„სხვა გზა არ არის“ – წარმატებული ადამიანები სხვადასხვა სფეროდან გვიყვებიან თავიანთი ცხოვრების ყველაზე რთული ეპიზოდის შესახებ, რომელიც წარმატებით გადალახეს და იმაზე უფრო ძლიერები და წარმატებულები გახდნენ, ვიდრე ამ რთულ ეპიზოდამდე იყვნენ. პროექტის მიზანია, მოტივაცია მივცეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა გადიან კარიერაში რთულ პერიოდს.
რუბრიკის დღევანდელი მთხრობელი, არტ დაირექტორი და Miami Ad School Berlin-ის სტუდენტი ხატია ნოდიაა. მისი ცხოვრება მრავალფეროვნებით გამოირჩევა, ერთ დროს ეკონომისტი, კრეატიულ სამყაროში აღმოჩნდა და როგორც თავად ამბობს, ბევრი დევის დამარცხება მოუწია, რათა საკუთარი თავი ახლიდან აღმოეჩინა. ეს ბრძოლა ახლაც გრძელდება, რაც უდავოდ, საინტერესო გამოცდილებების ერთ დიდ კრებულად ყალიბდება. ჰოდა, რაღა დაგრჩენიათ, გარდა იმისა, რომ ამ საინტერესო გამოცდილებას დაეწაფოთ.
…
ხატია ნოდია: როგორღაც ისე აღმოჩნდა, რომ სხვა გზის არ ქონა ჩემი საყვარელი სპორტია ცხოვრებაში. ხანდახან ძალითაც ვიქმნი ისეთ გარემოს, სადაც რაღაც შეუძლებლის წინაშე ვდგავარ და უკან წასასვლელი აღარ მაქვს. აი, ეგ არის ის დრო ციხესიმაგრეს რომ ვანგრევ და ცხრათავიან დევს ვებრძვი, მერე მისგან წარმოქმნილ დეპრესიას ვლახავ და მერე თუ დრო მაქვს, უკანაც ვიხედები რომ დავრწმუნდე – გამომივიდა თუ არა.
ჯერ კიდევ ეკონომისტი ვიყავი „მაიამი ედ სქულს“ რომ მივაგენი კრეატიული სკოლების ჩამონათვალში, რომელთაგანაც უმრავლესობაში მხოლოდ არტ დიპლომის ქონის შემთხვევაში გაძლევდნენ აპლიკაციის გაგზავნის შესაძლებლობას. მაშინვე მივწერე სკოლას, და ასე დაიწყო ჩემი ნელი გარდაქმნა სხვა უცნაური ადამიანიდან საკუთარ მეობამდე. ისე, მგონი ეგ გარდმოქმნა უფროა.
უკვე მიხვდებოდით რომ, სხვა გზის არ ქონა, თუ ჩემი საყვარელი სპორტია, შესაბამისად, ბევრჯერ ჩამიგდია საკუთარი თავი მგლის ხახაში. იმედი იყო ის, რაც მაძლებინებდა. აი, ის იმედი თითქმის არასდროს რომ დამიკარგავს. “თითქმის”, იმიტომ რომ ერთხელაც თავი იმხელა რაღაცის წინაშე დავაყენე, რომ სადღაც შუა გზაში, სირთულის პიკში, იმედიც შემომეკარგა. სხვათა შორის დღეს, ამ წამსაც ზუსტად ამ საყვარელ სპორტში ვარ. ახლო მომავალს ვერც კი ვხედავ, თუმცა ერთი ვიცი, მომავალში თუ ისევ მენდომება, შორი მომავალი აუცილებლად დიდი იქნება და ამ გზაზე კიდევ ბევრ სიბნელეში დავიკარგები.
ისე ამ გზაზე უსუსურობის შეგრძნება ყველაზე დამანგრეველია და თან მაგ დროს ტვინი იმდენად გადაღლილია საკუთარი თავის დაკნინებით რომ იმასაც ვერ ახერხებ უკან გაიხედო და გაიაზრო რა მდგომარეობებიდან გამომძვრალხარ. საბოლოოდ თუ მოახერხებ და გაიხედავ, აი, მაშინ გეშვება.
მგონი, ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო, ერთ დროს რომ გამოვდგი ფეხი საკუთარი კანიდან და ყველაფერი ახალი არაფრიდან დავიწყე.
ხოო.. ამ თამაშში ერთი ცუდი თვისება მაქვს, მიზანს რომ დავისახავ, თუ 100%-ით ჩემი ძალებით არ აღვასრულე – არ ითვლება.
