია. ადამიანები, ვინც ბევრს მოგზაურობენ, ევროპის გარკვეულ ქვეყნებში აუცილებლად შეხვდებოდნენ დაახლოებით მსგავსი მოდელის სავაჭრო ობიექტებს, შესაბამისად, მათთვის უფრო მარტივი მისაღები იქნება ეს სიახლე. რა თქმა უნდა, არსებობენ ისეთი მომხმარებლებიც, ვინც „შოპინგის“ ტრადიციულ მოდელს ამჯობინებს, ეს მათი არჩევანია, თუმცა იმაში დარწმუნებულები ვართ, რომ, დროსთან ერთად, NOKA ტექნოლოგია ძალიან აქტიურად შემოვა მომხმარებლების ცხოვრებაში.
- თუ გაქვთ განსაზღვრული, რა რისკები შეიძლება ჰქონდეს ამ წამოწყებას?
ამ ეტაპისთვის, ერთადერთ მთავარ გამოწვევად, პროექტის მიმართ ადამიანების დამოკიდებულება რჩება. მოგეხსენებათ, საქართველო მაინცდამაინც არ გამოხატავს ხოლმე სიახლეებისადმი მზაობას. ბევრს ჰგონია, რომ აღნიშნული ტექნოლოგია გამოიწვევს ადამიანური რესურსის შემცირებას და გაზრდილ უმუშევართა რიცხვს, თუმცა, პირიქით, NOKA ტექნოლოგია შეიქმნა მომხმარებლების ინტერესებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით, მათთვის საყიდლების პროცესის შესამსუბუქებლად და არა დასაქმებული პერსონალის ტექნოლოგიებით ჩასანაცვლებლად.
- როგორც ვიცით, ამ ეტაპზე ექსპერიმენტული მარკეტის მოდელი გაქვთ – როდის აპირებთ ოპერირების დაწყებას?
დიახ, ამ ეტაპზე ექსპერიმენტული მარკეტი უკვე არსებობს და შიდატესტირებას გადის. მომხმარებლებისთვის მარკეტის გახსნას 2021 წლის თებერვლიდან ვგეგმავთ.
- გუნდი, რომელიც ამ ყველაფერზე მუშაობს.
პროექტზე კომპანია FINA-მ იმუშავა. FINA 2011 წლიდანაა საქართველოს ბაზარზეა და ამ დრომდე 3 500 კომპანიას გაუმარტივა ბიზნესის მართვა სხვადასხვა ტიპის პროგრამული უზრუნველყოფის დახმარებით. ჩვენი მომხმარებლების უმეტეს ნაწილს სწორედ სავაჭრო და კვების ობიექტები წარმოადგენენ.
- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
მას შემდეგ, რაც შიდატესტირება დასრულდება და მომხმარებლებისთვის რეალურ მარკეტს გავხსნით, ტექნოლოგიას უკვე მცირე, საშუალო და მსხვილ სავაჭრო ობიექტებს წარვუდგენთ. ამას გარდა, ძალიან მალევე ვგეგმავთ საერთაშორისო ბაზრის ათვისებასაც.
Loading…