ადამიანებს ვეტყოდი რომ …
იღბალი არ არსებობს. ან არსებობს, მაგრამ აუცილებლად რაღაც მიზეზით მოდის.
ყოველ ჯერზე როცა მეუბნებიან, როგორი იღბლიანი ვარ, თვალწინ მიდგება ყველა გათენებული ღამე, ყველა ცრემლი და ყველა შფოთვა, რაც გადამივლია, მერე ვიღიმი, თავს ვუქნევ და არც კი ვცდილობ ავხსნა, სად გადის მწარე ზღვარი იღბალსა და თავდაუზოგავ შრომას შორის.
მაგრამ ვიღაც რომ მეუბნება როგორ გიმართლებსო, აი, მაშინ შეიძლება ავფეთქდე :)))
ვთვლი, რომ წარმატებისთვის არასდროს მიმიღწევია, იმიტომ რომ ჩემთვის წარმატება რაღაც სულ სხვაა, ყველაფერი დანარჩენი რაც გამიკეთებია ჩემი ინსტრუმენტებია, რაღაც უფრო დიდისკენ. „მაიამი ედ სქულიც“ ერთ-ერთი მცირე ინსტრუმენტთაგანია ჩემს ახალ სამყაროში.
არამგონია ცხოვრებაში არსებობდეს რაღაც ან ვიღაც ვისთვისაც იმედის გაცრუების მეშინია, და თუ არსებობს, მგონია, რომ უკვე გავუცრუე, თუმცა იმაში დარწმუნებული ვარ, რომ მე ვარ საკუთარი თავის ყველაზე დიდი იმედიც და იმედგაცრუებაც.
რთულმა გამოცდილებებმა დამანახა რომ …
პირადად ჩემთვის უღირსი ადამიანის სტატუსი არცერთ წარმატებად არ ღირს. სტატუსი ცოტა არასწორად ჟღერს, თითქოს ვინმეს აზრი იყოს მნიშვნელოვანი, უბრალოდ საკუთარი თავის იმ დონზე შენარჩუნება სადაც ვთვლი, რომ ჩემ თვალში ჩემი თავი ღირსეული ადამიანია ყველაზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია. ნეტა, აი, ის ადამიანები მე რომ უღირსად მიმაჩნია საკუთარ თავს როგორ ხედავენ. მაგრამ სჯობს რამე უფრო საინტერესოზე ვიფიქრო.
ერთი რამ რაც ზუსტად ვიცი. არასდროს არავის რჩევა ბრმად არ უნდა მივიღო. ინტერესით ვუსმენ ყველას, მერე ვიკეთებ მათ სათვალეს და მათ რჩევას მათივე გადმოსახედიდან ვაანალიზებ. შემდეგ კი ვცდილობ გავიაზრო, საიდან მოვიდა ეს რჩევა და მხოლოდ ამის შემდეგ მოვარგო ჩემს ისტორიას. კარგი ადამიანების კარგი რჩევები გზაზე გვაყენებენ, უნდა მოვუსმინოთ, თუმცა ვიცოდეთ რომ ეს ის გზაა მათ რომ მოგვარგეს, რაც არ ნიშნავს რომ აუცილებლად იქ მიგვიყვანს, სადაც ჩვენ გვინდა.
უნივერსალური ფორმულა, რაც ყველას ერგება, არ არსებობს. მგონია რომ სხვისი გზით თუ ივლი, შენს მიზანს დაკარგავ სამყაროში.
ჰო და კიდევ, – არ დანებდე, რომც გეგონოს რომ კვდები, არ დანებდე. უბრალოდ, აცადე საკუთარ თავს, რომ მოკვდე. მეორე დღეს უკეთ გაიღვიძებ.
სულ მჯეროდა და ახლაც მჯერა საკუთარი თავის. იმ თავის, რომელსაც შეუძლია დაანახოს სხვა ადამიანებს, რომ მისი ნდობა შეიძლება და ის ადამიანებიც თავის წილ ნდობას გაუზიარებენ მას. ძალიან მადლობელი ვარ რამდენიმე ადამიანის, რომლებმაც ზუსტად ასე გამიზიარეს თავიანთი წილი ნდობა და ცხოვრების სხვადასხვა ეტაპებზე ერთი სამყაროდან სადღაც ახალ, უცნობ სამყაროში გადამისროლეს.
Loading…